რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

სანტა-ფეს ოთხი სცენარი და დეკარტეს დემონის გაცოცხლება (მეორე ნაწილი)

0

მთავარი ინსტრუმენტი, რათა ახალი ოლიმპოელი ღმერთების, „ჰომო დეუსთა“ უზენაესი ნება აღსრულდეს, სწორედ ექსისტები გახლავან. მათი როლი და ამოცანაა არა მხოლოდ ელიტების პრივილეგიათა უზრუნველმყოფი განსაკუთრებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო გარემოს, რაც უპრეცედენტო განხეთქილებას შესაძლებელს გახდის, შექმნა და დაცვა, არამედ პრინციპულად ახალი რამ: ინტერსუბიექტური რეალობების, როგორც პრინტერზე, ასევე თავიანთი ინტერნეტქსელებით იმგვარად ბეჭდვა და უწყვეტად ტრანსლირება, რათა ინკლუზიურობასა და ექსკლუზიურობას შორის კონფლიქტმა კატასტროფის სახე არ მიიღოს მათთვის, ვისაც თავისი ექსკლუზიურობა სურს ბიოლოგიური განხეთქილების ხარისხში აიყვანოს.

ექსისტები − ილუზიების წარმოების (რასაც თავის დროზე ედუარდ ბერნეისი − ეს წინა-სახე ექსიზმისა, „თანხმობის ფაბრიკას“ უწოდებდა) ფაქტობრივად გლობალური ინდუსტრიის, მფლობელები არიან. ისინი ინტერ-სუბიექტურობის კონსტრუირებას, შექმნასა და რეალიზაციას ეწევიან. ამით „ჰომო დეუსთა“ შორის მყარად დომინანტური ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. 2000-იანების დასაწყისში შვედმა ავტორებმა − ბარდმა და ზოდერქვისტმა მათ ახალი მმართველი ელიტა − „ნეტოკრატია“ („ნეტ“- ქსელია) დაარქვეს. ამ სახელით განაცხადეს, რომ კაპიტალისტური პარადიგმა „ნეტოკრატიულით“ იცვლებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა − დიდ კორპორაციებს სულაც არ სურთ სიმდიდრე და ძალაუფლება, თავიანთი ექსკლუზიური სტატუსი, ვინმეს და არც „ნეტოკრატიას“ დაუთმონ. მათ შორის გარკვეული წონასწორობითი ბალანსი დამყარდა, რის შედეგადაც „ნეტოკრატია“ ექსისტებად ჩამოყალიბდა, ხოლო კაპიტალისტებს შორის დაჩქარებული დაშრევება დაიწყო: მათში გამოიყო ექსისტებთან მჭიდროდ დაკავშირებული უმსხვილეს მეგა-კორპორაციათა პატრონების ზედა ფენა, ერთგვარი ოლიგარქიული კასტა, უმსხვილეს ბანკირთა და ინვესტორთა „არისტოკრატია“, რომელიც მოწოდებულია გლობალური პროცესები მართოს, ანუ მსოფლიო ძალაუფლება განახორციელოს; ამისათვის კი საჭიროა განახლებული, უნივერსალური და სახელმწიფო კანონებზე უფრო პრიორიტეტული კორპორაციული წესებიცა და ამ წესების დამცველ საკუთარ „უძლეველ მეომართა“ სუპერ-არმიაც; ასეთი „ახალ მეომართა“ ფენის ორგანიზატორ-გამგებელთა როლს ასევე ამ წრის ახალი „არიტოკრატია“, დღეს − სპეცსამსახურების უმაღლესი კასტა, ასრულებს; ამრიგად, „ჰომო დეუსთა“ ჯერ კიდევ მშენებარე სტრუქტურა ამ ძველისძველი, ურყევი პროტოტიპით შეიქმნა: „ქურუმნი“ − ე.ი. ექსისტები, რომლებიც ექსკლუზიურად ფლობენ და განკარგავენ განსაკუთრებულ, ნამდვილი ფასის მქონე ინფორმაციასა და ცოდნას, ამ „მასალით“ და ქსელების ინსტრუმენტით ახორციელებენ „ინტერ-სუბიექტურობათა“ კვლავწარმოებას; მათ ხელშია გლობალური საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, მათ შორის მედიის, სრული კონტროლი, სიმართლის, „პოსტ-სიმართლისა“ და „ანტი-სიმართლის“ საჭიროებისამებრ ქსელური დისტრიბუცია; „ხელმწიფენი“ − ე.