რეზიდენტი ავტორები: დავით ზარდიაშვილი
2018 წელს სანტა-ფეში „ძლიერთა ამა სოფლისათა“ მნიშვნელოვანი შეკრება შედგა. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები, სადაც მსოფლიოს ბედის გამგებლები იკრიბებიან, დახურულია და დიდად არ ხმაურდება. სანტა-ფეს შეხვედრა კი სანახევროდ ღიაც იყო და გაშუქდა კიდეც, ოღონდ მაინცადამაინც ფართოდ არ რეკლამირებულა. ამით ხაზი გაესვა ორ რამეს: არსებულ ვითარებაში დასამალი, საიდუმლო რამ, უკვე თითქმის აღარაფერია და რაც მთავარია, „ძლიერთა ამა სოფლისათა“ გადაწყვეტილებების, როგორიც უნდა იყოს, გაპროტესტებაც უკვე აზრს მოკლებულია;
ეს შეხვედრა აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების ორგანიზაციული უზრუნველყოფით გაიმართა, მაგრამ მასში უშუალოდ გლობალურად სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღებნი ანდა მათი პირდაპირი მანდატით აღჭურვილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: დიდი ძალაუფლების მქონე ტრანსნაციონალური კომპანიების პატრონი ელიტარული ოჯახები, წამყვანი, ე.წ. ოქროს მილიარდის ქვეყნების სპეცსამსახურების შეფები და ე.წ. ექსისტები (ეს ტერმინი ინგლისური სიტყვა access-იდან მოდის, რაც ქართულად ნიშნავს „წვდომას“), ანუ ისინი, ვისაც აქვთ სრული წვდომა ყველა ინფორმაციაზე და რომელთა ხელშიცაა სხვათა წვდომა ობიექტურობაზე, ანდა პირიქით − სიმართლის სრული მოუხელთებლობის უზრუნველყოფა.
სანტა-ფეს შეხვედრა მთლიანად არსებული მსოფლიო კრიზისიდან გამოსავლის შესაძლო სცენარების განხილვას მიეძღვნა; იმთავითვე, არსებობდა სრული კონსენსუსი და არც არავის გაუხდია სადავოდ, რომ კაცობრიობა, და არა მხოლოდ „ოქროს მილიარდის“ ცალკეული წამყვანი ქვეყნები, გლობალურ კრიზისშია: რესურსების მოხმარების ტემპი იმდენად მაღალია, თანაც შეუკავებლად მზარდი, რომ რეალურია საფრთხე, პლანეტის შესაძლებლობები, დააკმაყოფილოს ადამიანის უზომო მოთხოვნილებები, მართლაც ამოიწუროს. გამოსავალი ამ ეგზისტენციალური კრიზისიდან, ფუნდამენტური წინააღმდეგობიდან, უფსკრულადქცეული დისბალანსიდან, რომელიც ხახას უფრო და უფრო ფართოდ აღებს, რაც არსებობს მოხმარების შეუჩერებელ ზრდასა და მილევად რესურსებს შორის, რამდენიმეა; მაგრამ სანტა-ფეს შეხვედრაზე მხოლოდ ოთხი, წინასწარვე შერჩეული საბაზისო სცენარი იქნა განხილული: იდეალურად ოპტიმისტური, ოპტიმალურად ოპტიმისტური, ოპტიმალურად პესიმისტური და იმდენად პესიმისტური, რომ ყველაზე უფრო ალბათობით იგი შეფასდა; ოთხივე სცენარი მაღალი რანგის და შეხვედრის მონაწილე გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის უმაღლესი ცენზის მქონე მკვლევარ-მეცნიერთა მიერ იქნა წარდგენილი; ისინი იყვნენ მომხსენებლები, მაგრამ თავად სათათბირო ხმაც კი არ ჰქონიათ – მათ ევალებოდათ მხოლოდ ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით და მეცნიერული კვლევა-ანალიზით შემუშავებული ამ შესაძლო სცენარების პრეზენტაცია, დასმულ კითხვებზე კვალიფიციური პასუხების გაცემა, მაგრამ რომელი სცენარი უნდა იქნას მხარდაჭერილი, ექსკლუზიურად ფასდებოდა შეკრებილი ზეპური საზოგადოების მიერ. მაშ ასე, განხილული იქნა შემდეგი 4 სცენარი:
