ყმაწვილი ბუშტით – ანუ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესახებ
– სალამი, მკითხველო!- ეს მე ვარ, ჯაკომო,
დათომ საკუთარი პოემის გმირად რომ
მაქცია… თუ ვსტუმრობ,
პისკატორს, ან კომოს…
ისე კი ფირენცეს მახლობლად ვბინადრობ.
ფანჯრიდან გავყურებ კარიერს კარარის,
ხან თვალში მეყრება მარმარის ნაცარი…
– ევროპა!- ჯერ ვიტყვი, იმას რაც არ არის
და მერე ვეცდები განიშნო რაც არი.
დათოს აგვისტოში რომ შევხვდი კაპრიზე,
მითხრა, რომ რეცეფტი სურს მამის Palazzo-ს
მზარეულს წაუღოს, სალათის – „კაპრეზე“,
12 პუნქტიანი კაპრიზის სანაცვლოდ.
… მასების ამბოხი კვლავ ითხოვს შესაწირს,
დგას ფილოსოფოსი… პილატეს პალატი…
– ჯოს! ჯოს! ჯოს!
– ძირს! ძირს! ძირს!
– ჯოს! ჯოს! ჯოს!
– ძირს! ძირს! ძირს!
სამშობლოს სახელით კულტურის ღალატი.
… დათოსგან რაც ვიცი, არ უთქვამს ლიტონი
ფრაზაც კი და ფიქრში განაგრძობს ხეტიალს,
ვინც არის ავტორი საკრალურ სტრიქონის,
რომ: – ჭეშმარიტება მამულზე მეტია.
მჯერა, რომ მწყურვალის შველაა H2 –
O, – ვფიქრობ თემაა დრამატულ ლირიკის…
თუ ჭეშმარიტება გულისხმობს, მათ შორის
სამშობლოს, ვერ ვიტყვი
იგივეს, პირიქით.
რადგანაც მშველელის ძებნას ვერ შევეშვით
და კერპის ლოდინი ადამის წესია,
ამიტომ ევროპა ბიულეტენებში
არ ეძებს მშველელს და
არ ეძებს მესიას.
თუ მხოლოდ წარსულის გახრჩობს ამბიცია, –
მეილის სანაცვლოდ თუ მომწერ გრაგნილით,
კვდება ტრადიცია…
ცოცხლობს ტრადიცია, –
ახალი ეპოქის ენაზე თარგმნილი.
– აწმყოს და წარსულის ქორწილი, სამსჯელოც
არ არის, რომ უკეთ აკურთხა ყველაზე, –
თარგმნა ლეონარდო
და მიქელანჯელო
ევროპამ, ყოფითი კულტურის ენაზე.
… არ წყდება ტირანის მომხრეთა ნაკადი,
– სალამი, „ამარკორდს“! –
დროს რომ არ დაშორდა, –
მოაქვთ მუსოლინი კომიკურ პლაკატით,
როდესაც ნაციზმზე იმარჯვებს ბავშვობა.
გრაფის სახლს დეტალით (ვიხსენებ „ამარკორდს“)
ანიშნებს, ფანჯრიდან ჭერი ჩანს კესონის…
და შეჩერებული წამებით ვამაყობ,
როდესაც თვალს მიკრავს კარტიე-ბრესსონი.
ამ ღია სარკმელში მზის სხივს თუ ზეპირობ,
ერთხელაც ქალღმერთი შემოვა სარკმელით
და გეტყვის, რომისკენ წაგიყვანს გზები, რომ:
– ნათქვამზე მეტია ყოველთვის სათქმელი.
როცა დაუფინა ევანგელს ანტიკა
მედიჩიმ… გულზე რომ ლილია ეკეთა…
– Saluti, Lorenzo!
– დიდება ვატიკანს!
ვინც გასცა ბიბლიურ თემაზე შეკვეთა.
… როცა რონდანინის პიეტა პოეტის
გაგიჩენს თრთოლვას და პოეტის პიეტას
თაყვანს სცემ და ცრემლი თავისით მოედი-
ნება და განდევნი ტურისტულ პიეტეტს…
თუ იგრძნობ პრადოში,
რომ შენში ტურისტი
კვდება და შემოდის სამყარო დიადი…
თავს იგრძნობ ტაძარში, ღვინო და პურისთვის
შესული, რომ იქნებ განაგდო წყვდიადი.
რაინდი მწუხარე სახით რომ სალოსობს, –
გამხდარი მკლავებით ქრისტეს რომ იხუტებს
რომ კვდება იდალგო
კიხანო ალონსოდ,
რომ მკვდრეთით წამოდგეს,
როგორც დონ კიხოტი…
იმარჯვებს მწუხარე… და მუდამ ქვიშანი
რჩებიან, ამ თემას შევუშვერ ლამპიონს,-
წუხილი – უფროა კულტურის ნიშანი…
გაღიზიანება – ამჟღავნებს მდაბიოს.
… და მთვარის რომანსით ლორკამ რომ იარა
გახსნა და ბავშვმა რომ მთვარეზე იელვა…
ეს ლორკას ბოშაა, არმსტრონგი კია არა,
ფეხი ვინც დაადგა მთვარეზე პირველად.
… თუკი მოცარელას დაათლი პომიდორს,
ცოტა ზეითუნი და ღვინო ფრიულის…
მესამე ჭიქიდან გაგიხსნის კორიდორს, –
წამიერ ყოფიდან
ჩანს მარადიული.
უხილავ ძაფებით აერთებს არიერ –
გარდსა და ავანგარდს, მე ასე მგონია,
ღვინო და კაპრეზე გააქრობს ბარიერს,
რომ ერთი სამყაროს დადგეს ჰარმონია.
და მწყობრი ნაბიჯით:
– მარცხენა!
– მარცხენა!
იარ და იარე… გვერდს თუ არ აუვლი,
იხილავ ფრესკაზე ადამის გაჩენას,
სად ხელის მტევნების
დგას დღესასწაული.
P.S.
… ასე რომ, მოვძებნე კაპრეზეს რეცეფტი,
კარადის უჯრაში წავაწყდი გუმანით,
– აცხონოს… ბიცოლას ბლოკნოტში ვეძებდი,
ბიცოლა კი გახლდათ
ნამდვილი გურმანი.
ასე რომ, დავეხსნათ პუნქტების დემონებს,
თუ ძველი რეცეფტი ბლოკნოტში ხატია,
არ აწყენს, მერწმუნეთ,
თუ დააგემოვნებს
ევროპის მაღალი ბიუროკრატიაც.
– იცანი ევროპა!-
გახედე მენინებს…
მარად განახლების უკვდავი ფორმულით,-
ყმაწვილი ქუჩაში მზეს მოარბენინებს,
თითზე რომ ბუშტივით
ძაფით აქვს მობმული.