თითქოს გუშინ იყო, მაგრამ უკვე 15 წელი შესრულდა აგვისტოს ომის დაწყებიდან. ეს ომი საქართველოსათვის კატასტროფული იყო, თუმცა მას გლობალური მნიშვნელობა ჰქონდა და დიდწილად განაპირობა დღევანდელი ტურბულენტობა; შექმნა ის დღევანდელობა, მსოფლიო არეულობა, რომელსაც ბევრი „დიფუზიას“ უწოდებს და მეც ვიზიარებ ამ შეხედულებებს: საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ასე თუ ისე, ავად თუ კარგად, მუშაობდა, საფუძველი გამოეცალა. 8 აგვისტო გარდამტეხ, კრიტიკულ მომენტს (რომელსაც „ბიფურკაციის წერტილს“ უწოდებენ) წარმოადგენდა. მანამდე, 8 აგვისტომდე არსებობდა მოვლენათა განვითარების ორი გზა, გარემოებათა ორი შესაძლო ლოგიკა − ომი, უწესრიგობა, ტურბულენტობა, სამართლის ნგრევა და ჯერ კიდევ მეორე გზაც − სამართალზე, სამართლიანობაზე, სიმართლეზე დაყრდნობით წესრიგისა და მშვიდობის შენარჩუნება.
ამდენად, ეს შეკითხვა − შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? − არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ, უფრო მეტადაც − მთელი მსოფლიოსთვის, კატასტროფული ბედისწერის მთავარ საჭირბოროტო საკითხს, მოვლენათა განვითარების ლოგიკის არჩევას, უკავშირდება. როგორც დღეს ჩანს − რადგან მოხდა ის, რაც მოხდა,− საერთაშორისო ურთიერთობებმა იმ ომით გადალახა მიჯნა, ის „წითელი ხაზები“, რომელმაც დღევანდელ „დიფუზურ“ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და არც მომავალი გამოიყურება უკეთ: საუბედუროდ, უარესობა უფროა მოსალოდნელი, ვიდრე უკეთესობა.
ამ ომის შესახებ, თუ რა და რატომ მოხდა, არსებობს საერთაშორისო რეფლექსია − ოფიციალური დოკუმენტიც, ფაქტების დამდგენი ევროპული მისიის, „ტალიავინის კომისიის“ ვრცელი დასკვნა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დასკვნა არ გახლავთ კონიუნქტურული (რის დამტკიცებასაც დაინტერესებული მხარეები ამაოდ ცდილობენ), ობიექტურია, დადგენილ ფაქტებს ეყრდნობა და მოვლენები შეფასებულია მიუკერძოებლად. მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პოზიციით და შესაბამისი სამართლებრივი კრიტერიუმებით.
ვინც ამ დასკვნას იცნობთ, უნდა იზიარებდეთ შეხედულებას, რომ მას უწინარესად პრევენციული ხასიათი ჰქონდა: იგი აფრთხილებდა მხარეებს, რომ სამართლის ფეხქვეშ გათელვა, რამაც მიგვიყვანა აგვისტოს ომამდე, თუკი მხარეები შემდგომში მაინც სათანადო პასუხისმგებლობებს არ გამოიჩენდნენ და განაგრძობდნენ იმავე დაჟინებით სამართლისათვის ძირის გამოთხრას − უცილობლად გამოიწვევდა უარეს კატასტროფებს; ეს მსოფლიოს შეიყვანდა ჩიხში. ისეთივე ჩიხში, როგორშიც მაშინ ყველაზე მეტად საქართველო აღმოჩნდა ამ ომის შედეგად.
ტალიავინის დასკვნის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ აგვისტოს ომის გამო პასუხისმგებლობას, მათი ქცევის შესაბამისი დოზებით, ადეკვატურად აკისრებს ყველა მონაწილე მხარეს: უწინარესად რუსეთს, იმიტომ, რომ სწორედ მან შექმნა წლების განმავლობაში სეპარატიზმის გაღვივებითა და აქტიური მხარდაჭერით საქართველოსათვის ეგზისტენციალური საფრთხე და მის მიზანს წარმოადგენდა ამ ინსპირირებული სეპარატიზმის გამოყენებით საქართველოზე მუდმივი ზემოქმედება, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამუდმებით საერთაშორისოდ სადავო საგნად გადაქცევა; ამან შეუქცევად ესკალაციამდე და ბოლოს აგვისტოს ომამდე − რუსეთის სამხედრო აგრესიამდე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამდე და ამ ტერიტორიების სეცესიამდე, კვაზისახელმწიფოების ე.წ. დამოუკიდებლობის ცალმხრივ, უკანონო აღიარებამდე მიგვიყვანა; პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოსაც, იმიტომ, რომ მან არ მიიღო სათანადო სამართლებრივი და დიპლომატიური ზომები, არ იმოქმედა სამართლის შესაბამისად, რათა ესკალაცია სხვაგვარად შეეჩერებინა, არამედ საერთაშორისო მანდატის ქვეშ მყოფ კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში წამოიწყო შეტევითი სამხედრო ოპერაცია, რამაც იგი რუსეთთან ფართომასშტაბიან ომამდე მიიყვანა; პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა (უწინარესად, კოლექტიური დასავლეთი და ნატო, რომელიც იმდროინდელი მსოფლიო წესრიგით ზიდავდა ძირითად ტვირთს საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე). იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ შეაჩერა და უარესიც − ყველა საშუალება დაუთმო რუსეთს, რათა სეპარატიზმის ინსპირირებით, მხარდაჭერითა და აქტიური გამოყენებით მას მუდმივი პრესის ქვეშ ჰყოლოდა საქართველო, რაც იყო კიდევაც − გარდაუვალი ესკალაციის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი.
