25 მაისი, 2023 წ.
მაიამი (AP) – ოთხშაბათს ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში ჩაერთო და რესპუბლიკელთა პრაიმერიზში მონაწილეობა გადაწყვიტა.
44 წლის რესპუბლიკელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის ფედერალურ სააარჩევნო კომისიაში განაცხადა, სანამ „ტვიტერის“ (Twitter) აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკთან ონლაინ საუბარს გამართავდა.
ერთ დროს ნაკლებად ცნობილი კონგრესმენი 2019 წელს ფლორიდის გუბერნატორად აირჩიეს, შემდეგ კი რასობრივ, გენდერულ და აბორტის საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიციით პოპულარობა მოიხვეჭა. დესანტისი რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩევა. ამის მიუხედავად, ფლორიდის გუბერნატორმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის ამომრჩევლთა შორის იმით, რომ უფრო ახალგაზრდაა და თეთრ სახლში დაბინავების მეტი შანსი აქვს, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს.
დესანტისი რესპუბლიკურ პარტიაში ერთ-ერთი უძლიერესი კანდიდატია, რომელსაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან საპრეზიდენტო სადავეების გადაბარება შეუძლია. რესპუბლიკელთა თქმით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ქვეყანა ულტრამემარცხენე რელსებზე გადაიყვანა. 80 წლის ბაიდენმა ვერაფერი მოუხერხა ინფლაციას, იმიგრაციასა და დანაშაულს.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ბაიდენს 2024 წლის ნოემბერში გასამართ საყოველთაო არჩევნებზე დაუპირისპირდება.
რესპუბლიკურ პარტიაში დესანტისის კონკურენტები არიან: დონალდ ტრამპი, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, სენატორი სამხრეთი კაროლინიდან ტიმ სკოტი, არკანზასის შტატის ყოფილი გუბერნატორი ასა ჰაჩინსონი და ამერიკელი მეწარმე ვივეკ რამასვამი. რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც ითვლება, თუმცა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ განუცხადებია.
დესანტისმა, რომელიც, სავარაუდოდ, ტრამპის მხარდაჭერის გარეშე ფლორიდის გუბერნატორი ვერ გახდებოდა, ყოფილი პრეზიდენტისგან ცეცხლოვანი პიროვნულობა, პოპულისტური პოლიტიკა, რიტორიკა და მანერებიც კი აითვისა. თუმცა დესანტისს აქვს ის, რაც არ აქვს ტრამპს: რწმენა, რომ მას გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც სამართლებრივი პრობლემები აქვს და როგორც რესპუბლიკელთა ლიდერმა ზედიზედ სამი არჩევნები წააგო.
დესანტისმა სულ რაღაც ექვსი თვის წინ ფლორიდის შტატის გუბერნატორის სავარძელი მეორედ დაიკავა და დემოკრატ კონკურენტს 19 პროცენტით აჯობა. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებულ საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვებაც მოიპოვა.
თვეების განმავლობაში ტრამპი დესანტისის პოლიტიკური იმიჯის შელახვას ცდილობს, რადგამ კარგად იცის, რომ ფლორიდის გუბერნატორი ამომრჩეველთა ყურადღებას იზიდავს. ტრამპი და მისი გუნდი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისას ტრამპს მხოლოდ დესანტისი შეუქმნის საფრთხეს.
განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპი სოცმედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ამტკიცებდა, რომ „რონ დესანქტუსი“ საყოველთაო არჩევნებში ან პარტიის პრაიმერიზის არჩევნებში კონგრესში მოპოვებული ხმების გამო ვერ გაიმარჯვებს. დესანტისს ტრამპის მოკავშირეებიც ებრძვიან.
დესანტისი, რომელიც კონკურენტების მხრიდან არც მეტსახლების შერქმევასა და თავდასხმებს უჩივის, ფლორიდაში მძიმეწონოსან პოლიტიკოსად ითვლება და Fox News-ის ხშირი რესპონდენტია, თუმცა მოკავშირეები აღიარებენ, რომ სხვა შტატებში ამომრჩეველთა უმეტესობა მას კარგად არ იცნობს.
ფლორიდის მკვიდრი რონ დესანტისი, რომლის ოჯახური ფესვები შუა დასავლეთიდან (Midwest) იღებს სათავეს, იელის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ბეისბოლს თამაშობდა. შემდეგ იყო ჰარვარდის სამართლის სკოლა. დესანტისი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო-იურიდიული სამსახურის უფროსად დანიშნეს. იბრძოდა ერაყში, მუშაობდა გუანტანამოში.
