პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

დემოკრატია გითვალთვალებთ: დიდი ბრიუსელი გითვალთვალებთ

0

ევროკომისიის განცხადებით, მისი შორსმიმავალი ციფრული სერვისების აქტი (DSA) „უფრო კარგად დაიცავს ინტერნეტმომხმარებლებს და უზრუნველყოფს მათს ძირითად უფლებებს“.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებს შიფრავთ, ყველაფერი თავდაყირა დგება. სინამდვილეში DSA-ი ადამიანის ყველაზე „ძირითად უფლებას“ – სიტყვის თავისუფლებას – ესხმის თავს. ევროკომისია ემზადება, რომ თავისი ახალი უფლებამოსილებით მილიონობით „მომხმარებლის“, რომლებსაც სხვაგვარად ევროპელი ხალხების სახელით მოიხსენიებენ, დემოკრატიულ უფლებებს გამოუთხაროს ძირი.

ნათელია, რომ ევროპული დემოკრატია ციფრული სერვისების აქტისა და ბრიუსელში მოკალათებული ტექნოკრატიისგან „უკეთეს დაცვას“ საჭიროებს.

DSA-ით ევროკომისია გააკონტროლებს და აკრძალავს პოპულისტური და მემარჯვენე პარტიების იმ შეხედულებებს, რომლებიც ბრიუსელის მსოფლმხედველობას არ შეესაბამება, ამ ყველაფერს კი „სიძულვილის ენისა“ და „დეზინფორმაციის“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ახსნის. 30 სექტემბერს სლოვაკეთში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ონლაინცენზურის ახალი სისტემის შემოწმებისთვის გამოიყენებენ. უფრო დიდი მიზანი მომავალ წელს ჩასატარებელი ევროპარლამენტის არჩევნებია.

ციფრული სერვისების აქტით ევროკომისიამ საკუთარ თავს განსაკუთრებული უფლებამოსილება გადასცა. იგი გააკონტროლებს, თუ რისი თქმის, ნახვის ან მოსმენის უფლება გვექნება ინტერნეტში. ნებისმიერი ძალიან დიდი ონლაინპლატფორმა (VLOP) ან საძიებო სისტემა, რომელსაც 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მაგალითად, ‘ფეისბუქი’, ‘იუთუბი’, ‘გუგლი’ და ‘ინსტაგრამი’, ვალდებული იქნებიან სასწრაფოდ წაშალონ ის კონტენტი (შინაარსი), რომელსაც უკანონოს, სიძულვილის ენის ან დეზინფორმაციის იარლიყს მიაწებებენ. კიდევ უფრო სწრაფად კი ის პოსტები უნდა დააცენზურონ, რომელთა შესახებაც უკმაყოფილებას Trusted Flagger-ის (სანდო მიმწოდებელი) ოფიციალური სტატუსის მქონე ორგანიზაციები გამოთქვამენ.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკომისია „დიდ ხუთეულს“ (Big Tech – ‘გუგლი’, ‘ამაზონი’, ‘ფეისბუქი’, ‘ეფლი’, ‘მაიკროსოფტი’) მკაცრ სასჯელს დააკისრებს. ჯარიმის რაოდენობა გლობალური მასშტაბით მათი წლიური შემოსავლების ექვსი პროცენტი იქნება. ‘გუგლის’ შემთხვევაში ეს დაახლოებით 16 მილიარდი აშშ დოლარია. ასეთი ჯარიმებისა და რისკების თავიდან ასარიდებლად „დიდი ხუთეული“, სავარაუდოდ, ჯერ დააცენზურებს, შემდეგ კი (ალბათ) კითხვებს დასვამს.

ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, „ციფრული სერვისების აქტი ევროკომისიას არა მხოლოდ უკანონო კონტენტის, არამედ იმ კონტენტის აკრძალვის უფლებამოსილებასაც ანიჭებს, რომელსაც არასასურველად მიიჩნევს, რადგან იგი, სავარაუდოდ, ზიანს აყენებს ‘სამოქალაქო დისკურსს’, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და სხვ.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ცენზურის დასაწესებლად ასეთ ფართო კატეგორიებს გამოიყენებენ, იქნება ეს ‘ლოკდაუნებისა’ (ჩაკეტვები) და ვაქცინაციის კრიტიკა (‘საზოგადოებრივი ჯანმრთელობა’), ევროკავშირის მიერ უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგ ხმის ამოღება (‘საზოგადოებრივი უსაფრთხოება’) ან ტრანსიდეოლოგიის მხილება (‘სამოქალაქო დისკურსი’).

ვოუკისტური ევროკომისია, რომელიც ხალხის არჩეული არ არის და არც მათ წინაშეა ანგარიშვალდებული, ტრაბახობს, რომ „დიდი ხუთეულის“ პლატფორმების უშუალო მარეგულირებელი იქნება. ეს ვითომ ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ „დამოუკიდებელი“ მარეგულირებელია, 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, რათა ყველა ერეტიკული პოსტი გააუქმოს.

ვინ გადაწყვეტს, რომ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც წაშლას ექვემდებარება, უბრალოდ საკამათოა ან „დეზინფორმაციას“ შეიცავს? ვინ გადაწყვეტს, რომ ვიღაცის გამოთქმული აზრი შეურაცხმყოფელია ან „სიძულვილის ენას“ შეიცავს და უნდა დადუმდეს?