- პირველი სცენარი, იდეალურად ოპტიმისტური, იმედს ამყარებდა რევოლუციურ ტექნოლოგიურ გარღვევებზე, რაც კაცობრიობის მიერ მოხმარებულ მილევად რესურსებსა და მზარდ მოთხოვნებს შორის დისბალანსს ჯერ დაასტაბილურებდა, სწრაფად შეამცირებდა, და ბოლოს, სულაც აღმოფხვრიდა; უწინარესად − ნაპოვნი იქნებოდა და დაინერგებოდა ეფექტიანი ტექნიკური გადაწყვეტა, რათა ენერგეტიკული დეფიციტის ფუნდამენტური პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან მოხსნილიყო. მაგ. მართვადი თერმობირთვული სინთეზის მეშვეობით კაცობრიობა მიიღებდა მუქთა და უშრეტი, უსაფრთხო ენერგიის წყაროს; ხოლო დანარჩენ რესურსებზე წვდომა დაკავშირებული იქნებოდა უკვე კოსმოსისა და მისი ულევი რესურსების ათვისებასთან, ანუ „გონიერი ადამიანის“, ე.ი. სიცოცხლისაც, დედამიწის გარეთ ექსპანსიასთან; ამ სცენარის ენთუზიასტ მომხრეთა მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ახალი „მეცნიერული რელიგიის“ − ე.წ. სინთროპიზმის მიმდევრები; ისინი მიიჩნევენ, რომ სიცოცხლის საწყისი, რისი უმაღლესი გამოხატულებაცაა გონი, ენტროპიის შემაკავებელი ერთადერთი ბუნებრივი და იმავდროულად, ზებუნებრივიც, „მეტაფიზიკური“ ძალაა. ამდენად, სამყაროს არსებობა, რათა იგი ენტროპიულ სიკვდილს და ნგრევას, რაც უსიცოცხლოდ გარდაუვალია, გადაურჩეს, დაკავშირებულია სწორედ ენტროპიის საპირისპირო ამ სასიცოცხლო ძალა-ენერგია-მასის − „სინთროპიის“ დროსა და სივრცეში, მეტიც − სამყაროდან სამყაროში (სინთროპისტებს მულტისამყაროებისა ურყევად სჯერათ) ზღვარდაუდებელ ექსპანსიასთან… მოკლედ, ასეა თუ ისე, ამ იდეალურად ოპტიმისტურმა და რომანტიკულად მომხიბვლელმა სცენარმა ამაღლებული განწყობა კი შექმნა სანტა-ფეს შეხვედრაზე, უამრავი კეთილი „სმაილიც“ დაიმსახურა, მაგრამ მისი რეალურობა ფაქტობრივად არავის დაუჯერებია; არცერთ მონაწილეს ეს სცენარი და მისი რეალიზაცია შემდგომი განხილვების ღირსად არ მიუჩნევია და იგი მოსმენისთანავე უარყვეს, როგორც სრულიად უტოპიური;
- მეორე სცენარი ასევე ოპტიმისტური გახლდათ, მაგრამ არა რევოლუციური, არამედ − ოპტიმალურად ევოლუციური; იგი ითვალისწინებდა კაცობრიობის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაქსიმალურ მობილიზებას, რათა მოხმარების კეთილგონივრული დაგეგმვითა და უფრო თანაბარზომიერი გადანაწილებით, რაც არსებულზე გაცილებით სამართლიანი საერთაშორისო თუ შიდა სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებით უნდა მოხდეს, არსებული დისბალანსის თუ აღმოფხვრას არა, რამდენადაც შესაძლებელია − შეკავებას და როგორც შედეგი, უწყვეტი „პროგრესის“ შენარჩუნებას შედარებით ზომიერი ტემპით. ოპტიმალური მართვის, რესურსების უფრო რაციონალური გამოყენებისა და სამართლიანი გადანაწილების გზით, ე.წ. მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას; არც ამ სცენარის რეალობისა სანტა-ფეს შეხვედრის მონაწილეებს დიდად არ დაუჯერებიათ, თუმცა არც ისევე კატეგორიულად უარყვეს, როგორც წინა, რევოლუციური სცენარი; დიახ, „მდგრადი განვითარება“ მართლაც სასურველი იქნებოდა, მაგრამ მაინც ნაკლები ალბათობით შეფასდა; იმიტომ, რომ არსებული მმართველი კლასი და მისი დასაყრდენი ე.წ. საშუალო ფენა სრულიად უუნაროდ გამოიყურება და ეს ერთხმად აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა, რათა საკმარისი მობილიზება შეძლოს ასეთი „მდგრადი განვითარებისათვის“.