საუბედუროდ, ეს დასკვნები „წერე და იკითხე“ აღმოჩნდა მათთვის, ვისაც მისი აუცილებლად გათვალისწინება მართებდა. მიუხედავად ობამას დროის „გადატვირთვის პოლიტიკისა“, მაინც გაგრძელდა საერთაშორისო სამართლის, ზოგადად − სიმართლისა და სამართლიანობის, კიდევ უფრო ინტენსიურად ნგრევა, ხოლო 2014 წლის შემდეგ − დიდი ომი გარდაუვალი გახდა უკრაინაშიც. ეს მოხდა იმიტომაც, რომ სიმართლეს მხარეებმა პოსტსიმართლე ამჯობინეს.
თუ შევადარებთ, დღეს მდგომარეობა სერიოზულად, რამდენიმე თანრიგით, ხარისხობრივად არის დამძიმებული. მართლაც: აგვისტოს ომის შეჩერება მაშინ საერთაშორისო ძალისხმევით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დე ფაქტო გაწირვის ხარჯზე, მოხერხდა. რეფლექსიისა და დასკვნების გამოსატანადაც ტალიავინის კომისია შეიქმნა. სწორი დასკვნებიც იქნა გამოტანილი, მაგრამ: ეს დასკვნებიც კვლავ ისევე და უარესადაც უგულებელყოფილია, როგორც მანამდე საერთაშორისო სამართალი, რამაც ის აგვისტოს ომი განაპირობა. დღეს, აქ და ახლა − არანაირი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, უარესიც − რეფლექსიაც კი არ შეინიშნება, რომ სამართალზე, სამართლიანობასა და სიმართლეზე დაყრდნობით მოხერხდეს ჯერ ესკალაციის შეჩერება და შემდგომ, საერთაშორისო წესრიგის აღდგენა. კატასტროფა, რაც მოსალოდნელია, უარესად მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეთაგან არავინაა − არც რუსეთი, არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, უწინარესად − არც კოლექტიური დასავლეთი, მზად ობიექტურად შეაფასოს ვითარება და თვალი გაუსწოროს სიმართლეს, როგორც ეს თუნდაც ტალიავინის კომისიამ გააკეთა. მხარეები თავიანთ პოსტსიმართლეს უკრაინას და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებასაც სწირავენ. ამიტომ: 15 წლის წინ დაწყებული დიდი რღვევა მისი გაღრმავების კრიტიკულ, „დიფუზურ“ სტადიაზეა.
რაც შეეხება საქართველოში, რომელიც პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა ამ დიდი რღვევისა, მოვლენების გააზრებას: აქაც, აგვისტოს ომზე რამდენიმე „ინტერ-სუბიექტური“ სიმართლე არსებობს. მაგრამ განსხვავებით საერთაშორისო რეფლექსიისგან, „ტალიავინის კომისიის“ დასკვნის მსგავსი დოკუმენტი, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომის შემსწავლელი პ. დავითაიას საპარლამენტო კომისიის უკიდურესად ტენდენციურ და არაკვალიფიციურ, ფალსიფიცირებულ ე.წ. დასკვნას, დღემდე არ არსებობს.
დღევანდელი პოსტეპოქა იმიტომაა ის, რაც არის, რომ სიმართლე და პოსტსიმართლე აღარ განირჩევა. პოსტსიმართლე ყოველთვის კონიუნქტურულია, ამოდის იქიდან, ვის რა „აწყობს“ და არა ობიექტური სინამდვილიდან; ეს ყოველთვის სავალალოა, რადგან ასეთი, კონიუნქტურული „ინტერ-სუბიექტურობა“, საბოლოო ჯამში რეალობასა და მაშასადამე ყოფიერებას, ცნობიერებიდან უმოწყალოდ დევნის და ადამიანები კონიუნქტურულ მოჩვენებებში ცხოვრობენ, რის გამო თავადაც მოჩვენებებად იქცევიან…
…აგვისტოს ომზე ტალიავინის დასკვნა − ყველაზე ახლოს არის ობიექტურ სინამდვილესთან. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ვინაიდან კონიუნქტურულად − საქართველოს ეს დასკვნა თურმე „არ აწყობს“ (რაც არასწორია!). სიმართლეს მაინც პოსტსიმართლეს ვამჯობინებთ. მაგრამ: სიმართლე არ დაიმალება და მით უმეტეს, ვერანაირი ფუჭი ხმაური და ამაო ყაყანი მას ვერ ჩაახშობს.
