საზოგადოებასხვადასხვა

დათო მაღრაძის ახალი ლექსი – ბოკალზე პომადა – რამდენიმე სიტყვა გიორგი შენგელაიას „ფიროსმანზე“

0

ბოკალზე პომადა
რამდენიმე სიტყვა გიორგი შენგელაიას
„ფიროსმანზე“

დღეს, რადგან განწყობა არა მაქვს Mail-ის
მსურს მკითხველს მივწერო
წერილი საფოსტო
და ვუთხრა სათქმელი ძველარამეულით:
– ვიცნობდი გიორგის,-
ნიკალას აპოსტოლს.
დღეს, რადგან ღირსებას მიაკრეს Sale-ი,
მაშინაც ვერ გცნობენ, თუ გიცნობს პარიზი…
ეჭვებით ნაცემი და შემოსეული
ჩავივლი მეტეხთან, მტკვრის სანაპიროზე.
რომ იქნებ იღბალზე, იქ სადაც ალეა
თავდება, აქტრისა გამოჩნდეს ყვავილით…
-რა ბედისწერაა!
-რა სიალალეა!
საღამოს უთუოდ მეტეხთან ჩავივლი.

ფუნჯი რომ ტილოზე მზეს შემოირკალავს,
ისმის ემმაუსში:
– ეს შენ ხარ, უფალო!
და იცნო გიორგიმ მხატვარი ნიკალა,
– თბილისის ქუჩაში გამვლელი უბრალო.
მე ლექსით ვიცანი ანბანის Melody:
-ან-ბან-გან-
დონ-ვინ-ზენ-
თან-ს მოსდევს:
-ინ-კან-ლას…
და ვფიქრობ, რომ თითქოს სულ იმ წამს ველოდი,
რომ ეცნო გიორგის მხატვარი ნიკალა.
ვარსკვლავი არ იცნობს სკამს სათადარიგოს,
როცა სტადიონზე სასწაულს ელიან…
ზეარგენტინელის ნათქვამის არ იყოს,
წამსაც მოიხელთებ,
თუ ღმერთის ხელია.

… და აი, თბილისიც… სადგურის ნათურა…
სიღნაღის ბაქანს ცვლის
ბაქანი – სოღანლუუუღ…
პარიზელ აქტრისას შიშველი ნატურა…
ბოკალთან პომადის ჩურჩული: -Mon amour…
მხატვარი ხელკავით და ქოლგის გუმბათით.
– სალამი, ნიკალა! – ეს ხალხი მილეთის
ლუვრში რომ მოფინე სულ ცამპა – რუმპათი
შენი დაჯღაბნილი ავიაბილეთით,
იცვლიან სამეფო სასახლის დარბაზებს…
ეგრეა… თუ წმინდა გიორგი გავალებს…
მოგწვდება გიორგი
ან ისე, ან ასე,
ბოკალზე პომადის ორდენის კავალერს.

მინდა, რომ წერილით მაესტროს შევბედო…
ფოსტასაც არ ვენდე
და მტრედით გავუშვი.
რა იცი, მხატვარმა
რა თვალზე შემხედოს,
და უცბად ვახშამზე დამსვას ემმაუსში.
სუფრა საშობაო გვთავაზობს ხმიადებს,
თივაზე დაიდო უფალმა სათავე,
რათა სისადავის დადგეს სიდიადე!
რათა სიდიადის დადგეს სისადავე!
თქმა მინდა, ზღვარზეა
თუმც სახმო იოგი,
აღდგომას ჩაკეცა მხატვარმა კამარა,
სარდაფში იპოვა ჯერ წმინდა გიორგიმ,
რომ მერე გიორგის ეპოვა კამერას.

მინდა რომ შევახო ჭრილობას მარლა მე,
რომ ჩაქრეს სტრიქონი, როგორც მერკუციო…
ახალი სიტყვით მსურს
გავანდო პარლამენტს
დიადი ცვლილება საკონსტიტუციო:
-მოეხსნას ღირსებას წარწერა – „Sale“-ი!-
შემდგომში შეცდომას ნუ გავიმეორებთ,
მომდევნო ცვლილება ღირსებისეული,
კვლავ თავი პირველი,
ქვეპუნქტი მეორე:
-სიმრავლე ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს!-
და რომც ინტერესი გამაჩნდეს პირადი
ერთ კაცში აღვიძებს უფალი სინათლეს:
-და ერთის მსვლელობას ეწოდოს – პარადი!
და აწ და მარადის…
და აწ და მარადის…

P.S.
Mon Amour -ს დუმილით კია არა, არამედ
ალერსით მიუგო ნიკალამ: – ო, მადამ…
ეს დუქანს ეხება და არა პარლამენტს:
-დაწესდეს ორდენი,-
„ბოკალზე პომადა!“