- მესამე სცენარი ყველაზე პესიმისტური იყო: ამ სცენარის მიხედვით კრიზისიდან გამოსავალია გრანდიოზული მასშტაბების, გლობალური კატასტროფა (მაგ. მომაკვდინებელი პანდემია, რაიმე ბუნებრივი ანდა ტექნოგენური სუპერკატასტროფა, სულაც − ბირთვული ომი და სხვ.), რაც კაცობრიობის უდიდეს ნაწილს − არანაკლებ 70-80%-ს შეიწირავს, პლანეტის მოსახლეობა არანაკლებ 3-4-ჯერ შემცირდება, ასევე მოხდება ფიზიკური გადარჩენისათვის ცოცხლად დარჩენილების უკვე ბუნებრივად შექმნილი გარდაუვალი აუცილებლობით და არა მარტო პოლიტტექნოლოგიურად, ხელოვნური მანიპულირებით, სრული მობილიზაცია და მასობრივად მზარდ მოთხოვნებს ავტომატურად ბოლო მოეღება; აქ ხაზგასასმელია, რომ მსგავს უკიდურესად პესიმისტურ, კატასტროფულ სცენარს, როგორც ყველაზე სავარაუდოს, მიემხრო დამსწრეთა დაახლოებით ნახევარი;
- მეოთხე სცენარი გახლავთ „ანთროპოლოგიური განხეთქილება“ და ის დამსწრეთა დიდი უმრავლესობის მიერ მიჩნეული იქნა, როგორც ყველაზე მეტად მხარდასაჭერი, თუმცა მის სავარაუდოობას მიემხრო მხოლოდ 25%; ასევე: აქ ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ საერთო განწყობით სწორედ ეს სცენარი იქნა შერჩეული, რაზეც ღირს მუშაობის გაგრძელება და ამასთან, ყველა სხვა სცენარით წარმოდგენილი სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორის გამოყენებაც, რათა ეს მიზანი − მზარდ მოხმარებასა და კლებად შესაძლებლობებს შორის დისბალანსის შეჩერება − ისე იქნას მიღწეული, რომ „ძლიერთა ამა სოფლისათა“ მდგომარეობა, რომლებიც თავს კაცობრიობის ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლებად, ნაღებად, „მარილად ამა სოფლისა“ მიიჩნევენ, იოტისოდენადაც არათუ არ შეირყეს, არამედ განმტკიცდეს.
„ანთროპოლოგიური განხეთქილების“ არსია „ჰომო საპიენსის“ ბიოლოგიურ სახეობაში თვითევოლუციის დაჩქარების გზით, ტექნოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზემძლავრი ინსტრუმენტების გამოყენებით, ახალი ბიოლოგიური სახეობის, რასაც იუვალ ნოა ჰარარი „ჰომო დეუსს“ უწოდებს, გამოზრდა-გამოყვანა. ეს ნიშნავს, რომ უთანასწორობა, რომელიც არსებობს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, ნებისმიერ საზოგადოებაში, გლობალური თუ ლოკალური მასშტაბებით, ცივილიზაციებისა თუ პოლიტიკური კავშირების − სახელმწიფოების ანდა მათი გაერთიანებების შიგნით, ყველა: საერთაშორისო, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა ურთიერთობათა დონეებზე, მიიღებს უკვე ბიოლოგიურ შინაარსს და სახეს; ამ განხეთქილებით კი მოგვარდება ისტორიის მთავარი წინააღმდეგობა; ეს წინააღმდეგობა, თანამედროვე ტერმინებით რომ გამოვხატოთ − ინკლუზიურობა-ექსკლუზიურობას შორის გარდაუვალი და მუდამ გადაუწყვეტელი კონფლიქტია, რაც უკვე საყოველთაო კატასტროფამდე − არსებობისათვის აუცილებელი რესურსების მწვავე უკმარისობამდე მიგვიყვანს. თუმცა გიხაროდენ: გადაწყვეტა ნაპოვნია − ისტორიის ეს ძირითადი წინააღმდეგობა მოხსნილი. გადაწყვეტაა „ჰომო დეუსისათვის“ (ქართულად− „განღმრთობილი ადამიანისთვის“) ისეთი ექსკლუზიური მდგომარეობა, იმგვარი არნახულად გამორჩეული სტატუსი, რაც, უწინარესად, ყოვლისმცოდნეობაა: კაცობრიობის მიერ დაგროვილი ყველა ღირებული ინფორმაციის, ნებისმიერი ობიექტური მონაცემისა და ნებისმიერ სფეროში მეცნიერული ცოდნის სრული ხელმისაწვდომობა (ე.