ი. მეგა-კორპორაციების პატრონები, ძირითადად ფინანსური (და არა იმდენად მრეწველი კაპიტალისტების) ოლიგარქიის დახურული ზედა ფენა, მათი ე.წ. არისტოკრატია, რომლებიც „მორჭმით განაგებენ“ და გლობალური, პლანეტარული მასშტაბის მმართველობით გადაწყვეტილებებს, მათ შორის კორპორაციული წესების „ახალ კანონთა“ კრებულებსაც, იღებენ; და ასევე მეომარნი, რომლებიც ყველაფერი ამისთვის იომებენ და მათ განაგებს თანამედროვე „სამხედრო არისტოკრატია“ − სპეცსამსახურების გენერალთა გენერლები, დიდი სარდლები და მთავარსარდლები, რომელთაც ფაქტობრივად ყველა წამყვანი სახელმწიფოს ძალისმიერი სტრუქტურები ემორჩილება. ამ სამი წამყვანი ფუნქციიდან რომელია დომინანტური, ამ სამი ელიტური კასტიდან რომელია უპირატესი, მოცემულ მომენტში გარემოებების მიხედვით დგინდება და არა ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული რაიმე მყარი წესებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ არა მხოლოდ სანტა-ფეს შეხვედრაზე, არამედ სხვა, უკვე ჩვეულებრივ მოკვდავთათვის დაფარული საკომუნიკაციო არხებით, ეს ცვალებადი გარემოებები მუდმივად ფასდება და „ჰომო დეუსთა“ სტრუქტურული ფორმირების, ისევე, როგორც დაგეგმილი „ანთროპოლოგიური განხეთქილების“ რეალიზაციის პროცესი უწყვეტად პროექტირდება და კორექტირდება; ბუნებრივია, ყველაფერი მარტივად და იდეალურად არ არის, თავად ამ ელიტებს შიგნით მიმდინარეობს დაწერილი თუ დაუწერელი კორპორაციული წესებით, ანდა სრულიად უწესოდაც, კრიმინალური თუ ნახევრად კრიმინალური გზებით მძაფრი კონკურენცია და ხშირად, ნამდვილი ომიც; ყველაზე უფრო ხილული მთელ ამ პროცესში, ცხადია, თანამედროვეობის „ქურუმთა“ კასტის − ე.ი. ექსისტების „მოღვაწეობაა“, რადგან მისი შედეგები პრინციპულად საჯაროა, მეტიც − თავად წარმოადგენს დღევანდელი საჯაროობის ფუნდამენტს, ქმნის რა პლანეტარულ ან ადგილობრივ საჯარო დისკურსს და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ დღის წესრიგს; ხოლო ყველაზე მეტად დახურული და ბურუსით მოცული − მეომართა კასტის, ე.ი. საიდუმლო სამსახურების მანევრებია; სანახევროდ საჯაროა და ნაწილობრივ გასაიდუმლოებული თავად კორპოროკრატიის − ე.ი. მეგა-კორპორაციების პატრონთა გლობალური თამაშები…

…ჩვენ შეგვიძლია ექსისტების ქცევაზე, უფრო სწორად, ამ ქცევათა შედეგებზე დაკვირვებით, რაც ყოველთვის საჯაროა, ტენდენციებზე ვიმსჯელოთ. ამ ტენდენციებს ისედაც ყველა ხედავს და მეტიც: ეს ყველაფერი, ანუ წამყვანი ტენდენციები, რაც მომავლის „ჰომო დეუსთა“ უზენაეს ნებას უკვე დღესვე გამოხატავს − ფართოდ რეკლამირებულია; ამ ტენდენციებით ჩანს, თუ რა გველის. უფრო სწორად − რა გვემუქრება. ტენდენციების რეკლამას კი თანამედროვე ორაკულები ეწევიან; აქაც ირონიულად უნდა შევნიშნოთ: ძველი ოლიმპოელი ღმერთების