და ფრთები… და ფრთები… წყალობა, ან თუა
სასჯელი, რომ გახდე
სამიზნე მონათა,
დე სენტეგზიუპერი გამიმხელს ანტუან
და ან ლივინგსტონი, თოლია ჯონათან.
ვისკიში რომ ჩაყრი ყინულის ბურთულებს,
მძაფრდება რწმენა, რომ
სადღაც მეტი ცაა…
როცა ეკიპაჟი აცხადებს ტურბულენსს,
მაშინ პოეზია = პეტიციას!
ამიტომ, რაც ხდება მიწაზე მხეცობა,
ეთხოვა პოეტს, რომ მიწეროს მეგობარს,
რადგანაც პოეტი მაღლიდან ეცნობა
იმ რუკას, რომელიც
ასახავს ეპოქას.
შევუღე დროებას ის კარი Hotel-ის
რომელსაც ამშვენებს წარწერა – Gloria
და შევხვდი მენეჯერს ისკარიოტელის,
რომელიც ყველგან და
ყოველთვის სწორია.
შევამკო მინდა და არ ვიცი რარიგად,
ამჟამად რომელი ტიტულით ტიტულობს…
დგას დემოკრატიის დამწვარი ბარიგა,
გაყიდის დემოსს და
კრატიას ყიდულობს.
ასე რომ, ციური საგნები – ენელოც
საფარი აღმოჩნდა მიწიერ ვნებათა,
ისმინე, შენ ჩემო ძვირფასო, მსმენელო
შენ იცი, მე არ ვცნობ
სხვის ნაცნობ ეპატაჟს.
ტრენდი და შაბლონი დროს ვეღარ ინელებს,
სიახლის წყურვილის სიმძაფრით გალესილს…
-შეხედე პოკასოს ავინიონელებს!
-გნებავთ, ოლიმპიას! – ედუარდ მანესი.
გაცვეთილ ბილიკებს საჩქაროდ უარი
თუ არ მივაგებეთ, მომავალს უარესს
მივიღებთ, ცარიელ ლოჟას ბენუარის
შეავსებს, ვინც გუშინ
ნატრობდა იარუსს.
ასეა… და ასე ყოფილა ოდითგან,-
სპეტაკი სითეთრე ვინა სთქვა უშავოდ…
მართალი – ჯერ თავის სამშობლოს მოკითხავს,
მტყუანი – სხვა ქვეყნის ცოდვებზე მუშაობს.
უცხოელ ჩინოვნიკს სალამიც არ ნებავს,
თუ იმპერიული ხავილი სოპრანოდ
არ გააშიარე… და ამპარტავნების
აუშვეს აფრანი,
სულ უფრო უფრონი…
ჩანს, პერიფერიის ქლესობა უსაპნო
ჰეგემონს სულ უფრო
და უფრო ევასა,
რაც ანტონიონის „წითელმა უდაბნომ“
მოიცვა წალკოტი ადამ და ევასი.
ეს წუთისოფელიც ერთ წრეზე გვატრია-
ლებს, კარის შეღებაც არ იქნა NATO-სი,
თაღლითი სიყვარულს უმტკიცებს პატრიას,
საბჭოთა ქართული ნაცნობი პატოსით.
იმ სიტყვებს დავეძებ, დღეს ვწერდი მეგობარს,
ნატიფი ქართლი რომ შევიდეს მოდაში,
რომ თანამედროვე გადარჩეს ეპოქა,
ან ტატოს ვესტუმროთ,
ან სწავლულ დოდაშვილს.
რომც დიად განზრახვას მოჰქონდეს ხიფათი,
მინდა რომ ამბავი გადამხდეს საგმირო…
განსაცდელს შევხვდები არხეინ სიფათით,
ნატიფი ქართლი რომ…
ნატიფი ქართლი რომ…
მაგრამ თუ წიგნიდან გამოვლენ გმირები,
რომ ვიცნო ქართული კულტურის ატაშედ,
შევმატო ამ საქმეს რომ წვლილი მცირედი,
ან ვიტყვი – ალუდას!
ან – ლეკო თათაშელს!
ძველი დრო თუ ჩარჩა წარსულის მხარეში
ახალი დროება რას იტყვის, რო რაო?..
ტრენდული ევროპა, ჯვარცმულის გარეშე,
ფსიქოთერაპევტის დივანზე გორაობს.
დრო მუდამ ერთია, –
რა ის დრო… რა ეს დრო…
დრო ღმერთს რომ „გაუსწრებს“, ის დროა საშიში…
პარიზულ ტანგოს რომ იხსენებს მაესტრო,-
კარაქს რომ მიახმარს ევროპას ა.შ.შ.
– ახალი მანე და
-ახალი პიკასო!
ჩამოშლის უსულო ეპოქის მეფობას,
რომ ღვინის ბოკალი ვარჩიო „სიბაზონს“
– უარი ფსიქოლოგს!
– სალამი მეგობარს!
და ფრთები… და ფრთები… წყალობა, ან თუა
სასჯელი, რომ გახდე სამიზნე მონათა.
გამიმხელს უკვდავი პილოტი ანტუან
და ან ლივინგსტონი თოლია ჯონათან