2012 წელს დესანტისი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. მისი მეგობრები და მტრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დესანტისი მთელი ძალთ ცდილობს წინასაარჩევნო ქარიზმისა და სწრაფი აზროვნებისა წარმოჩენას, რაც ხშირად განსაზღვრავს კანდიდატების წარმატებას. იგი თავს არიდებს დაუგეგმავ საჯარო გამოსვლებს და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრას.
პოტენციური მხარდამჭერები შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ დესანტისმა უარი თქვა პარტიის ლიდერებთან ან არჩეულ თანამდებობის პირებთან ურთიერთობაზე, რაც მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, შექმნის კი კოალიციას, რომლის დახმარებითაც საბოლოოდ დაამარცხებს ტრამპს. ამის საპირისპიროდ ტრამპმა, რომელიც ბევრად უფრო პრეზენტაბელურია, მთავარ შტატებში, მათ შორის ფლორიდაში, მხარდამჭერთა არმიას მოუყარა თავი.
პრაიმერიზის გარდა, დესანტისის ყველაზე დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს ულტრამემარჯვენე პოლიტიკა, რომელიც მან გუბერნატორობისას გაატარა. დესანტისი ამ პოლიტიკას „ვიუკიზმის“ წინააღმდეგ ომს უწოდებს.
ფლორიდის გუბერნატორმა ტეხასის შტატიდან ათობით ემიგრანტი გაგზავნა მასაჩუსეტსის შტატის სანაპიროს მახლობლად მდებარე ‘მართას ვინიარდში’, რათა ყურადღება გაემახვილებინა სამხრეთამერიკელ ემიგრანტებზე, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ.
დესანტისმა ხელი მოაწერა და შემდეგ გააფართოვა კანონპროექტი „განათლების სფეროში მშობლის უფლებების შესახებ“, რომელსაც კრიტიკოსებმა უწოდეს კანონი „არ თქვა გეი“, რომელიც ფლორიდის საჯარო სკოლებში ლგბტქ+ საკითხების სწავლებას ან საკლასო დისკუსიას კრძალავს. აკრძალვა ყველა კლასს ეხება.
ფლორიდის გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ექვს კვირამდე აბორტის გაკეთებას კრძალავს, ანუ მანამდე, სანამ ქალების უმეტესობა გააცნობიერებს, რომ ორსულად არის. დესანტისმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა არჩეული პროკურორი, რომელმაც პირობა დადო, რომ ბრალს არ წაუყენებდა აბორტთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების ქვეშ მყოფ ადამიანებს ან ექიმებს, რომლებიც სქესის შეცვლას უზრუნველყოფენ.
2023 წელს დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ფლორიდის მცხოვრებლებს ნებართვის გარეშე ფარულად ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას აძლევს. ექსპერტების აზრით, ის ღონისძიებები, რომლებიც დესანტისმა წამოიწყო, პრესის თავისუფლებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ფლორიდის გუბერნატორმა ლიბერალური ხელოვნების კოლეჯზეც დაამყარა კონტროლი, რომელიც, მისი აზრით, სტუდენტებს მემარცხენე იდეოლოგიით წამლავდა.
დესანტისმა ფლორიდაში მდებარე „დისნეის“ წინააღმდეგაც გაილაშქრა, რომელიც საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა კანონს „არ თქვა გეი“. შურისძიების მიზნით დესანტისმა ხელში ჩაიგდო „დისნეი უორლდის“ (Disney World) მმართველ ორგანოზე კონტროლი და თავისი ერთგული ქვეშევრდომები დანიშნა, რომლებიც იმუქრებიან, რომ სხვა საგანგებო ზომებთან ერთად პარკის დაგეგმარებას თავის თავზე აიღებენ. თავად დესანტისი პარკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ციხის აშენებით იმუქრებოდა.
გავლენიანმა ბიზნესმენებმა და მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯები მისი მთავრობის განცხადებულ კონსერვატიულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.
ოთხშაბათ დილით ფლორიდის შტატის დედაქალაქ ტალაჰასიში შტატის შეწყალების საბჭოს სხდომაზე დესანტისმა ათწლეულების წინ ნარკოდანაშაულებში ბრალდებული რამდენიმე პატიმარი შეიწყალა.
„თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა შეწყალებულმა პირმა.
მომღიმარე დესანტისმა ჩაიცინა და მადლობა გადაუხადა.