ნებას, რომელსაც ჰერმესის მეშვეობით აუწყებდნენ ადამიანებს (დღეს „ჰერმენევტიკა“ − განსაკუთრებულად დახურული ცოდნაა და მასზე ხელი თვით ექსისტებსაც კი არ მიუწვდებათ, არამედ საიდუმლო სამსახურების მიერაა გულდასმით დაცული), საჯაროდ დელფოსელი ორაკული ერთობ შთამბეჭდავად დემონსტრირებდა; ახლა, მომავლის „ჰომო დეუსთა“ ნება დემონსტრირდება „დავოსელი ორაკულის“ − კლაუს შვაბის მიერ. კლაუს შვაბის ერთ-ერთი მრჩეველია ზემოთ ნახსენები იუვალ ნოა ჰარარი, რომელსაც ეკუთვნის კიდეც ეს ახალი შინაარსის, „ჰომო საპიენსთან“ დაპირისპირებული ტერმინი − „ჰომო დეუს“. რასაკვირველია, არც შვაბი და არც ჰარარი „ქურუმთა“ კასტის წევრები, ანუ ექსისტები არ არიან, არამედ ოდენ მათი მსახურნი. მეთოდი, რომელსაც ექსისტები იყენებენ, გასაიდუმლოებული სულაც არ არის, პირიქით: იგივე იუვალ ნოა ჰარარის ერთობ პოპულარული განაზრებანი ე.წ. სამი რეალობის − ობიექტურის, სუბიექტურისა და ინტერსუბიექტურის, თაობაზე ექსიზმის ლამის არის ოფიციალური იდეოლოგიაა; თუმცა აქ „იდეოლოგიაზე“ საუბარი პირობითად თუ შეიძლება, რადგან სრულიად ცინიკური ჰარარისეული მინიშნებაა − ნებისმიერი „იდეოლოგია“ ინტერსუბიექტური პროდუქტია, ხოლო რეალურ, ობიექტურ ძალაუფლებას სწორედ ეს გამოხატავს − ვის და რამდენად შეუძლია ამ ინტერსუბიექტურობის შექმნა და მისი თავს მოხვევა უკვე არა მხოლოდ რაიმე ლოკალური საზოგადოებრივი ერთობისათვის, იქნება ეს სოციალური ჯგუფი, კლასი, სტრატი თუ სახელმწიფო, ანდა სულაც მთელი ცივილიზაცია, არამედ უკვე  სრულიად კაცობრიობისათვისაც. ედუარდ ბერნეისს − ექსიზმის ამ არქეტიპად ქცეულ ლეგენდას, სწორედ რომ შეშურდებოდა, როცა მის მიერ შექმნილი „PR-ჯადოქრობის“, ე.ი. „თანხმობის ფაბრიკის“ თანამედროვე უსაზღვრო შესაძლებლობებს იხილავდა: მართლაც, ქსელური მანიპულაცია და ქსელური სუპერპროპაგანდა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მის მიერ შექმნილი, დღევანდელთან შედარებით აშკარად „პრიმიტიული“ სასწაულები.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ხდება ინტერსუბიექტურობის წარმოება-კვლავწარმოება და „დავოსელი ორაკულის“ − შვაბის მიერ დემონსტრირება, ცხადია − ფართოდ რეკლამირებული „დავოსის ფორუმია“; ხოლო მომავლის განმსაზღვრელი ტენდენცია − ამ „დავოსელი ორაკულის“ მიერ ნაწინასწარმეტყველები „ინკლუზიური კაპიტალიზმი“. ძალიან მოკლედ რომ აღვწეროთ, ეს მომავალი ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, ე.ი. „ჰომო საპიენსებისათვის“ ასე გამოიყურება: ტერიტორიული იურისდიქცია უნდა დასრულდეს, ანუ მსოფლიოს, ერი-სახელმწიფოების ნაცვლად, გადაინაწილებენ მეგაკორპორაციები. ისინი ბიზნესეფექტიანობისა და ეფექტურობის უნივერსალური, კორპოროკრატიული კანონებით, რომელთა საზრისი − მეტი მოგებაა, უვადოდ იმეფებენ დედამიწაზე, მომავალში კი − კოსმოსშიც. ყველა რესურსი მათი საკუთრებაა; მიწა, წყალი, ჰაერი, ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა და ა.