დასავლეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მილსადენებზე თავდასხმის შესაძლებლობას პროუკრაინული გაერთიანებები განიხილავდნენ
დაზვერვის ოფიციალური პირები და დიპლომატები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ეჭვობენ, რომ გასულ წლის სექტემბერში მომხდარ აფეთქებებზე, რამაც სერიოზულად დააზიანა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები, პასუხისმგებელობა შეიძლება პროუკრაინელ დივერსანტებს დაეკისროთ. ამ თავდასხმამ დასავლეთის ქვეყნებს შეიძლება უკრაინისადმი მხარდაჭერის სურვილი გაუქროს.
უკრაინის ბრალეულობის შესახებ კითხვები პირველად გასულ წელს გაჩნდა, როდესაც გამომძიებლებმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს, რომელიც ამ თავდასხმებში რუსეთის მონაწილეობას დაადასტურებდა. 26 სექტემბერს მომხდარი სამი წყალქვეშა აფეთქებიდან რამდენიმე დღეში ამერიკელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა თითი კრემლისკენ გაიშვირეს.
მიმდინარე გამოძიებისა და სადაზვერვო მიმოხილვების შესახებ საქმის კურსში მყოფი არაერთი ოფიციალური პირის თქმით, დღემდე ამ პრეტენზიის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. თუმცა რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეიძლება უკრაინას ამ მილსადენებზე თავდასხმის მოტივაცია ჰქონდა, რადგან რუსეთის აგრესიის შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილება განემტკიცებინა, მაგრამ კიევის მიმართ მალევე გაუჩნდათ ეჭვები.
ოფიციალური პირების თქმით, ჯერ კიდევ არ არსებობს აფეთქებული ადგილიდან სასამართლო მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ქვეყანას დივერსიაში დაადანაშაულებდა. შეერთებული შტატებისა და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს არ მოუსმენიათ რუსი ან უკრაინელი ოფიციალური პირების საუბრებისთვის, რომლის დახმარებითაც გამოიკვეთებოდნენ ამ თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირები ან ნათელი გახდებოდა, რომ ისინი თავიანთი მთავრობების კვალის დამალვას ცდილობდნენ.
ბოლო ხანებში ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ეს მილსადენები პროუკრაინულმა ჯგუფმა ააფეთქა, რომელიც შესაძლოა კიევის ზურგს უკან მოქმედებდა.
დასავლეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მთავრობებმა, რომლებიც ამ თავდასხმის ფაქტს იძიებენ, იმის მტკიცებულება მოიპოვეს, რომ პროუკრაინელმა პირებმა ან გაერთიანებებმა აფეთქებამდე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს. მაღალჩინოსანმა მიუთითა „ნიშნებზე“, რომლის თანახმადაც ასეთი ოპერაციის განხორციელების შესახებ მსჯელობდნენ ან ფიქრობდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კავშირების შესახებ მხოლოდ თავდასხმის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა შესაძლო მტკიცებულებების შესაგროვებლად სადაზვერვო მონაცემების მოპოვება დაიწყეს.
ეს ინფორმაცია დააბალანსა სხვა სადაზვერვო მონაცემებმა, რომელიც სავარაუდო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ცალკეული სადაზვერვო მონაცემების თანახმად, აფეთქებებამდე რამდენიმე კვირით ადრე თავდასხმის ადგილას ან მის მახლობლად რუსული საზღვაო ხომალდები შენიშნეს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ (New York Times) ინფორმაციით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მილსადენების აფეთქების ნებართვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ან უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა გასცეს.
ამერიკელი ოფიციალური პირები სიფრთხილით უდგებიან ბოლოდროინდელ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც უკრაინელ დივერსანტებზე მიუთითებენ.
ვაშინგტონსა და ევროპაში ზოგიერთმა ადამიანმა შეშფოთება გამოთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ეს თავდასხმა მისი მიმართ ნატოს, განსაკუთრებით კი გერმანიის, მხარდაჭერას შეასუსტებს, რადგან ამ ქვეყნის მრავალი მოქალაქე რუსეთის მიმართ კვლავ სიმპათიით არის განწყობილი და სკეპტიკურად უყურებს უკრაინის შეიარაღებას. „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე მომხდარმა თავდასხმებმა ევროპის ენერგეტიკული სექტორის დაუცველობის შესახებ შეშფოთება გაამძაფრა.
წყარო: https://is.gd/HWwaz8