ი. „სუპერ-ექსისტობა“), თანაც მყისიერად და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის, რაც ყოველთვის ინტელექტუალური შესაძლებლობების მობილიზებასა და ხანგრძლივ გონებრივ შრომას საჭიროებდა, გარეშე! ამ შავ სამუშაოს − ე.ი. ყველაფრისა და ყველას, ყოველივეს შესახებ მაქსიმალურად შესაძლო ობიექტური მონაცემების მოპოვებას, შეგროვებას, სელექციასა და სისტემატიზაციას, დამუშავებასა და უშუალოდ „ჰომო დეუსის“ „ოპერაციულ სისტემაში“ ჩატვირთვას, ხელოვნური ინტელექტი შესრულებს. აღარ იქნება საჭირო ხანგრძლივი სწავლებით მოპოვებული არანაირი სპეციალური ცოდნა; მაგ. ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს, რომ მრავალწლიანი შრომის გარეშე იყოთ პოლიგლოტი და სრულყოფილად ფლობდეთ კაცობრიობის ყველა ენას, მათ შორის − თუნდაც „მკვდარ“ ენებსაც; ანდა პროფესიონალი მეცნიერ-ფიზიკოსის დონეზე ერკვეოდეთ კვანტური ფიზიკის საიდუმლოებებში; ეს თავიდან მოხდება მანქანური, კომპიუტერული „გარე მოწყობილობების“ მეშვეობით, ხოლო ეტაპობრივად და საბოლოოდ, ბიოლოგიური და ხელოვნური გონის სიმბიოზით; ეს ახალი ბიოლოგიური სახეობა – „ჰომო დეუსი“ სიცოცხლის ახალი ფორმა იქნება პირდაპირი გაგებით: მას ექნება როგორც ბიოლოგიური, ისე არა ბიოლოგიური, არა ბუნებრივი, არამედ „მანქანური“, არაორგანული წარმომავლობა. ის იქნება უკვე არა ბიოლოგიური, არამედ თავიდანვე ბიო-კიბერნეტიკული ორგანიზმი. ხოლო ევოლუცია და სრულყოფილებისკენ სწრაფვა განუხრელად შეამცირებს არასტაბილურ, ხრწნად და მოკვდავ ბიო-კომპონენტს და გაზრდის კიბერნეტიკულს, რომელიც გაცილებით მყარია, გამძლეა, თუ სულაც მუდმივი არა, თანაც შეუდარებლად ეკონომიკური და ეკოლოგიურიც: არ მოითხოვს არარაციონალურ დანახარჯებს, რაც ბიოლოგიურ ადამიანს, მაგ. მყიფე ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სჭირდება და ადამიანივით არც გარემოს დააზიანებს; იგი „გავა“ კვების ჯაჭვიდანაც, მასზე „ამაღლდება“: ცოცხალ ორგანიზმებს, მცენარეულს, ანდა, მით უმეტეს, ცხოველურს, კი არ მიირთმევს, არამედ „სუფთა“ ენერგიას მოიხმარს; მოკლედ: „ჰომო დეუსის“ კვების წყარო მატერიალიზებული „ნექტარია“ და იგი ძველი ბერძნების ოლიმპელი ღმერთების არა წარმოსახვითი, არამედ რეალური ინკარნაციაა; რასაკვირველია, „ყოვლისმცოდნეობა“, ე.ი. ნებისმიერ დაგროვილ და ექსპონენტურად მზარდ ინფორმაციაზე, ობიექტურ მონაცემზე თუ მეცნიერულ ცოდნაზე სრული და მყისიერი ხელმისაწვდომობა, ანუ „სუპერ-ექსისტობა“, „სუფთა ენერგიის“, ანუ „ნექტრის“ მუდმივი, დაუშრეტელი წყაროს, რაც პირდაპირ და განცხრომით მოიხმარება, პოვნასთან ერთად, ტექნოლოგიური ყოვლისშემძლეობის საწინდარია; „ჰომო დეუსისთვის“ ტექნოლოგიურად არაფერი იქნება შეუძლებელი; ივარაუდება (მაგალითისათვის საკმარისია რეი კურცვეილის ფუტურისტული პროგნოზები), რომ 2045 წლისთვის უნდა დადგეს ე.