შ. დედამიწის მთელი მოსახლეობა სხვადასხვა ერი-სახელმწიფოს მოქალაქეები კი აღარ იქნებიან, არამედ კოსმოპოლიტი ინდივიდები, მეგაკორპორაციების მიერ მუდმივად „დაქირავებულნი“ სოციალური კონტრაქტის ერთადერთი პირობით: მეგაკორპორაციები ანაზღაურების ფასად მიითვისებენ ამ დაქირავებულთა სულებს − მათ მისწრაფებებს, შეხედულებებს, „იდენტობებსა“ თუ შესაბამის „ორიენტაციებს“ (მათ შორის არა მხოლოდ ეროვნულ, სოციალურ თუ კლასობრივ, არამედ ჯერ სექსუალურ და ბოლოს საზოგადოდ, ბიოლოგიურ იდენტობასაც და შესაბამის ორიენტაციასაც), ინდივიდუალური თუ სოციალური ქცევის მოტივატორებს, გემოვნებას (მათ შორის − საკვების შერჩევისას), ე.წ. მეტაფიზიკურ მიდრეკილებებს (მათ შორის რწმენასა და რელიგიურ განწყობებსაც) და ა.შ. მაგრამ სამაგიეროდ − თითოეულს ინკლუზიურად, თანასწორად, ექნება კოროპორაციებისგან ანაზღაურება, მუდმივი გარანტირებული შემოსავალი! მეტიც: არავის, კორპორაციების გარდა, არ ექნება არანაირი საკუთრება, არანაირი მეტ-ნაკლებად სტაბილური სამუშაო, უარესიც − რაიმე კონკრეტულად იდენტიფიცირებადი პროფესიაც კი, მაგრამ ექნება „ინკლუზიურად გარანტირებული“ უსაფრთხოება და ასევე „ინკლუზიურადვე გარანტირებული“ კეთილდღეობა: ყველაფერი, რაც კი უნდა მოიხმაროს, იქნება ინკლუზიური და სტანდარტული, ოღონდ, რათა „თავისუფალი არჩევანის“ იმიტაცია შეიქმნას, ინდივიდუალურად მრავალფეროვანიც: ეს მრავალფეროვნებაც, ცხადია, ინკლუზიურადვე ხელმისაწვდომი და ასევე სტანდარტულია: ბინა, ტრანსპორტი, კვება, ძილი და სიზმრებიც კი, კომუნიკაცია და მისი ტექნიკური საშუალებები; ასევე − სოციალური ანდა პოლიტიკური ინკლუზიური აქტივობები − აირჩიე ვინც გინდა და რამდენიც გინდა (ამისათვის უამრავ ახალ არჩევით თანამდებობებს შექმნიან), იყავი ინკლუზიური მონაწილე ამ გაუთავებელი არჩევნებისა, მაგრამ − ვერასდროს გახდები გადაწყვეტილების არათუ მიმღები, არამედ არანაირი გავლენა ამ გადაწყვეტილებებზე არასდროს გექნება. ესეც, მთელი შენი სოციალურ-პოლიტიკური აქტივობა იქნება − მხოლოდ თამაში, ინტერსუბიექტური იმიტაცია, მხოლოდ გართობა, რაც სხვა ფორმებითაც, მაგ. „ინკლუზიური კულტურით“ იქნება იოლად ხელმისაწვდომი, ისევე, როგორც მაგ.  სექსუალურ მოთხოვნილებათა ინკლუზიური დაკმაყოფილება მრავალფეროვანი ინდივიდუალური ორიენტაციისა და „იდენტობის“ შესაბამისად; მოკლედ: ინკლუზიურად გარანტირებულია მრავალფეროვანი, მაგრამ ყოველთვის სტანდარტული „პურიცა და სანახაობაც“; ბოლოს კი, ასევე ინდივიდუალურად ასარჩევი, აუცილებლად ინკლუზიური, მაგრამ სრულიად სტანდარტული − უკანასკნელი სარიტუალო მომსახურებაც: გნებავს მიწას მიგაბარებენ, ან ოკეანეს, მომავალში კი ზეცას − უსასრულო კოსმოსს, ანდა შენს ფერფლს პლანეტის, რომელსაც აირჩევ, ატმოსფეროში გაფანტავენ… დაახლოებით ასეთია მსოფლიო კორპოროკრატიის რიგითის, უკვე არა მოქალაქის, არამედ ინკლუზიური სოციალური კონტრაქტით დაქირავებულის, რომელსაც „თანამშრომელი“ ჰქვია და სინამდვილეში „ჰომო საკერია“, ურყევი სტატუსი.