აგვისტოს ომში რომ სააკაშვილის რეჟიმმა სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა, სამართლის, სამართლიანობისა და სიმართლის პოზიციებიდან უდავოა. მან 7-ში ღამით, როგორც ეს წერია ტალიავინის დასკვნაში და ასევე იმ ავადსახსენებელი რეზოლუციის მე-5 პუნქტიც მიანიშნებს, ვინაიდან ეს ობიექტური სინამდვილეა − გასცა ანტიკონსტიტუციური სამხედრო ბრძანება ქ. ცხინვალზე შეტევითი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
ნებისმიერი ლოგიკით, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა 7-შივე სახეზე რუსეთის სამხედრო შემოჭრა, სააკაშვილის ეს სამხედრო ბრძანება საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ანტიკონსტიტუციურია და თავისი უმძიმესი შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან ამას მოჰყვა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კრახი, ცალსახად წარმოადგენს სახელმწიფო ღალატს. რატომ არის ეს ობიექტური შეფასება ნებისმიერი ლოგიკით, ძალზე მარტივი ასახსნელია:
თუ დაუშვებთ, რომ 7-შივე უკვე სახეზე იყო რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და საგარეო თავდასხმა საქართველოზე (რაც არ დადასტურდა ტალიავინის მიერ მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებებით), სააკაშვილი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ, შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე ტელეფონოგრამით გადაცემული სამხედრო ბრძანების გაცემისთანავე, დაესაბუთებინა ეს გარეშე მტრის მოგერიების გარდაუვალი აუცილებლობით და დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა საომარი მდგომარეობა. ასევე: ყველა საშინაო თუ საგარეო არხით, ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით, უწყვეტ რეჟიმში ემეორებინა, რომ რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი. მან ეს შეგნებულად არ გააკეთა. უარესიც: 9 აგვისტოს ბრძანებულებით, რითაც საქართველოში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა, შავით თეთრზე ჩაწერა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო შემოჭრა განხორციელდა 8 აგვისტოს, ანუ: თუ სამხედრო აგრესია სახეზე იყო 7-შივე, მან მსოფლიოსა და საქართველოს, შეგნებულად, წინასწარი ბოროტი განზრახვით, დანაშაულებრივად, მოღალატეობრივად, ვინაიდან მოქმედებდა აშკარად მტრის ინტერესებში, დაუმალა, რომ რუსეთის ფედერაცია 8 აგვისტომდე საქართველოს თავს დაესხა და სახეზე იყო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტი; ცხადია – ეს წარმოადგენს კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეშ დარღვევას და სხვაგვარად, თუ არა სახელმწიფო ღალატად, ვერასგზით ვერ შეფასდება!
თუ გავყვებით თავად პრეზიდენტ სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულების (რითაც საომარი მდგომარეობა გამოცხადდა) ლოგიკას – 7 აგვისტოს სამხედრო ბრძანება, რაც მხოლოდ ტელეფონოგრამის მეშვეობით იქნა გადაცემული და არანაირი ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის არც 9 აგვისტოს ბრძანებულებით, დასაბუთებული არ ყოფილა. ასევე, ცალსახად ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან უხეშად არღვევს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ: საერთაშორისო მანდატის ქვეშ მყოფ კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში, სადაც დგანან სამმხრივი სამშვიდობო ძალები, არათუ რაიმე სამხედრო ოპერაციის ცალმხრივად წამოწყება, არამედ ერთი ჯარისკაცის დამატებით შეყვანაც კი, მხარეთა ნაკისრი ვალდებულებებით, კატეგორიულად აკრძალულია. უარესიც: ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ძალით, კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დაცვის, მაშასადამე, რომელიმე მხარის უკანონო სამხედრო ოპერაციის, შეჩერებისა და აღკვეთის პასუხისმგებლობა, როგორც მშვიდობის გარანტორს, ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რის გამოც ცხინვალზე სამხედრო შეტევის საპასუხოდ პროპორციული სამხედრო ძალის, საჭიროების შემთხვევაში − თუნდაც არმიის, გამოყენება რუსეთის არა მხოლოდ უფლება, არამედ საერთაშორისო ვალდებულებაც არის. რასაკვირველია, სააკაშვილმაც და მთელმა მისმა მთავრობამაც შესანიშნავად იცოდნენ, რომ ცხინვალზე სამხედრო შეტევას აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის სამხედრო პასუხი, ხოლო დიდი ალბათობით სამხედრო ძალის არაპროპორციული გამოყენებაც, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მოხდა კიდეც. ამიტომაც, ამ ლოგიკითაც, რაც 9 აგვისტოს ბრძანებულებაშიც ცალსახად იკითხება, ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაშიც ასახულია და ტალიავინის დასკვნაც ამავე ლოგიკას მისდევს, ვინაიდან სხვა ფაქტობრივი გარემოებები ფაქტების დამდგენი ამ მისიის მიერ ვერ იქნა მოძიებული, სააკაშვილის ანტიკონსტიტუციური მოქმედება ვერასგზით სხვაგვარად ვერ შეფასდება თუ არა ამაზრზენ დანაშაულად − მტრის ინტერესებში მოქმედებად, საარაკო სახელმწიფო ღალატად.
