პოლიფონია
… როდესაც დავტოვე მე მამის Palazzo
ჩემი გზის ძიებამ რომ ამიყოლია,
მას მერე, საათის ისრების სანაცვლოდ
დროს ფრთებით მაჩვენებს
ზეცაზე თოლია.
პირველად როდესაც დრო ფრთებით მაჩვენა
თოლიამ, ქრისტეს რომ ვამსგავსე თვისებით…
და ვინც წინ უძღვოდა
პოეტის არჩევანს
ნაპირზე ვიპოვე ჩამოყრილ ისრებით.
-ზეციდან მიწაზე!!!-
მენიშნა წერილით,-
ნეკნებში გაჩრილი ფოლადის ეშვებით…
და ხელისმტევანით
ცისკენ აშვერილით,
რუბლიოვის სამების წრეზე რომ ეშვება.
მონტაჟის სტუდია არა მაქვს, არადა
მსურს ლექსის ფინალში ისმოდეს ჰენდელი…
მაქვს მამისეული წიგნების კარადა,
საწერი მაგიდა
და ოთხი კედელი.
სიტყვას თუ შიიტი,
სიტყვას თუ სუნიტი
ენდო და … ქრისტიანს თავისი ჰგონია…
შენ სათქმელს თუ ვიტყვი,
მის სათქმელს თუ ვიტყვი,
და სოლოარიის ჟღერს პოლიფონია…
ყვითელი პრესით და გაცვეთილ რუბრიკით
თუ შეუძლებელი მოხდა და შევძელი
და როგორც ფინალურ კადრშია კუბრიკის,-
იქნებ სარაბანდაც გაისმას ჰენდელის.
ვის სუფთა რვეული
და სუფთა დაფა სურს.
და უდრის სიგიჟეს პოეტის ხალათი…
მე მათთვის არა ვწერ, მათ ვუხდი საფასურს,
პირდაპირ ქეშით, ან
საბანკო ბარათით.
არა მაქვს სახოტბო პრაქტიკა, ან თეო-
რიული პათოსი მამულზე სამსჯელო…
ვეცდები, როგორმე, რომ ავცდე პანთეონს,
რომ ვებარებოდე
ჩემს კეთილ ანგელოსს.
…ვწერ მათთვის, ვინც მოდის მომავლის ბილიკით,
ვისზედაც ვერ ვიტყვი:
-უხხხ, ერთი ამათიც!..
ვისთანაც შესახებ დრამატულ ლირიკის
ვერსად და ვერასდროს მექნება კამათი.
… წამყვანი ქვეყნების დამღლელი რიგია,
რომ ცოდვის მორევში
ფსკერამდე უწიონ…
მორალურ ქაოსის ახალ რელიგიას
ბეჭედი სჭირდება საკონსტიტუციო.
მოწესე ცდილობს, რომ იესომ კი არა,
თავად რომ უშველოს იესოს, პირიქით…
და ინკვიზიციის აღვიძებს იარას, –
ქრისტეს რომ ეძებდნენ
ეშმაკის ბილიკით.
… არავინ მოგაგებს არც პატივს ჯეროვანს,
მოგთხოვენ, აღნიშნო ასულის ძეობა,
მაგრამ თუ შნო გაქვს და
ღირსება ხელოვანს,
ღირს ოპონირება ტრენდული ღრეობის.
აქ კი უკანონოდ დგანან უკანანი
წინ და არ ასვენებთ უკან პეროს ვნება…
ტრენდი ნაგრძნობია როცა უკანალით,
მაშინ პიროვნებას
ვთარგმნი პეროვნებად.
ქართული ენჯეოც რაღაცას მაფიობს
და პეროვნებათა გაფორმდა მაფიაც,
ვერ იტყვის მკაფიოდ უბიოგრაფიო,
CV-ი ჩაენაცვლა თუ ბიოგრაფიას.
… დუმილით გამანდო მარმარამ კარარის,
ამასწინ მივწერე რომაელ მეგობარს:
– ეპოქას თუ მოაქვს, პოეტი არ არის,
პოეტი იცნობა,
თუ მოაქვს ეპოქა.
– ზეციდან მიწაზე! –
მანიშნა წერილით
უცხომ და დეკაზე მოსინჯა სიმები,
იმ ხელისმტევანით ცისკენ აშვერილით
წრეზე რომ ეშვება რუბლიოვის სამების.
… რადგანაც რუბლოვთან შეხება გავრისკე
და თვალით გავყევი მარჯვენის გრაციას, –
ედემის კარიდან
გოლგოთის კარისკენ
მეტყველებს მარჯვენა, როცა დუმს ცაცია.
თითქოს რა ახლოა…
თითქოს რა შორია…
იფრქვევა მხატვარის საკმევლის სუნამო
და ხელისმტევანის ამ ტრაექტორიით
მგონი, რომ რუბლიოვით იწყება Cinema.
… არ მიკვირს, პოეტი რომ სხვათაშორისობს…
წავიდა ეპოქა ფიცის და რაპირის
და სიტყვას, რომელიც გასცდება ჰორიზონტს
იპოვის ტალღა და
დაკარგავს ნაპირი.
პოეტი არასდროს იქნება:
-შემდეგი!..
მიჰყვება მკითხველის ვისაც პროცესია,
ვერც სიტყვა იქნება პროცესის შედეგი,
რადგან უსასრულო თავად პროცესია.
პროცესის შედეგის ავტორთა დანოსებს,
ნახალკით ბოზობა რომ ერქვა მოწმეთა,
ჟურნალისტ-წამყვანის ვეცნობი ანონსით,
სიტყვა კი
ზეციდან
მიწაზე
მოწვეთავს.