„ჰომო საკერ“ − ძველ რომში ერქვა, ბიოლოგიურად ადამიანს, „ჰომო საპიენსის“ სახეობასაც რომ მიეკუთვნება, მაგრამ აბსოლუტურად გაუცხოებულია ყოველივე იმისგან, რასაც რომის მოქალაქე ადამიანად, პერსონად, პიროვნებად, სულიერ არსებად მიიჩნევს; „ჰომო საკერს“ არა მხოლოდ არაფრის უფლება არა აქვს, არამედ მისი ნება არარად მიიჩნევა და თვით „სიცოცხლის ნებაც“, არა მხოლოდ უფლება, არამედ ნებაც (!), მისგან გაუცხოებულია − ეს ნება, იცოცხლებს თუ მოკვდება, სხვას ეკუთვნის. „ინკლუზიური კაპიტალიზმის“ „ჰომო საპიენსი“ პიროვნულობისგან ასევე სრულად გაუცხოებულია, რადგან მისი ქცევა − მისი ნება არ არის. ის ინდივიდია, მაგრამ არა პერსონა! რასაც ის ფიქრობს, განსჯის, ანდა რასაც აკეთებს, რითაც ირჯება, არა თავად, არამედ სხვამ ინება. ამას კი სულის წართმევა ჰქვია და სხვა არც არაფერი. „ჰომო საპიენსი“ − ინკლუზიურ კაპიტალიზმში სულს კარგავს. სული, როგორც ასეთი, მხოლოდ „ჰომო დეუსთა“ ექსკლუზიური პრივილეგიაა.

…ცხადია, ამის განხორციელებას ჭკუათამყოფელი არავინ დათანხმდება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ექსისტების გამაოგნებელ უნარს, სულ უფრო მეტად და მეტად აკონტროლონ ადამიანთა ნება, ხოლო ადამიანთა ქცევა კორპოკრატებმა და საიდუმლო სამსახურების სარდლებმა ინებონ და არა თავად ადამიანებმა. როგორ? ისევ და ისევ − ობიექტური რეალობის სრულად „ინტერსუბიექტურობით“ შეცვლის გზით. ინტერსუბიექტურობა კი, როგორც აღვნიშნეთ, ქსელურად და უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ზემძლავრი წარმადობით, ზეინტენსიურად წარმოებს. ეს წარმოება და უკვე უწყვეტი კვლავწარმოება, ანუ ერთ დროს − ბერნეისის „თანხმობის ფაბრიკა“, საბოლოოდ გამართულია და მეტიც: იგი იქცა ინტერსუბიექტურობის გიგანტურ, გლობალურ სუპერინდუსტრიად. მას ექსისტები განაგებენ, შექმნილ გარემოს კი კორპოროკრატები და სპეცსამსახურები „ეფექტიანი მართვისთვის“ იყენებენ.

