დავით ქართველიშვილი
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ უარყოფით კონტექსტში, როგორც წმინდა პოლიტიკური მოვლენა, კოაბიტაცია იყო გარდაუვალი, თუმცა არა „ორსერიანი“ და მით უმეტეს – უსასრულო პროცესი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში. ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პოზიციებზე ერთდროულად, ორი საპირისპირო და ერთმანეთთან ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური ბანაკების ლიდერები ვიხილეთ. კოაბიტაცია იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ ტრიუმფის იძულებითი, თუმცა ლოგიკური გაგრძელება, რასაც ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანმა ჩანაცვლებამ ჩაუყარა საფუძველი 2012 წლის 1 ოქტომბერს. საქართველო იძულებული იყო ევროპული ტრადიციები კიდევ უფრო გაემყარებინა და ქვეყანაში კოაბიტაციური პერიოდი გამოეცხადებინა.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნის საჯარო სივრცეში და ბიზნეს წრეებში ჩამოვარდა უკიდურესი დაძაბულობა და პანიკასთან მოსაზღვრე შიში. აბსოლუტურად ყველას კარგად ახსოვდა, თუ როგორ ყრიდნენ კაბინეტებიდან „ვარდების რევოლუციონერები“ 2003 წლის იანვრიდან წინა ხელისუფლების დროინდელ საჯარო მოხელეებს, როგორი შემართებით ახორციელებდა თავის რეპრესიულ პოლიტიკას ოქრუაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის ტრიო, როგორ და რის ხარჯზე ჩნდებოდნენ „ახალი საქართველოს“ ახალი მილიონერები. ამ მეხსიერების ფონზე რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა რევანშიზმის მოლოდინში იყო, მაგრამ ეს რევანში სერიოზულ ჩრდილს მიაყენებდა იმ მართლაც რომ მნიშვნელოვან დემოკრატიულ გარღვევას, რასაც 2012 წლის არჩევნები ჰქვია. ამიტომაც იგი არ შედგა.
გარდა ამისა, დღემდე რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებას“ აწუხებდა გარკვეული კომპლექსები ქვეყნისა და სახელმწიფოს მართვის უნარიანობის თვალსაზრისით. ქვეყნის სათავეში მოვიდა გუნდი, რომლის წევრებს ბოლო 9 წლის განმავლობაში ფაქტიურად არ ჰქონდათ საჯარო სივრცეში მუშაობის არანაირი შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, არც გამოცდილება. კოაბიტაციურმა გარემომ ხელი შეუწყო იმ პროცესებსაც, რომ სახელმწიფოს მართვის სადავეები გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას გაენაწილებინა თავის გუშინდელ მოწინააღმდეგეებთან იმ მიამიტური გათვლებით, რომ მათთვისაც „საქართველო იქნებოდა უპირველეს ყოვლისა“ და არა ვიწრო კორპორატიული ინტერესები ან კერპის რანგში აყვანილი იმ დროს ჯერ კიდევ „მათი“ ქვეყნის პრეზიდენტი.
არშემდგარი შურისძიების მოლოდინში მყოფმა ნაცმოძრაობის მომხრე, აკანკალებულმა ჩინოვნიკებმა, დაუჯერებელ სასწაულად მიიღეს ახალი ხელისუფლების წყალობა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ახალი ხელისუფლებისადმი თავისი ლოიალურობის ილუზიაც შექმნეს. დაახლოებით პირველი ორი წლის განმავლობაში მაინც. იგივე ბედი ეწია ნაცმოძრაობის ბიზნეს-აქტივებსაც – მათ თავისი საქმიანობის გაგრძელების სასათბურე პირობები შეუქმნეს.
პარალელურად რა თქმა უნდა, საჯარო სექტორში დაიწყო იმ ადამიანების შემოდინებაც, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ან სრულად დაბლოკილები, ან უმნიშვნელო პოზიციებზე იყვნენ გადაყვანილები რეჟიმის მხრიდან უნდობლობის გამო, ან უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს იმ ჯოჯოხეთში, რასაც წინა ხელისუფლების დროინდელი პენიტენციური სისტემა ერქვა. ცალკე ისტორიაა ის სამუშაო ატმოსფერო, რომელსაც ერთი კოლექტივის პირობებში ქმნიდნენ „ძველები“ და „ახლები“, მაგრამ პოლიტიკური ომის გარძელების დრო აღარ იყო – წინ უამრავი და თითქოს და, საერთო საქმე იყო გასაკეთებელი.
