დავით პაპოშვილის ახალი წიგნი „გაუჩინარებული ფრანგი უფლისწულის საიდუმლოებით მოცული, დაუჯერებელი ისტორია და შოკისმომგვრელი მემკვიდრეობა: დანიელ, ჯონას და ლუის კას პეისორები“
იცით, რომ ორი ამერიკის შეერთებული შტატები არსებობს და მათ შორის განსხვავებაა? და იცით რა განსხვავებაა? არა! აზრადაც კი არ მოგსვლიათ, არადა არსებობს! არის ერთი დიდგვაროვანი ილუმინატური ოჯახი, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით საგვარეულო, რომელიც ამ ქვეყანაში (აშშ) ყველაფერს ფლობს და რომელმაც თავისი უზარმაზარი ბიზნესიმპერიის სამართავად იმდროინდელი „გავლენიანი ბიზნესმენები“ დაიქირავა, რომლებმაც შემდეგ ამერიკის ელიტური ბიზნესკლასი ჩამოაყალიბეს. კითხულობთ ამ სტრიქონებს და თავში ათასი აზრი გიტრიალებთ, ფიქრობთ, ეს რა სისულელეა. არადა „ეს სისულელე“ რეალურია, რასაც ვერც სასკოლო, „ისტორიულ“ ან „სამეცნიერო“ წიგნებში ამოიკითხავთ. რატომ გვიკრძალავენ ამ თემებზე კითხვას ან მათზე ინფორმაციის მოძიებას? ალბათ, ასეა საჭირო… რადგან დიდ ფულსა და ნამდვილ ძალაუფლებას სიჩუმე უყვარს.
თქვენი აზრით, შეუძლია ერთ რიგით სამხრეთაფრიკელ ახალგაზრდას, რომელიც, როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, მაინცდამაინც დიდი ინტელექტუალური თუ გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, დააფუძნოს და მართოს ისეთი დიდი კომპანია, როგორიცაა „ტესლა“ და „ოფიციალური მონაცემებით“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მოიპოვოს?
როგორ გახდა ნიუ იორკის შტატის ერთ-ერთ პატარა ქალაქ რიჩფორდში დაბადებული ღარიბი ბიჭი მსოფლიო ნავთობის მაგნატი, რომელიც მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ 100 წელი ეცოცხლა და 100 ათასი აშშ დოლარი მოეგროვებინა? ან როგორ ჩამოაყალიბა ხელმოკლე შოტლანდიელი ემიგრანტების შვილმა უდიდესი მეტალურგიული ინდუსტრია? დაფიქრებულხართ ოდესმე ამაზე? კეთილი, დავუშვათ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც მეინსტრიმი გვეუბნება, მაშინ თქვენ რატომ ვერ აღწევთ წარმატებას, რატომ ვერ მდიდრდებით, მიუხედავად იმისა, რომ ათასი სახის ლიტერატურას კითხულობთ, ყურს უგდებთ „ცნობილი ფინანსისტების“ რჩევებს, ითვალისწინებთ მათ მოწოდებებს და ა.შ. რამდენ ადამიანს იცნობთ, რომლებსაც არც ნიჭი, ინტელექტი, მონდომება აკლიათ, თუმცა დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან. თქვენი აზრით, რატომ? რას ფიქრობთ? იქნებ არის მიზეზი და ჩვენ არ ვიცით? ვინ დგას მათ უკან?
ამ ოჯახის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წიგნში ან ვებგვერდზე ამოიკითხავთ. საინტერესოა, ვინ დაბეჭდა დოლარი, ვისია სინამდვილეში ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომლისგანაც შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დოლარს პროცენტებით ყიდულობს? მართლა ყველაფერი ისეა, როგორც „შეთქმულების თეორეტიკოსები“ გვიყვებიან? ზოგი როტშილდებისკენ იშვერს ხელს, ზოგიც როკფელერებისკენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც ყველაზე მდიდარი დიუპონები ან ონასისები ჰგონიათ. ეს ოჯახები მართლაც ძალიან მდიდრები არიან და უდიდეს ძალაუფლებასაც ფლობენ, თუმცა…
ამ და სხვა საინტერესო ისტორიას წინამდებარე წიგნში წაიკითხავთ. ეს არის ინფორმაცია, რომელიც თავად შეერთებულ შტატებშიც კი ამ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლის შესახებაც ჯერ მხოლოდ „ამერიკულ სამზარეულოებში“ საუბრობენ… მოკლედ რომ ვთქვათ, საინფორმაციო გამოშვებებში, თოქ-შოუებსა თუ სხვა შინაარსის გადაცემებში მათ შესახებ კრინტს არ ძრავენ. ერთია, რომ აკრძალულია, მეორეა, რომ არ იციან.
პეისორების ოჯახის ისტორიას ქართველი მკითხველი დღეს პირველად გაიცნობს. წიგნში ასახული აქამდე უცნობი და სკანდალური ფაქტების უტყუარობას ამერიკული სასამართლოების არქივებში მოპოვებული დოკუმენტები (ასევე ფედერალური დოკუმენტები) ამტკიცებენ და არა მეინსტრიმული ჟურნალ-გაზეთებისა თუ ისტორიული წიგნების მოტრფიალეთა სულელური და აკვიატებული მოსაზრებები. ეს პერიოდული გამოცემები და თვალწარმტაცი გარეკანით დამშვენებული წიგნები, რომლებიც წინასწარ დამუშავებული, გამოგონილი მითებით გვკვებავენ და გარკვეულწილად ჩვენს მსოფლმხედველობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, ათწლეულების განმავლობაში მართვის სათავეებთან მდგომი ძლევამოსილი პიროვნებების საკუთრებას წარმოადგენენ. ელიტური ოჯახების შესახებ გამოცემულ წიგნებში მწერლები და ისტორიკოსები ფაქტების უმეტესობას აშკარად ამახინჯებენ. ჩვენამდე მხოლოდ ცენზურაგავლილი და შელამაზებული ინფორმაცია აღწევს. მათ შესახებ ვიცით იმდენი, რამდენიც, ამ ძლევამოსილი ოჯახების აზრით, უბრალო მოკვდავებისთვისაა საკმარისი.
დავით პაპოშვილი