საზოგადოებასხვადასხვა

დათო მაღრაძის ახალი ლექსი – „სიტყვის კარნავალი“

0

სიტყვის კარნავალი

ვისკი და ვიტრინა…
– მადლობა Mariot-ს!
ჩაივლის პირქუში, მღელვარე სადროშო,
მაგონებს გოიას უმძიმეს პერიოდს, –
მთვლემარე გონება ურჩხულს რომ წარმოშობს.
მარცვლიან მის სახელს,
ვინც იცნეს ბელადად,
სურთ, რომ მარმარილო აუგონ კარარის,
შეკრული წარბებით მოსაზღვრეს ელადა,
რომელშიც პოეტის ადგილი არ არის.
გადაბმულ წარბების ეს მავთულხლართები
მწამს, თავისუფლების სიმღერას მავალებს,
რადგანაც არაფრით არა ჰგავს განდეგილ
მამათა უმანკო ჩასახვის სავანეს.

და თავისუფლების სიმღერა მავალებს,
უქონელ აზნაურს,
ქონება გავფანტო,
მავალებს, პომადის ორდენის კავალერს
რომ ბრძოლა უთუოდ მივუძღვნა ქალბატონს.
ავკენკავ მარგალიტს, რაც მიმოიფანტა,
მთვარეც რომ ეკიდოს ზეცაზე მზესავით,
ყოველ კურტიზანში ვიპოვი ინფანტას,
რომც მომწვდეს იაფი სუნამო მეძავის
და თუნდაც ჰოსპიტალს ვებარო საველეს
და მედდას ებაროს
მაჯაც და იმედიც…
სიცოცხლის დასასრულს, სიმღერა მავალებს,-
წერტილის სიმძიმე შევცვალო მძიმეთი.

ვერ მშველის ფიზიკა, შევეხო რომ ციურ
სხეულებს, თუნდაც სულ უახლეს მიგნებით,
– ბოდიში, ტრენდულ და ელიტურ სოციუმს,
პოლიტკორექტული დღეს თუ ვერ ვიქნები.
მტრედს ვატან პოემას,-
სიმბოლოს საფოსტოს,
რომც მოჰყვეს შეუმდგარ კოლეგის ქილიკი…
უხმობს პოსტმოძღვარი, მისკენ პოსტაპოსტოლს,
წყლის ნაცვლად სასახლის ხავერდის ბილიკით.
პოსტბეჭედს თუ დაწერს პოსტრიხარდ ვაგნერი
და პოსტსიყვარული იელვებს პოსტცაში,
პოსტპოეტს იპოვის მერე პოსტმთარგმნელი,
და პოსტლექსს გარითმავს
სხვადასხვა პოზაში.

დღეს ყველა მედროვეს თუ თანამედროვე
ჰქვია და სახოტბო პოსტიც თუ იქვეა…
ვიტყვი, თუ წამყვანმა როდისმე მადროვა,
რომ არის Masterpiece
ესტლუნდის „The sqoure“͘
– მშვიდობით ევროპავ!
თუ მამის პალაცოს, –
ბიბლიურ სცენას და დამტვერილ კულისებს,
რემბრანდტის დიადი შედევრის სანაცვლოდ,
მუხლზე არ დაუდგა დაღლილი ულისე.
პოეტის ედემში ევა თუ არ ნავა-
რდობს, როგორ იელვებს სტრიქონის სტიქია?..
კოვზით მაზიარა სიტყვების კარნავალს,
ახალის ძიების ძველმა რელიგიამ.

ბალიშზე შეორთქლილ მოცარტის რეკვიემს
ისმენს გაძარცვული დეკემბრის მოცხარი…
იღებენ კანონებს, რომ ვერ გაარკვიო
კაცი ხარ, ქალი ხარ,
მკვდარი, თუ ცოცხალი?..
ბოთლიდან ჯინივით თვით სიბრძნე ამოვა,
ღრმადსამეცნიერო სესიით წონადით,
შემოუსხდებიან ნიკალას სამოვარს
შეშლილი მგზავრები
თუ ბოსხის ხომალდის…
უხერხულ ღიმილით თავს ვიცავ, მაშინაც,
უმანკო წარსულზე საუბრობს ბოზი რომ
და ისევ Mariot-ს! ვინატრი საშინლად,
ბარმენს რომ გავძახო:
-Double, please, on the rocks!

… მივყვები პაპაჩემს, სად ხალხი მილეთის
ირევა და უკრავს ორკესტრი სასულე,
ბავშვობის ბაქანზე მემორის ბილეთით
თავიდან ვაცოცხლებ იმქვეყნად წასულებს.
რომ არ დავაბრძანე მჩხიბავი სახატეს,
ამიტომ მომჩხავის, მართლა რო, ამის მე…
-გმადლობ, შენ, უფალო,
რომ ბევრჯერ გამხადე
ორკესტრირებული ღვარცოფის სამიზნე.
ვინ ახლად მირთმეულს აყოლებს ალახოლს
თავისით, რამდენჯერ ტროლებიც მოყარეს,
მე CV-ი კი არა, ცხოვრება მკარნახობს,
მოგმართოთ ახლი სიტყვით „მტვერ-მოყვარეს“.

ვისკი და ვიტრინა,
-მადლობა, Mariot-ს!…
ჩამივლის პირქუში, მღელვარე სადროშო,
მაგონებს გოიას უმძიმეს პერიოდს, –
მთვლემარე გონება ურჩხულს რომ წარმოშობს.

წუხელ, რომ მთელ ღამეს
წვიმდა და ელავდა,
იმ ელვის ნაფოტი რვეულში შევუშვი,
რომ იქნებ სიტყვაშიც განათდეს ელადა,
როგორც გონაშვილის მადლიან ხვეულში.
… ბარდება პოეტი სახალხო სამსჯავროს,
ყულფში თავგაყრილი საკუთარ ჰალსტუხის,
როგორც უპასუხო შეკითხვა საჯარო,
თუ გნებავთ, დაუსმელ კითხვაზე პასუხი