წ. ტექნოლოგიური სინგულარობა, ანუ მდგომარეობა, როცა სასწაულები, რომელთა წარმოდგენაც კი ამჟამად შეუძლებელია, ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი გახდება; სადემონსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმეს, რეი კურცვეილის ფუტურისტული პროგნოზების ფრაგმენტს 2030-2045 წლებისათვის:
2029 − კომპიუტერი შეძლებს ტიურინგის ტესტის გავლას და ამით დამტკიცდება, რომ მას აქვს გონი, ამ სიტყვის ადამიანური მნიშვნელობით; ეს შესაძლებელი გახდება ადამიანის ტვინის კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით;
2033 − თვითმავალი მანქანები მთელ მსოფლიოში გზებს დაიპყრობენ;
2034 − ადამიანის პირველი პაემანი ხელოვნურ ინტელექტთან; შესაძლებელი გახდება ვირტუალური შეყვარებულის მატერიალიზაცია;
2036 − პროგრამირების მეთოდის ბიოლოგიაში გამოყენებით კაცობრიობა პირველად შეძლებს სამკურნალო უჯრედების პროგრამირებას, ხოლო 3D-პრინტერებით შესაძლებელი გახდება ახალი ქსოვილებისა და უჯრედების ბეჭდვა;
2038 − გამოჩნდებიან ტრანსტექნოლოგიებით რობოტიზებული ბიო-კიბორგი ადამიანები. მათ ექნებათ დამატებითი ინტელექტი (მაგალითად, ცოდნის ვიწრო, კონკრეტულ სფეროზე ორიენტირებული სპეციალური ინტელექტი, რომლის მთლიანად მოცვა ადამიანის ტვინს არ ძალუძს) და მრავალფეროვანი იმპლანტანტ-ოპციები − კამერა-თვალიდან დაწყებული, დამატებითი იმპლანტანტი კიდურებით დამთავრებული;
2039 − ნანომანქანები პირდაპირ ტვინში იქნებიან იმპლანტირებული და ტვინის უჯრედებიდან სიგნალების შეუზღუდავად შეყვანა-გამოყვანას განახორციელებენ; ეს შედეგად მოიტანს ვირტუალურ რეალობაში „მთლიანად ჩაძირვას“, როცა საჭირო აღარ იქნება არანაირი დამატებითი მოწყობილობა;
2040 − საძიებო სისტემები ადამიანის ტვინში ჩანერგილი გაჯეტების საფუძვლად იქცევიან. საინფორმაციო სივრცეში ძიება განხორციელდება არა მხოლოდ ენის, არამედ უშუალოდ აზრის მეშვეობით, ხოლო ძიების შედეგი ლინზებისა და სათვალეების სახით შექმნილ ეკრანებზე აისახება;
2041 − ინტერნეტსივრცის ზღვრული გამტარუნარიანობა დღევანდელთან შედარებით 500 მილიონჯერ (!!!) გაიზრდება;
2042 − უკვდავების პირველი პოტენციური რეალიზაცია − ნანორობოტების არმიის მეშვეობით, რაც ადამიანის იმუნური სისტემის არნახულ გაძლიერებას განაპირობებს, ადამიანი გათავისუფლდება ნებისმიერი თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებისგან;
2043 − ადამიანს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს სხეულის ნებისმიერი ფორმა, ასევე შესაძლებელი გახდება ნანორობოტების დიდი ოდენობით გამოყენების შედეგად გაცილებით მაღალი ხარისხის კიბერნეტიკული მოწყობილობებით შინაგანი ორგანოების ჩანაცვლება;
2044 − არაბიოლოგიური ინტელექტი ბიოლოგიურთან შედარებით მილიარდჯერ უფრო გონიერი გახდება;
2045 − დადგება ტექნოლოგიური სინგულარობა − დედამიწა გიგანტურ კომპიუტერად გარდაიქმნება.