რეალური პრაქტიკა გნებავთ? კი ბატონო: აგერაა ორი უაღრესად შთამბეჭდავი გლობალური თვალსაჩინოება: „კოვიდ 19“ და ომი უკრაინაში. ორივე შემთხვევაში ექსისტებმა ფაქტობრივად სოციალურ-პოლიტიკურად უალტერნატივო და სრულიად უპრეცედენტო, ინტერსუბიექტურობა შექმნეს. ხოლო ობიექტურ რეალობას მნიშვნელობა დაუკარგეს, თითქოს რეალობა საერთოდაც გააქრეს. „კოვიდ 19“-ის დროს მსოფლიო მასშტაბის საშუალო სტატისტიკურმა ნებელობითმა სუბიექტმა − პერსონამ, დაკარგა ავტონომიური ნება − იქცეოდა ისე, როგორც ეს მის მაგივრად ინებეს. არა იმიტომ, რომ მასზე მაინცდამაინც ფიზიკური იძულების საშუალებები გამოიყენეს, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე „ქურუმებმა“ − ექსისტებმა, რომლებიც ექსკლუზიურად ფლობენ და განკარგავენ ობიექტურ მონაცემთა სრულ მასივს, ამ მონაცემების ფრაგმენტაცია-ინტერპრეტაციითა და გლობალურად, საყოველთაოდ წვდომადი ქსელური დისტრიბუციით, სათითაოდ ყველას გვიკარნახეს, თუ როგორი უნდა იყოს, მაქს ვებერის ტერმინებით რომ ვთქვათ, „მიზანმიმართულად რაციონალური სოციალური ქცევა“. მათ აბსოლუტურად დაარწმუნეს საშუალო სტატისტიკური პერსონა და ფაქტობრივად ყველა სტატუსური სოციალური ჯგუფი, გარდა მარგინალებისა, რომ სოციალური დისტანცირება, პირბადით სიარული და ვაქცინაცია უალტერნატივოა, ერთადერთი სწორი „მიზანმიმართულად რაციონალური ქცევაა“. ყველა სხვა ალტერნატივა კი არც მეტი არც ნაკლები − უგუნურობაა, რადგან არც მიზანმიმართულია, არც რაციონალური, არამედ − ოდენ აფექტია და სხვა არც არაფერი. ასე იყო თუ არა სინამდვილეში, ე.ი. ობიექტურად იყო კი „კოვიდის“ ვირუსის საფრთხეზე მსგავსი რეაქცია ადეკვატურად აუცილებელი, „კოვიდის“ დასრულების შემდეგაც კი, გარდა ე.წ. ანტივაქსერებისა, სერიოზულად არც არავის აინტერესებს − ამას მნიშვნელობა აღარც აქვს. ამიტომაც, დიდი ალბათობით პანდემიის რეალური მიზანი გახლდათ ინდივიდისა და ინდივიდთა იმ მეტ-ნაკლებად ავტონომიური სოციალური თანასაზოგადოების, რომელსაც „საშუალო ფენა“ ეწოდება, როგორც პერსონებისა, ინტერსუბიექტურობით დატყვევება. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით − დატყვევება, ე.ი. ჩაკეტვა, ლოკდაუნი. რას მიაღწიეს ამ ლოკდაუნით? უწინარესად საშუალო ფენის ქცევის კონტროლს, მორჩილებაში მის გაწვრთნას, ასევე, მის ეკონომიკურ ექსპროპრიაციას და სოციალურ-ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვას. ისინი ეკონომიკურად სახელმწიფოზე გაცილებით მეტად დამოკიდებულნი გახდნენ, ხოლო თავად სახელმწიფო − ექსისტებსა და გლობალურ კორპორაციებზე, ამ შემთხვევაში ფარმაცევტულ გიგანტებზე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ექსისტი − ბილ გეიტსი აკონტროლებს როკფელერების ოჯახთან ერთად, საკმაოზე მეტად დამოკიდებული გახდა.