ვინ არიან ეს Trusted Flagger-ები, რომლებიც პოსტების დაცენზურებაზე მიუთითებენ, რატომ უნდა ვენდოთ მათ? რატომ უნდა გადაგვიწყვიტონ რა გამოვაქვეყნოთ, რას ვუყუროთ ან რას მოვუსმინოთ? რომაელები ამბობდნენ: „ვინ აკონტროლებს დარაჯებს?“ უნდა აღვადგინოთ ეს მოთხოვნა. ვინ ამოწმებს „ფაქტ-ჩეკერებს“ (ფაქტების შემმოწმებლები), Trusted Flagger-ებს?

შეცდომაში არ შეგიყვანოთ იმ ფაქტმა, რომ ეს დრომოჭმული სახელმწიფო ცენზურაა. ციფრული სერვისების აქტის არაპირდაპირი სამეთვალყურეო სისტემა „დიდ ხუთეულს“ ინტერნეტის უპრეცედენტო, კანონიერი კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს, მათ უკან კი ევროკომისია დგას.

შეიძლება დიდი ძმის რეჟიმის აგრესიული ტირანიის ქვეშ ცხოვრება არ გვსურდეს, თუმცა არ შეცდეთ, დიდი ბრიუსელი გითვალთვალებთ.

მე ნუ მომისმენთ, მათ მოუსმინეთ, თუ რას ამბობენ საკუთარ თავზე. ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ცოტა ხნის წინ სილიკონის ველში გაემგზავრა, რათა Meta-ს (ყოფილი Facebook-ი) ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგსა და X-ის (ყოფილი Twitter-ი) მფლობელ ილონ მასკს ევროკავშირის ახალი წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ ლექციები წაუკითხოს. კომისარმა განაცხადა (‘მეფე ლუი XIV-ის მანერით’): „ეს მე ვარ აღმასრულებელი. მე წარმოვადგენ კანონს, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის ნების აღმსრულებელია“. უნდა აღინიშნოს, რომ არც ლეგენდარული საფრანგეთის მეფე, არც სილიკონის ველის მილიარდერები და არც ბრიუსელის ბიუროკრატები ევროპელ „ხალხს“ არ აურჩევია.

ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ დემოკრატიაზე. ევროკომისია მომავალში გასამართ საარჩევნო კამპანიებს ცენზურის დაწესების მთავარ სამიზნეებად განიხილავს.

ამის შესახებ ევროკომისარმა ბრეტონმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა: „მავნე აქტორები აქტიურად იყენებენ ონლაინპლატფორმებს საინფორმაციო გარემოს გაყალბებისთვის… განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ“. ევროკომისარმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის შეშფოთება „სოციალურ მედიაში გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით“, რომელიც სლოვაკეთში გასამართი საყოველთაო არჩევნების წინ მიმდინარეობს. ბრეტონი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ‘ფეისბუქი’ მოდერატორების ნაკლებობას განიცდის, რომლებსაც შეუძლიათ, რომ „სლოვაკეთს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში“ დაეხმარონ.

The European Conservative-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელიტას სლოვაკეთის არჩევნებში ჩარევა სურს, რათა არ დაუშვას ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოსა, და მისი პარტია „სმერის“ (Smer) გამარჯვება, რომელიც NATO-ს კრიტიკით გამოირჩევა. ყოფილი სტალინისტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში ბერლინის კედლის დაცემამდე სამი წლით ადრე გაწევრიანდა, შეიძლება არ ჰგავს დემოკრატიის მქადაგებელ პლაკატებზე გამოსახულ ბიჭუნას, თუმცა სლოვაკ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ იმის თავისუფლება, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის „მავნე აქტორების“ ჩარევისა და მათი ავტორიტარული კანონების გარეშე მიიღონ.

სლოვაკეთი მხოლოდ დასაწყისია. ციფრული სერვისების აქტს მომავალ წელს გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების წინ ონლაინდისკურსის გასაკონტროლებლად გამოიყენებენ. დიდი ბრიუსელი მალე თქვენს მახლობლად მდებარე საარჩევნო ოთახშიც შემოიჭრება.

დემოკრატიული უფლებები და სიტყვის თავისუფლება ყოველთვის განუყოფელი თავისუფლებებია. დემოკრატია არჩევის უფლებაა. როგორ უნდა გავაკეთოთ დასაბუთებული არჩევანი, თუ ყველა მხარის არგუმენტებს არ მოვისმენთ?

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიის საფუძველზე იერიშის მიტანაა. დემოკრატიის თანახმად, ადამიანები თანაბარუფლებიანი მოქალაქეები არიან, რომლებსაც თავად უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება.

ციფრული სერვისების აქტი იმ არასწორ შეხედულებაზე მიუთითებს, თითქოს „ჩვეულებრივი ადამიანები“ უმეცარნი არიან და ადვილად ექცევიან დემაგოგების გავლენის ქვეშ, ამიტომ მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ვერ ანდობ. ისინი ბავშვები არიან, რომლებსაც ბრიუსელში მოკალათებული მათზე ჭკვიანი ადამიანები ხელმძღვანელობენ. Trusted Flagger-ები ეტყვიან, სად წავიდნენ, როგორ იფიქრონ, რათა „სწორი“ გადაწყვეტილება მიიღონ, რაც წინასწარ უკვე გადაწყვეტილი აქვს მშობელ ევროკომისიას.

რთული არ არის იმის გაცნობიერება, რომ ბრიუსელისთვის ინტერნეტზე კონტროლის  უფლებამოსილების გადაცემა საფრთხის შემცველია. ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი სერიოზულ ზიანს აყენებს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას. არ მისცეთ მათ იმის საშუალება, რომ გვითხრან – ეს დეზინფორმაციაა.

საავტორო სტატია – მიკ ჰიუმი(The European Conservative) –https://europeanconservative.com/articles/commentary/democracy-watchbig-brussels-is-watching-you/