რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

კათოლიციზმის ნეოლიბერალური რეკვიემი (I ნაწილი)

0

რეზიდენტი ავტორები: დავით ქართველიშვილი

ანგლიკანური ეკლესიის შემდეგ, ევროპის საბჭო აპირებს განიხილოს გენდერულად ნეიტრალური ტერმინების საკითხი ღმერთზე მოხსენიებისას. ასევე დღის წესრიგშია ახალი წესების მიღება − გეი და ლესბოსელი სასულიერო პირების დაქორწინების და „ცელებატის“ (უბიწოების) პრინციპების გადახედვა. ამ საკითხებზე გადაწყვეტილება შემოდგომაზე უნდა გამოცხადდეს, მაგრამ რაღაც გვკარნახობს, რომ ევროპელი ჩინოვნიკებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება უკვე ეჭვებს აღარ იწვევს. როდესაც განვიხილავთ ნეოლიბერალური ტრანსკორპორაციული იმპერიის „მეტასტაზებს“ მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ამ პოლიტიკური „ონკოლოგიის“ დამღუპველი ზემოქმედება დასავლეთის ქრისტიანულ კონფესიებზე. ამ მიზნით, ინტერესმოკლებული არ იქნებოდა ამ „მეტასტაზებთან“ ბრძოლის უკანასკნელ კათოლიკე-რაინდს შევეხოთ და თემის აქტუალურობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე − მას „ორსერიიანი“ გამოშვება დავუთმოთ.

როგორც ჩანს, დადგა დრო, კეთილი სიტყვით გავიხსენოთ ახალი 2023 წლის წინა დღეებში გარდაცვლილი ბენედიქტ XVI (ერისკაცობაში − ჯოზეფ ალოის რატცინგერი). სწორედ „წმ. პეტრეს ეკლესიის“ ამ მტკიცე დამცველისათვის ცხადი გახდა: ვატიკანი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ქრისტეს რწმენას, ის წარმოადგენს პოლიტიკას და საგარეო დაზვერვას. როგორც ჩანს, წმინდა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, ასე უნდა დასრულებულიყო კათოლიციზმის ისტორია. მის გადარჩენას ესაჭიროებოდა სასტიკი, დაუნდობელი რეფორმატორი, ხოლო უძლური მოხუცების პლეადამ, ჩუმად დაუმარხა კათოლიციზმს მისი ყოფილი სიდიადე.

ბევრი გამოფხიზლდა, როდესაც 2005 წლის 19 აპრილს გერმანელი (რომელიც პირველად გახდა პაპი ბოლო ათასი წლის განმავლობაში) ჯოზეფ რატცინგერი აირჩიეს რომის კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურად. მან აირჩია საკულტო სახელი ბენედიქტ XVI, თავისი სულიერი მფარველი ბენედიქტ XIV-ს (პროსპერო ლამბერტინი, 1740-1758) მიმართ პატივისცემის ნიშნად, რომელიც განთქმული იყო იმით, რომ იგი კათოლიკეებსაც და პროტესტანტებსაც თანაბრად უყვარდათ და პატივს სცემდნენ, რომელმაც მთელი ცხოვრება განმარტოებაში გაატარა და ნამდვილ მეცნიერსა და ფანატიკურ დონემდე მორწმუნე ადამიანს წარმოადგენდა.

ბენედიქტ XVI ხედავდა ქრისტიანობის დიალოგის საჭიროებას ისლამის, იუდაიზმისა და სხვა რელიგიურ მოძრაობებთან, როგორც რომის პაპის იპოსტასში თავის მთავარ ამოცანას, მაგრამ მაშინვე წააწყდა სკანდალების სერიას საკუთარ კონფესიაში. ჯერ იყო და გამოაშკარავდა ირლანდიასა და შეერთებულ შტატებში სასულიერო პირების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ეპიზოდები. როგორც კი მოხერხდა ამ სკანდალის მიჩუმათება, აფეთქდა კორუფციული ბომბი ვატიკანის ბანკთან დაკავშირებით. შემდეგ ღია წყაროებში გაჟონა რომის პაპის მამასახლისის მიერ მოპარული „ბენედიქტ XVI-ის საიდუმლო წერილების“ სკანდალურმა ფრაგმენტებმა, ხოლო 2012 წლის დეკემბერში რომის პაპმა მიიღო მისი დაცვის − „შვეიცარიის გვარდიის“, საიდუმლო მოხსენება (300 გვერდზე), რომელიც შეიცავდა მაკომპრომეტირებელ მასალებს ბევრ მის კარდინალზე.