ტყუილად ნერვიულობდნენ ისინიც, ვისაც კოაბიტაციური პერიოდის დასასრული პრეზიდენტ სააკაშვილის ვადის ამოწურვასთან ჰქონდა გაიგივებული. არნახული, დაუმსახურებელი და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტთან დაკავშირებული ნდობის ხარჯზე, საქართველოს პრეზიდენტებად აირჩიეს ჯერ გიორგი მარგველაშვილი და შემდეგ უკვე სალომე ზურაბიშვილი. ამის შემდეგ, სულ ცოტა ხანში, ქვეყანაში დაიწყო ახალი კოაბიტაციური პერიოდი, ამჟამად უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრისა და „ქართულ ოცნებასთან“ საბოტაჟისა და ფაქტიური ოპოზიციის პოზიციებზე გადასული ქვეყნის პრეზიდენტების გამო.
ჯერ კიდევ შეშინებულ კოაბიტაციურ ჩინოვნიკებს ფრთები შეესხა, შიშები გაქარწლდა, ხელისუფლებისადმი ნაძალადევი ღიმილი და კეთილგანწობის ილუზიები გაქრა და ქვეყნის მართვის ფაქტიურად ყველა სახელისუფლებო რგოლში წამყვან პოზიციებზე მყოფი ეს კოაბიტირებული მასა გადავიდა შეტევაში. მათ სტრატეგიას წარმოადგენდა – ტოტალური საბოტაჟის რეჟიმის პირობებში არსებული ხელისუფლების მაქსიმალური დისკრედიტაცია და ქვეყნიდან გაქცეული თავისი ბელადის საქართველოში ტრიუმფალური დაბრუნებისთვის მომზადება. ხოლო ტაქტიკურ ამოცანებში შედიოდა საჯარო სამსახურის სივრცის „ქართული ოცნების“ იმ კოლეგებისაგან განთავისუფლება, ვინც 2012 წლის არჩევნების შემდგომ მათთან თუმცა იძულებით, მაგრამ არა რევანშისტურ რეჟიმში თანამშრომლობას ახერხებდნენ. ჩვეულ სტილში – ბულინგის, პროვოკაციებისა და ცილისწამების ხერხებით, სამსახურიდან მასიურად ითხოვდნენ, ან აიძულებდნენ წასასვლელად მოქმედი ხელისუფლების გულშემატკივრებს. ხოლო მათ ადგილებზე უკვე არა შეშინებულ, არამედ ბრძოლისთვის მომზადებულ ნაცმოძრაობის აქტივისტებს იყვანდნენ.
ზედმიწევნით და თანამიმდევრულად, ქვეყნის საგარეო და საშინაო დამანგრეველი პროცესების მოძრაობაში მოყვანით, ტოტალურ სიცრუეზე აგებულ პოლიტიკას, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო დროშებით ამოფარებული, რეალურად კი ნაცმოძრაობის პარტიზანული რაზმები ახორციელებდნენ და სათავისოდ იდეალურ შედეგებს აღწევდნენ – სახელმწიფოს გამანადგურებელი მათი თითოეული მცდელობა რა თქმა უნდა ხელისუფლებას ბრალდებოდა და „ქართული ოცნების“ მისამართით საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ზრდიდა.
მხოლოდ ერთ რამეს ვერ მიაღწიეს მათ ამ ბოლო წლების განმავლობაში – თავისი დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ქმედებებით, მათ კი შეუქმნეს საფუძველი ე.წ. ელექტორალური „შუაშისტების“ მსხვილი სეგმენტის ჩამოყალიბებას – მაგრამ ნაცმოძრაობის რიგებში მათ გადმოსვლას წარმატება არ ხვდა წილად. ამ სეგმენტში ძალით გადასროლილებს ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, თუ ვისთან აქვთ საქმე.
ასეა თუ ისე, კოაბიტაციურმა გარემომ სერიოზული ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, თუმცა ვერ შეძლო მისი საბოლოო ჩამოშლა. ჯერ კიდევ არაა გვიან სახელმწიფო ინსტიტუტების თითოეულ კოაბიტირებულ რეალობაში ქვეყნის ინტერესებში შემავალი აუცილებელი რეორგანიზაციის ჩატარება. აქ არაა საუბარი „კუდიანებზე ნადირობის“ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე – პატარა ეშმაკები დაკარგავენ თავის მავნე თვისებებს, როგორც კი მათ უწყებებს პოლიტიკის გამსაზღვრელი თანამდებობების პირები დაემშვიდობებიან და მათ ადგილებს დაიკავებენ უსამართლობის მსხვერპლი კადრები.
ხოლო თუ სახელმწიფოს არ გააჩნია უნარი, თავისი ერთგული და რეალური მხარდამჭერების გარემოში მოძებნოს, გამოარჩიოს, გამოიყენოს თავისი საქმის მცოდნე თუნდაც 500 პროფესიონალი, სპეციალიზაციის, ადმინისტრირების უნარის, საორგანიზაციო, კრეატიული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარჩვევების მიხედვით – მაშინ ეს სახელმწიფო გაცილებით უფრო მძიმე სენით არის დაავედებული, ვიდრე მავნებლებთან ბრძოლის უუნარობა, ისიც, იმედია, დროებითი ხასიათის…