საზოგადოებასხვადასხვა

დათო მაღრაძის ახალი ლექსი – „რეისი პარიზი-თბილისი“

0

რეისი პარიზი – თბილისი

საწერმა მაგიდამ მსურს, რომ იკანკელოს,
უბრალო სიტყვები ლექსად რომ ვაქციო…
სამელნის ბარძიმთან რომ დასცდეს ანგელოსს:
-აქსიოს!
ჩემს საწერ მაგიდას, ნამგზავრმა, მინდა რო
გავანდო სათქმელის ახალი იარა,
მხრებიდან მოვიხსნა ადამის მუნდირი,
რომ ვაშლით აშლილი,
სიტყვით ვეზიარო.
რადგანაც ქაოსი, გარეშე ლირიკის,
მოედო ქუჩებს და
მოედო ეზოებს,
ვხედავ დაუკარგავს პოდიუმს ბილიკი,
შიშველი მკერდი რომ მიმოაქვს თეძოებს.

ახალი სათქმელი სალექსოდ მაქეზებს
და ჭიქას ჭიქაზე ვაყოლებ ჯიუტად,
თუმცაღა ინტრიგა არ ახლავს ტრაპეზებს,
თუ სუფრას აკლია
ქრისტე, ან იუდა.
ღმერთი თუ არ გწყალობს, მაშ კარგად მეყოლე…
სჯობს ისევ ვისკით რომ მიადგე მეგობარს,
ნაგავში იპოვის მუნდირის ეპოლეტს
ვინმე და იტყვის, რომ:
– გათავდა ეპოქა!
… მაგრამ თუ ახალი სათქმელით ნიავქარს
დავუხვდი კაცურად,
ვილოცავ: – ო, ნეტავ…
დაღლილი სხეულის მხნეობა მიაგავს
ჯიბეში გულდასმით მოძებნილ მონეტას.

პროგრესის მამებმა ახალი ილეთით
თუ ხსოვნის არქივთან გაწყვიტეს სადენი,
მიშველის მემორის ავიაბილეთი,-
პრუსტის ორცხობილა,
სახელად მადლენი.
მორალურ ქაოსის გრიგალი სადაურ
შებერვას მაუწყებს… დავეძებ საწვიმარს,
მიცხადებს მკითხველი, შევიბამ სამკლაურს,
რეპრესირებული ლექსების სამძიმარს.
სკოლიდან გარიცხულ სტრიქონებს ვზეპირობ,
მამულის,
ენის და
სანთელის ნარატივს…
და სიკვდილს ვუწოდებ პროლოგის ეპილოგს,
რომლითაც ცხოვრება იწყება მარადი.

როდესაც გავყურებ ჰორიზონტს… ცას ზღვა რო
ერთვის და მახარებს
სამყაროს შვილობა,
მაშფოთებს ქვეყნების გამყოფი საზღვარი,-
ძლივსმოშუშებული სადავო ჭრილობა.
განგაში დაეტყო დასავლურ საიტებს,
საბანკო დროშაზე ელავს იუანი…
ცვლის იუნაითედს, იუანაითედ
შტატებად და ამას მოწმობს იოანე.
თითქოს საფრანგეთიც გაიქცა პარიზის
ქუჩიდან, დატოვა პარიზი პარეზით…
მე, ჩემი ქუჩების მყოფნის ასპარეზი,
ვისაც გსურთ, მიხილავთ
მტკვრის სანაპიროზე.

– დავლიოთ! – ღალატით ნატკენი ათოსი
მეტყვის და ნათდება ღვთისმშობლის ტაძარი
პარიზი თბილისში გადარჩა… პათოსი
არ გახლავთ, ჭორია ნოტრდამის ხანძარიც…
… პოდიუმს ეძებენ ყოფილი ჩარჩები:
– ჩვენ აქეთ გვეგონა,
– ვაი და იქ თუა?…
მე მამადავითის ერთგული დავრჩები,
როგორც რომ სეზანი ერთგულებს ვიქტუარს.
უფალმა განსაჯოს, ვის ორმო, ვის პარნა –
სი ელის, სათქმელის ახალი ეტაპით…
და ქუსლით გავსინჯავ სცენაზე ფიცარნაგს,
როგორც გალილეის ლურჯი ზღვის ზედაპირს.