დასავლური პრესა დარწმუნებულია, რომ სწორედ კარდინალების მიერ ჩადენილმა სექსუალურ დანაშაულთა და კორუფციის მასშტაბებმა გამოიწვია რომის პაპის განცხადება 2013 წლის 11 თებერვალს, როდესაც ბენედიქტ მეთექვსმეტემ დატოვა რომის კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, შემდეგი ფორმულირებით: „მე არა აქვს საკმარისი ძალა საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, მე ვტოვებ პონტიფიკატს ეკლესიის საკეთილდღეოდ, უფრო ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანის სასარგებლოდ, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს თანამედროვე სამყაროს სწრაფი ტემპი“.

შეიძლება ასეც ყოფილიყო, თუმცა ზოგიერთი ამ ვერსიას არ ეთანხმება, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მონაწილეობდნენ ებრაულ და მართლმადიდებელ კონფესიებთან ბენედიქტ XVI-ის პირადი კომუნიკაციის ღრმა მექანიზმებში. გარდა მშობლიური გერმანულის, ასევე ინგლისურის, ესპანურის, იტალიურისა და ლათინური ენებისა, რომლებსაც სრულყოფილად ფლობდა, პაპმა ისწავლა ივრითი, მიმოწერა ჰქონდა რამდენიმე იდუმალ რაბინთან, მოითხოვა ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი რიგი იერარქების ქადაგებებისა და ეპისტოლეების თარგმნა. სწორედ მის დროს გააქტიურდა ოფიციალური კომუნიკაცია ვატიკანსა და რუსეთის საპატრიარქო რეზიდენციას შორის. ყველას გარკვეული იმედი გაუჩნდა: საქმე მიიწევს უმსხვილესი აღმსარებლობის ინსტიტუციებს შორის გლობალური დიალოგისკენ, რათა ერთობლივად გაეწიოს წინააღმდეგობა მოახლოებულ გლობალურ ომს.

ამ მოლოდინს შორის იყო ვიზიტი კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) და შეხვედრა პატრიარქ ბართოლომეოსთან, სადაც პაპმა აღიარა „ჩვენი ეკლესიების განცალკევება, როგორც მთავარი ისტორიული კატასტროფა“. შემდეგ კი საერთოდ ყველა გააოცა, როცა მოლაპარაკებები გამართა თურქეთის რელიგიურ საკითხთა საბჭოს ხელმძღვანელთან, თურქეთის დიდ მუფთთან − ალი ბარდაქოღლუსთან. გაკეთდა განცხადება რელიგიათაშორისი დიალოგის გადაუდებელ (!) აუცილებლობაზე, ისლამოფობიის მიუღებლობაზე დასავლურ პრესაში. მიუხედავად ამ ეკუმენისტური აქტივობებისა და მთავარ ეკუმენისტ, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსთან ახლო ურთიერთობების დამყარების მცდელობისა, ბენედიქტ XVI იყო ამავდროულად უკრაინული უნიატიზმის წინააღმდეგ თანმიმდევრული მებრძოლი, იმაზე უფრო დაუნდობელიც კი, ვიდრე მოსკოვის პატრიარქი. ფაქტს წარმოადგენს, რომ ბერძნულ-რომაული უნიატური ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელი ბენედიქტ მეთექვსმეტემ პირადად გააძევა ვატიკანიდან, მას შემდეგ, რაც მათგან მოისმინა ქადაგებები უნიატიზმის „მადლის“ შესახებ.

