პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი
…არ ვბაძავ ბაბრიუსს, რომელიც ეზოპეს
იგავებს, უკეთ რომ რითმავდა ყველაზე…
მინდა სიხარული ვაჩუქო მეზობელს
და ვთარგმნი სიხარულს მეზობლის ენაზე.
ან იქნებ სჯობდეს, რომ
ვთარგმნო მეზობელი,
რომელიც პირქუში, უსალმო კაცია,
შენ ის თქვი, თუ მოჰყვა, უეცრად ნობელი,
მეზობლის სალამთან კომუნიკაციას.
ისე გაიხარებს მშობელი ხალხი რომ…
მტერსაც არ ვუსურვებ ჩემ გზაზე სიარულს,
ამიტომ, ჯერ სანამ
სიტყვასთან ვჯახირობ,
მსურს ლოჟის პუბლიკა ვუთარგმნო იარუსს.
…დროდადრო იხსნება ნაცნობი ჭრილობა
დახვრეტილ პოეტის ეძებენ მოკასინს…
აი, ახლოვდება პარტიის ყრილობა,
გვშორდება ძახილი გარსია ლორკასი.
და მთვარის რომანსით გახსნილი იარა
ვთარგმნე და გიგზავნი, ეჭვების გარეშე,
რომ ბოშა ბიჭია,
არმსტრონგი კი არა,
ფეხი ვინც დაადგა პირველად მთვარეზე.
სული თუ სავსეა სასმისით დაცლილით
და გრიფზე მინორით იხსენებ გეტერას,
დაგიქნევს მთვარიდან ხელს ლორკას ყმაწვილი
ბოშების გიტარა თუ გამოგეტირა
…ბანკირ ბაუერის სტუმრობას ამ დილის
თუ მოჰყვა ბანკირის მეუღლის სადილი
და მერე ბანკირის მეუღლე ადელი
თუ გახდა მხატვარის შიშველი მოდელი
-ლეხაიმ! – რომ ვთარგმნო ქართველი მედოლის
ენაზე, იქნება: – დელია, ოდელი!
კლიმტის ვნებიანი ახალი მოდელი,-
ბანკირის ძვირფასი მეუღლე ადელი.
და ოქროს ადელი,-
ხსნა ამაღამდელი…
და ვნება მოდელის,-
იმსაღამომდელი..
…ვამხილე დროჟამი, რომელმაც ურდო ვერ
დამადგა, მაჩვენა ვერასგზით ძალა, ვერ…
ვთარგმნი, რომ საათის ისრები ქურდობენ,
როდესაც ღირსების სიხარულს მპარავენ.
ირგვლივ უკუნია… რა საუკუნეა?..
ხანდახან ამ ქვეყნად გაჩენას ვინანი…
მიაღწევს არარატს თუ ნოეს კანოე,
უკან გადაწევენ უკანანს წინანი.
როცა უკანონოდ დგანან უკანანი
წინ და აჰყოლიან
უკან პეროს ვნებას,
ტრენდი ნაგრძნობია როცა უკანალით,
მაშინ პიროვნებას ვთარგმნი პეროვნებად.
…სიცოცხლის მიწურულს იმღერებს გედი რო
არიას, არ სწვდება სასმენელს მასების…
თუ კარგ ფილმს მასები აქებენ, გოდარი
ამბობს, რომ ეს ნიშნავს, რომ ფილმი არ ესმით.
ვცადოთ და გედების ენაზე მასები
ვთარგმნოთ და შევხედოთ, თუ რამე გამოვა,
დრო არის მასების თუ გადაფასების,
ბოსხის შეშლილები ნიკალას სამოვარს
შემოუსხდებიან, როგორც რამ სიმბოლოს
და მერე ხუფიდან თუ ორთქლიც ამოვა,
– დიდება, სასწაულს! – იტყვიან დღის ბოლოს,-
– ახალ რელიგიას და წმინდა სამოვარს!
…ფუნჯი მაგდალინელს აცოცხლებს მარიას,
მოვა სისადავე, თუ წავა პათოსი,
ჟღერს კავარადოსის მეორე არია,
მეორე არია ჟღერს კავარადოსის…
მისწვდა იმ წყეული სკარპიას ქადილი,
ღამის ვარსკვლავები ანთია ზეცაზე
და კვდება სიცოცხლის ცხოველი წადილით…
მსურს ვთარგმნო სიკვდილი,
სიცოცხლის ენაზე.
…წყალზე მოციქული,-
პოეტი სცენაზე…
-ტალიფა კუმი!-ა პოეტის მისიაც,
რადგანაც სასრული ადამის ენაზე
ძველარამეულად გზის დასაწყისია!