დედოლარიზაციის ტენდენციის მიუხედავად, მსოფლიოს სავალუტო რეზერვების დაახლოებით 60 პროცენტი ამერიკულ დოლარში რჩება.
ავტორი რობერტ სემენსენი, 4 აპრილი
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომი, უპრეცედენტო სანქციების საპირისპიროდ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონტროლირებული მსოფლიოს საბანკო სისტემის მეშვეობით დაწესდა – მთავარი, ამომავალი გეოპოლიტიკური აქტორები ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად შესაბამის ზომებს იღებენ.
ალტერნატიული მსოფლიო საბანკო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მოსკოვმა 2014 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც კოლექტიურმა დასავლეთმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდა და გაფართოვდა სხვა ქვეყნების თანამონაწილეობით, რომლებიც ამ სისტემაზე გადასასვლელად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ.
თითქმის უდავოა, რომ მთავარი ფაქტორი, რაც სახელმწიფოებს ამჟამინდელ მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე უარის თქმას აიძულებს, არის შეერთებული შტატების მთავრობის შესაძლებლობა და მუდამ მზარდი სურვილი, რომ დოლარი თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ იარაღად გამოიყენოს. ეს ფინანსური სისტემა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდა.
2022 წლის დასაწყისიდან რუბლი-იუანით ვაჭრობის მოცულობა რვაჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი და ირანი ოქროთი გამყარებული კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობენ, იმ იდეით, რომ აღნიშნულმა კოინმა საერთაშორისო ვაჭრობაში ანგარიშსწორებისას შეიძლება ამერიკული დოლარი ჩაანაცვლოს.
ამავდროულად, რამდენიმე დღის წინ ჩინეთი, რომელიც შეერთებული შტატების მთავარი ეკონომიკური კონკურეტია და ბრაზილია, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში უდიდესი ეკონომიკა აქვს, შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო და ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას ამერიკულ დოლარზე, როგორც შუამავალ ვალუტაზე, უარს იტყვიან. ამჟამად ეს ორი ეკონომიკური გიგანტი ორმხრივ ვაჭრობას ეროვნულ ვალუტებში აწარმოებს.
პეკინმა მსგავსი სავალუტო გარიგებები რუსეთთან, თურქეთთან, პაკისტანსა და სხვა რამდენიმე ქვეყანასთანაც დადო. ჩინეთი ამ ქვეყნების სიის გაფართოებას განაგრძობს. 2022 წლის თებერვალში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრები – ბლოკი, რომელშიც გაერთიანებული არიან ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი – შეთანხმდნენ, რომ ურთიერთვაჭრობისას უფრო მეტ უპირატესობას ეროვნულ ვალუტებს მიანიჭებენ.
მარტის ბოლო კვირაში ისტორიული ტრანზაქცია განხორციელდა, რამაც კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ამერიკული დოლარის მსოფლიო ჰეგემონობას. პეკინმა პირველი ენერგეტიკული გარიგება იუანით განახორციელა. ჩინეთმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 65,000 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) შეიძინა.
2023 წლის დასაწყისში შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) საუდის არაბეთმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის შემდეგ, შეერთებული შტატების უახლოეს მოკავშირედ ითვლება, განაცხადა, რომ ნავთობით ვაჭრობის ანგარიშსწორებისას ამერიკული დოლარის გარდა სხვა ვალუტების მიღების იდეასაც განიხილავს.
„არ არსებობს პრობლემები იმის განხილვასთან დაკავშირებით თუ როგორ მოვაგვარებთ ჩვენს სავაჭრო შეთანხმებებს, იქნება ეს ამერიკულ დოლარში, ევროსა თუ საუდის არაბეთის რიალში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მოჰამედ ალ-ჯადაანმა.
თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში ერ-რიადი ნედლი ნავთობის ექსპორტს ექსკლუზიურად ამერიკულ დოლარში აფასებს, სანაცვლოდ კი შეერთებული შტატები საუდის არაბეთს თანამედროვე სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფს.
ინდოეთი, რომელიც ასევე შეერთებული შტატების მოკავშირედ ითვლება, ჩინეთის მსგავსად, საკუთარი ვალუტის, რუპიის, ინტერნაციონალიზაციისთვის ძალისხმევა აძლიერებს, რითაც ხელს უწყობს დედოლარიზაციის ტენდენციის შემდგომ განვითარებას. 29 მარტს, ინდოეთის ვაჭრობის მინისტრმა, სუნილ ბართვალმა, ქვეყნის ახალი საგარეო სავაჭრო პოლიტიკის გასაჯაროებისას განაცხადა, რომ რუპიას იმ ქვეყნებთან ვაჭრობისას გამოიყენებენ, რომლებსაც ამერიკული დოლარის დეფიციტი ან სავალუტო კრიზისი აქვთ. მისი განცხადებით, ინდოეთსა და მალაიზიას შორის ვაჭრობა შეიძლება ინდური რუპიით განახორციელონ.
ინდოეთი რუსეთთან, მავრიკისთან, ირანსა და შრი-ლანკასთან უკვე რუპიით ვაჭრობს.
წყარო: https://is.gd/fJZ296