რასაკვირველია, ეს ტექნოლოგიური სასწაულების ფუტუროლოგია ან ახდება ანდა არა, მაგრამ მთავარი ეს არ არის − მთავარი აქ გახლავთ პრობლემა: ვისთვის იქნება ყველა ეს ტექნოლოგიური სასწაული ხელმისაწვდომი? იქნება ის ექსკლუზიური თუ ინკლუზიური? სანტა-ფეს შეხვედრამ ამ შეკითხვას ცალსახა პასუხი გასცა: რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ − ექსკლუზიური! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი „ჰომო დეუსობა“ საყოველთაო, ინკლუზიური იქნა, არავითარი ელიტები და „ძლიერთა ამა სოფლისათა“ გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და სოციალურ მწვერვალზე წარჩინებული ადგილი აღარ იარსებებს, რაც ამ ზეპური საზოგადოებისათვის, ვინც სანტა-ფეში შეიკრიბა, ნამდვილი სიკვდილის ტოლფასია! ამდენად, სასწაულები, თუკი ისინი ტექნოლოგიურად ახდება კიდეც, მხოლოდ ექსკლუზიურია, თანაც იმდენად ექსკლუზიური, რომ ჩვეულებრივი „ჰომო საპიენსისათვის“ ამ სასწაულებთან წვდომა პრინციპულად შეუძლებელი იქნება. თუმცა, სამაგიეროდ მათთვის შეიქნება „ინკლუზიური კაპიტალიზმი“, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. არაინკლუზიურ „ჰომო დეუსთა“, ე.ი. „ოლიმპოელ ღმერთთა“ წრე, რასაკვირველია, უკიდურესად შეზღუდული გახლავთ. დღევანდელი ელიტების მთავარი ამოცანა, რაც სანტა-ფეს შეხვედრის შემდეგ გახმაურდა კიდეც, ესაა: ისე განახორციელონ თავიანთი გეგმა − „ანთროპოლოგიური განხეთქილება“, რომ თავად არ შეეწირონ ექსკლუზიურობა-ინკლუზიურობის ამ საშინელ კონფლიქტს, რაც ტექნოლოგიური სასწაულების ეპოქაში განსაკუთრებით გამწვავდება. გამწვავდება იმიტომ, რომ განსხვავება ამ ტექნოლოგიურ სასწაულთა მომხმარებლებისა მათგან, ვინც ამას ვერ მოიხმარს, ე.ი. უთანასწორობა, რაც ადამიანთა შორის მუდამ არსებობდა, თავის პიკს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა ელიტებისათვის სწორედ ეს არის: უთანასწორობის პიკი კაცობრიობამ ისე გაიაროს, რომ ამ განხეთქილებით ორ, ბიოლოგიურადაც და არა მხოლოდ სოციალურად, არა მხოლოდ კლასებად ანდა უფრო ხისტად − კასტებად, არამედ უკვე სახეობებადაც, დაიყოს, თანაც ისე, რომ ეს მომაკვდინებელი საფრთხე არ აღმოჩნდეს უწინარესად ელიტებისათვის, „ჰომო დეუსების“ ზე-საზოგადოებისათვის; ხოლო „ჰომო საპიენსები“ უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რასაც ეს ახალი ოლიმპელი ღმერთები მათთვის გაიმეტებენ, ე.ი. იცხოვრონ ისე, როგორც „ჰომო დეუსთა“ სცენარით, მათი დაწერილი ზეგარდმო ბედისწერით გამოვა. მთავარია − არ უნდა იყოს დაუმორჩილებლობა და ამბოხი ელიტების წინააღმდეგ. და ეს რომ არ მოხდეს, თავად ელიტები აჯანყდნენ და მოინდომეს ბიოლოგიური ჩარჩოს დამსხვრევა − საკუთარი თავის არნახულ, „ოლიმპოს მთაზე“ ატყორცნა და იქ მორჭმით განგება სამყაროს ბედისწერისა. ბედის ირონიით გამაოგნებელი წრე იკვრება: ინდუსტრიული ეპოქა, რაც ინკლუზიურობის მოსაპოვებლად „მასათა ამბოხით“ დაიწყო (ეს ბრწყინვალედ აღწერა ორტეგა ი გასეტმა), სრულდება, და სრულდება ტექნოლოგიური ეპოქის, „ტექნოლოგიური სინგულარობის“ ნიშნით, სრულდება ექსკლუზიურობისათვის „ელიტების ამბოხით“, რამაც ანთროპოლოგიური განხეთქილება − ძველი ისტორიის დასასრული, ახალი სუპერწარმართობა, სადაც ღმერთები არა მხოლოდ ინტერსუბიექტური ცრურწმენაა, არამედ უკვე ობიექტური რეალობა, უნდა წარმოქმნას!