მეორე ტალღა ანთროპოლოგიური განხეთქილების მოსამზადებლად, ეს დღეს, ამ წუთებშიც, მძვინვარე უკრაინის ომია. გავა დრო და ეს მოვლენა, დიდი ალბათობით, შეფასდება როგორც „პირველი მსოფლიო დიფუზური ომი“. დიფუზური სწორედ იმიტომ, რომ დიდი არეულობა ამ დასავლური და ანტიდასავლური, ან თუ გნებავთ პირიქით − რუსულ და ანტირუსულ ინტერსუბიექტურობათა, რაც ცალ-ცალკე ერთი-მეორეს თითქოს გამორიცხავს, ერთი-მეორეში საყოველთაო, გლობალური აღრევის შედეგია; აქაც − იგნორირებულია და მნიშვნელობადაკარგული ობიექტური რეალობა. იქმნება დიდი მსოფლიო ტურბულენტობა, რაც ექსისტებს, საიდუმლო სამსახურებსა და მსოფლიო კორპოროკრატიულ ელიტებს საშუალებას აძლევს ამ ინტერსუბიექტურობათა დიფუზიის ბურუსის ქვეშ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან სწორედ აქეთ − ანთროპოლოგიური განხეთქილებისკენ. და ვინ იცის, ამისათვის სანტა-ფეს შეხვედრაზე ასევე განხილული და ყველაზე დიდი ალბათობით მიჩნეულიც, გლობალური კატასტროფის სცენარიც (შეზღუდული ბირთვული ომის, ანდა დიდი ტექნოგენური კატასტროფის, რის პრელუდიაც გახლდათ კახოვკის ჰესის ნგრევა, რაც მინიშნებაა, რომ სულაც არ არის გამორიცხული მაგ. ზაპოროჟიეს ატომური რეაქტორების ავარიაც) გამოიყენონ; დიფუზური ომის სტრატეგიული მიზანი გასაგებია: საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის, რაც ხელს არსებითად უშლის იმავე „ინკლუზიური კაპიტალიზმისკენ“ მიმართულ გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, მოშლა და გზის მოსუფთავება სწორედ გლობალური კორპოროკრატიისათვის, რათა მან მოახერხოს ერი-სახელმწიფოთა, საერთოდ − ტერიტორიულ იურისდიქციათა, ჩამოშლა და ჩანაცვლება.  ეს ხდება კიდეც, რადგან უკლებლივ ყველა ამ ომში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართული სუბიექტი სახელმწიფო და არა მხოლოდ რუსეთი, ამ ომით უკიდურესად დისკრედიტებულია და ყველა ხელისუფლება ყველა წამყვან სახელმწიფოში შიდა თუ საერთაშორისო ლეგიტიმურობას შეუქცევადად კარგავს. აღარაფერს ვამბობ, რომ საერთაშორისო სამართლისა და წესრიგისგან ეს ომი ქვას ქვაზე აღარ ტოვებს და გამოსავალიც არ ჩანს, რათა რაიმე წესრიგი და სამართალი, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, გლობალურად ოდესმე აღდგება. სწორედ ამიტომაც არის დასაფასებელი საქართველოს განსაკუთრებული ძალისხმევა, რათა „შუა დერეფნით“, რის მშენებლობაშიც აქტიურად ვართ ჩართულნი, შენარჩუნებულ იქნას წესრიგისა და სამართლის, ცივილიზებულ ურთიერთობათა ერთგვარი ოაზისი, კუნძული, რომელსაც ეს დიფუზია ვერ მოიცავს და სადაც კვლავაც შესაძლებელი იქნება კულტურათა, ცივილიზაციათა, სახელმწიფოთა თანამშრომლობა სიკეთის შესაქმნელად ყველასათვის…