პაპი წავიდა არა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ცნობილი იყო მისი ძალაუფლებისკენ ლტოლვა და რთული ხასიათი, სულელებთან და გაუნათლებლებთან ურთიერთობებში შეუწყნარებლობა. ბენედიქტ XVI გახდა უკიდურესად არახელსაყრელი ფიგურა დასავლური ნეოლიბერალიზმის მესვეურებისათვის. მაგალითად, როდესაც მან გამოხატა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტ ოლანდის მიერ გამოცემული საფრანგეთის კანონის მიმართ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, როდესაც საუბრობდა „აბრაამული რელიგიების“ ისლამთან შერიგებაზე, დაიწყო ორმხრივი შეხვედრის მომზადება რუსეთის პატრიარქთან − აი, სწორედ ამის შემდეგ, ის აიძულეს, რომ წასულიყო. ყველა პაპის მსგავსად, ის „საშიშ ობობას“ წარმოადგენდა, თუმცა მისი მცდელობა, შეეჩერებინა კათოლიციზმის დაშლა, იყო გულწრფელი, მაგრამ დაგვიანებული.

ბენედიქტ XVI-ს ჰქონდა ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ღრმა და უდრეკი პრინციპები, ის შეუვალი იყო ლიბერალური ფაშიზმის გამოხდომების მიმართ. მან მაშინვე შეწყვიტა კათოლიკური ეკლესიის ფლირტი „საყოველთაო ცისარტყელას სიყვარულის“ მოდის ტენდენციებთან, დაადასტურა პროტესტანტებთან დიალოგის შეუძლებლობა (ფორმულირებით − „ეს საერთოდ არ არის ეკლესია“). მისმა იდეამ − საბოლოოდ გადაწყვეტილიყო საუკუნოვანი დისკუსია კათოლიკური მღვდლების უქორწინებლობასა ან მის გაუქმებაზე − დიდი ხმაური გამოიწვია. პაპის პოზიცია იყო შემდეგი: „თუ ჩვენ უარს ვიტყვით უქორწინებლობაზე, დაე ყველამ დაიცვას ეს გადაწყვეტილება. თუკი არა − შეწყდეს გამონაკლისების გამოგონება!“

2005 წელს ბენედიქტ მეთექვსმეტემ ნეოლიბერალებს მძიმე დარტყმა მიაყენა, როდესაც გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ავალდებულებდა სემინარიებს, გაერიცხათ „ღრმად ფესვგადგმული ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე სემინარისტები“, რათა თავიდან აერიდებინათ სამომავლოდ მათი მღვდლის ხარისხში ხელდასხმა. აშშ-ისა და ევროპის მედიაგამომცემლობებმა ბენედიქტ XVI მიწასთან გაასწორეს, მაგრამ მილიარდობით მორწმუნეს გაუგზავნეს სიგნალი: პაპის ტახტზე − კონსერვატორი და რწმენის მფარველია. შეძლო თუ არა მან შეეჩერებინა სამწყსოს კათოლიკური ეკლესიებიდან გადინება, ეკლესიების გადაქცევა ღამის კლუბებად, კათოლიკეების (უპირველესად, ამერიკელებისა და ევროპელების) ცოდვაში მორალური დაცემისაგან მასობრივი დაცვა − ალბათ, მაინც, არა. საიდუმლო მოხსენების სამასი გვერდი ამაზე მეტყველებს. მან სულ ცოტა ათი წლით დააგვიანა, კათოლიკეებმა მოასწრეს „განახლება და მოდერნიზება“, კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა, სოდომიტებმა და პედოფილებმა უკვე გაანადგურეს რწმენის საფუძვლები, ხალხმა შეწყვიტა სამღვდელოების მოსმენა და საკუთარ სულებში რწმენის მისამართით „საკონტროლო გასროლა“ განახორციელა.