რასაკვირველია, საპირისპირო ე.წ. არგუმენტები, ვითომცდა სააკაშვილი მოქმედებდა შექმნილი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და მას სხვა გზა და შესაძლებლობა, გარდა იმისა, რაც გააკეთა, არ ჰქონდა, ელემენტარული დემაგოგიაა და აბსოლუტური სიცრუე. სააკაშვილი კონსტიტუციით ვალდებული იყო ყველა ღონე ეხმარა და ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა; თავიდან აერიდებინა დამღუპველი, კატასტროფული შედეგების მომტანი ომი. ამისათვის მას ჰქონდა ფართო შესაძლებლობები. ხოლო თუ ომი მაინც გარდაუვალი იყო, ეს უნდა გაკეთებულიყო კონსტიტუციისა და სამართლის ზედმიწევნით დაცვით. უწინარეს ყოვლისა, როგორც კი კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად გამწვავდა, სააკაშვილს საერთაშორისო დონეზეც, ყველა დიპლომატიური არხით და თუნდაც გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნით კატეგორიულად უნდა დაეყენებინა საკითხი რუსი სამშვიდობოებისათვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე და მკაფიოდ განეცხადებინა, რომ ვინაიდან რუსეთი არა მხოლოდ არღვევდა თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ ხელს უწყობდა ვითარების ესკალაციასა და სამშვიდობო მანდატს იყენებდა სეპარატისტების წასაქეზებლად, მათ შორის სამხედრო დახმარების გაწევის გზებითაც, საქართველო იძულებული ხდებოდა ცალმხრივად შეეწყვიტა დაგომისის ხელშეკრულება და საკუთარი ძალებით აღედგინა და დაეცვა წესრიგი კონფლიქტის ზონაში; პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მოეხდინა ე.წ. დაგომისის ხელშეკრულების დენონსაციის ინიციირება. როგორც კი ამ წინმსწრებ ნაბიჯებს გადადგამდა, დიდი ალბათობით, თავად რუსები, რომლებიც კარგავდნენ საქართველოში სამხედრო ყოფნის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, მათ მარიონეტ სეპარატისტებს აიძულებდნენ პროვოკაციების შეწყვეტას და საქმე ომამდე არ მივიდოდა. მან ეს არ გააკეთა და ვინაიდან მოქმედებდა მტრული ინტერესებით, უკანონობის, ანტიკონსტიტუციურობის გზას შეგნებულად დაადგა, რამაც კატასტროფამდე მიგვიყვანა. ამისათვის, ამ უდიდესი ღალატისათვის საქართველოს ისტორიაში, მას პასუხი მოეთხოვება. ეს გახლავთ მწარე სიმართლე და რაც უნდა იყაყანონ ქაჯებმა, სიმართლეს ქვებიც კი იღაღადებენ და ამას ვერაფერი ჩაახშობს: სააკაშვილი არის საქართველოს ისტორიაში ნომერ პირველი მოღალატე. ეს არა პოსტსიმართლე, არამედ ობიექტური სინამდვილეა!
დიდი რღვევა კი, რომელიც მთელ მსოფლიოში სწორედ აგვისტოს ომიდან დაიწყო, დიდწილად ასევე სიმართლისა და პოსტსიმართლის დაპირისპირებაა. საუბედუროდ, ამას აგვისტოს ომის, რომლის მსხვერპლიცაა საქართველო, გაკვეთილების იგნორირებაც, მათ შორის ტალიავინის კომისიის დასკვნის გაუთვალისწინებლობაც, ადასტურებს. თუ მსოფლიო პოსტსიმართლით და რეალობის იგნორირებით გააგრძელებს ცხოვრებას, კატასტროფები გარდაუვალია.
რეზიდენტი ავტორები: დავით ზარდიაშვილი