…ეს ორი თანმიმდევრული ტალღა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ყველაფერი სულაც არ არის. მესამე, დიდი ნაბიჯი, კიდევ ერთი ახალი ინტერსუბიექტურობის მძლავრი ტალღა შეიძლება ხელოვნური ინტელექტის საშიშროებათა სრულიად ხელოვნური „გაჯაზება“ აღმოჩნდეს. ამას მიანიშნებს თვით იუვალ ნოა ჰარარის მართლაც შოკისმომგვრელი მოხსენება, რომელიც მან ეკოლოგიის პრობლემებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. უსმინეთ მას (იხ. https://www.youtube.com/watch?v=4IB1PuGc-cE) და მართლაც გაოცდებით, რამდენად დიდი უნარი აქვს ინტერსუბიექტურობა ექსპრომტად, თავად შეთხზას და თავსაც მოგვახვიოს, ისე, რომ ეჭვიც არ დატოვოს, ეს უკვე ობიექტური რეალობაა. ჰარარი, ამ მოხსენებაში გვიყვება ხელოვნური ინტელექტის შემაძრწუნებელ საფრთხეებზე − გატეხოს ადამიანთა „ოპერაციული სისტემა“, ე.ი. ადამიანთა ენა, და ჩაიდინოს ის, რასაც უკვე თავადვე ჰარარი დიდი ხანია სჩადის − ე.ი. დაგვატყვევოს ამ ჩვენსავე „ოპერაციული სისტემის“ ახალი კოდირებით წარმოებული მანიპულაციური ინტერსუბიექტურობით, ანუ რეალობა შეცვალოს მისი წარმოსახვითი ილუზიით, რითაც გააცოცხლოს დეკარტეს დემონი (რაციონალიზმის ერთ-ერთ მამამთავარს, რენე დეკარტს მუდამ ტანჯავდა ეჭვი, რომ რასაც ხედავდა, ყოველივე ბოროტი დემონის მიერ თავსმოხვეული მოჩვენება იყო და არა რეალობა), სინამდვილედ აქციოს ბუდისტური „მაია“ (ბუდისტების შეხედულებით, ყოველივე, რასაც ვხედავთ, ასევე მოჩვენებაა, ილუზიაა, „მაიაა“) და მთელი კაცობრიობა მოაქციოს „მატრიცაში“, რაც სწორედ ისაა, ზემოთ აღწერილი მწარე ხვედრია ადამიანისათვის სულის წართმევისა, მისი „ჰომო საკერად“ − მუდმივ და აბსოლუტურ მონად, რაიმე ხსნის გარეშე, გადაქცევისა…

…განსაკუთრებით გამაოგნებელია ამ მოხსენების ფინალი: ჰარარი სვამს შეკითხვას: რა იცით, რომ ეს, რაც ახლა ვთქვი, მთლიანად ხელოვნური ინტელექტის შეთხზული არ არის თქვენივე მანიპულირებისთვისო? ამ დემაგოგიური ხერხის ოსტატური გამოყენებით ის გვეუბნება: თუკი ეს ასეა, ე.ი. მე უკვე ვარ ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციური ინტერსუბიექტურობის პროდუქტი, პრაქტიკულად გამოსავალი აღარ გაქვთ: უკვე დამონებული ხართ და „მატრიცის“ უიმედო ტყვეობაში იმყოფებით. ხოლო თუკი ეს ჯერ კიდევ ასე არ არის, მაშ იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, რომ უსიტყვოდ უნდა დაიჯეროთ რასაც გეტყვით, რადგან უცილობლად გემუქრებათ ხელოვნური ინტელექტის − „მაიას“ სამუდამო პატიმრობაო. ე.ი. აირჩიეთ: ან ხელოვნური ინტელექტის, ანდა ჩემი „მატრიცაო!“ აი, სწორედ ესაა, რომ შემოთავაზებული ე.წ. არჩევანით საბოლოოდ გერთმევათ არჩევანი: რადგან რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა დეკარტეს დემონს − ექსისტი, „დავოსელი ორაკული“ თუ ხელოვნური ინტელექტი?!

…როგორ დავიცვათ ყოველივე ამისგან თავი, რათა „ანთროპოლოგიური განხეთქილების“ ე.ი. „ჰომო დეუსთა“ − ამ არნახული დემონების, ოლიმპოელი ღმერთების ადგილი რომ სწადიათ, მსხვერპლი არ გავხდეთ? − საკითხავი, აი, ეს არის! და ამ შეკითხვაზე საპასუხოდ გამუდმებით უნდა ვემზადოთ. ეს ამ ათწლეულის, შეიძლება რამდენიმე ათწლეულის და სულაც ასწლეულისაც − მთავარი შეკითხვაა.