მთავარი ამბავი

ჩინეთი – დასავლეთმა უარი უნდა თქვას „ცივი ომის მენტალიტეტზე”

0

ჩინეთმა, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. პეკინი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დარჩნენ ერთადერთი სწორი მიდგომის ერთგული და ხელი შეუწყონ ისეთი გარემოებების და პლატფორმების შექმნას, რამაც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზით დასრულება უნდა უზრუნველჰყოს, რაც შეიძლება მალე. ამისათვის პეკინმა საკუთარი ხედვა 12 პუნქტიანი დოკუმენტით წარმოადგინა. აღნიშნული პუნქტებიდან მნიშვნელოვანია, ჩინეთის მოწოდება დასავლეთის მიმართ – უარი თქვან “ცივი ომის მენტალიტეტზე,” რამაც პეკინის აზრით რუსეთის უკრაინაში შეჭრას პროვოცირება გაუკეთა. ჩინეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ სკეპტიციზმს NATO-ს მიმართ და ზოგადად სამხედრო ბლოკების გაძლიერებისა და მათი როლის გაზრდის შესახებ. ჩინეთი თვლის, რომ ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოება არ უნდა იქნას მიღწეული სხვების ხარჯზე.
არც რეგიონის უსაფთხოება არ უნდა იყოს დამოკიდებული სამხედეო ბლოკების გაძლიერება-გაფართოებაზე. თითოეული ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული და სათანადოდ მიღებული.
სრულად ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს: (1) ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; (2) ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა, რაც გულისხმობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა სხვების ხარჯზე, სამხედრო ბლოკების გაძლიერებითა და ექსპანსიით არ უნდა მოხდეს;(3) საომარი მოქმედებების შეწყვეტა; (4) სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; (5) ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება მიუკერძოებლობისა და ნეიტრალობის შენარჩუნებით; (6) მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; (7) ატომური ელექტროსადგურების დაცვა, ჩინეთი კატეგორიულად გმობს მსგავს ობიექტებზე თავდასხმას; (8) სტრატეგიული რისკების შემცირება (ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული); (9) მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; (10) ცალმხრივი სანქციების შეჩერება; (11) მიწოდების სტაბილურობის შენარჩუნება(ჩინეთი ეწინააღმდეგება პოლიტიკური მიზნით მსოფლიო ეკონომიკის იარაღად გამოყენებას); (12) ომის შემდგომ კონფლიქტურ ზონებში ზარალის აღდგენითი სამუშაოების ხელშეწყობა, რაშიც ჩინეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთში ჩინეთის გეგმას ნეგატიურად შეხვდნენ.
ჯო ბაიდენმა, გეგმას რუსეთისთვის სასარგებლო უწოდა, იენს სტოლტენბერგმა კი, ჩინეთს მოუწოდა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის ნაცვლად, უარი თქვას რუსეთის იარაღით შესაძლო მომარაგების გადაწყვეტილებაზე.

ხუთშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ‘როიტერს’ (Reuters) განუცხადა, რომ ნატო აკვირდება ნიშნებს, რომლის თანახმად ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.
სტოლტენბერგმა პეკინს ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავის შეკავება ურჩია. სანამ ნატოს გენერალური მდივანი ამ გამაფრთხილებელ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთის მიერ იარაღის გაგზავნა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას უზრუნველყოფს.
„ჩინეთს რუსეთისთვის ლეტალური იარაღი არ გაუგზავნია, თუმცა შევამჩნიეთ ნიშნები, რომ ისინი ამ საკითხს განიხილავენ ან გეგმავენ მის განხორციელებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
„სწორედ ამიტომ დააფიქსირეს შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ძალიან მკაფიო პოზიცია და ამ საკითხთან დაკავშირებით გამაფრთხილებლი განცხადებაც გააკეთეს. ჩინეთმა ამ უკანონო ომში რუსეთს მხარი არ უნდა დაუჭიროს“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ისიც აღნიშნა, რომ ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და რუსეთი ამ სამხედრო ოპერაციით გაეროს ქარტიას არღევს.
„ქარტიის ფუნდამენტური პრინციპი ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების მთლიანობის პატივისცემას, ასევე არ დაესხას თავს სხვა ქვეყანას ასობით ათასი ჯარისკაცით“, – დასძინა ნატოს პირველმა პირმა.
უკრაინაში ჩინური იარაღის გაგზავნის საკითხს სხვა მაღალჩინოსნებიც გამოეხმაურნენ. “Wall Street Journal”-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების დაზვერვას აქვს „მტკიცებულება“, რომლის თანახმადაც ჩინეთი იარაღის გაგზავნას გეგმავს. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მტკიცებულების დასადასტურებლად საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებაზე ფიქრობს.
ამ საკითხის შესახებ ენტონი ბლინკენმაც ისაუბრა. ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პეკინი იმ შედეგების შესახებ გააფრთხილა, რაც უკრაინაში რუსეთისთვის გაწეულ დახმარებას მოჰყვება.
„გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის საკითხს განიხილავს. ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა. „როგორც უკვე განვაცხადე და როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა იგი პრეზიდენტ სი ძინპინს ესაუბრა და უთხრა, რომ ჩვენს ურთიერთობაში რეალური შედეგები დადგებოდა თუ ჩინეთი ამ ომში რუსეთს იარაღით მოამარაგებდა ან სანქციებისთვის თავის არიდებაში სისტემატურად დაეხმარებოდა“. როგორც უკვე განვაცხადე, რეალურად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ჩინეთში სწორედ ამ საკითხს განიხილავენ“.
პეკინს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებს სპეცკულაციად მიიჩნევენ.
ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის უფროსმა საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ვან იმ განაცხადა: „დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობა ნამდვილად სასტიკია და რთული, მაგრამ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა გაუძლო საერთაშორისო მდგომარეობის გამოცდას და შეინარჩუნა სიმწიფე, სიმტკიცე და სტაბილურობა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია კრიზისები და ქაოსი, კრიზისებში არსებობს შესაძლებლობები და კრიზისები შეიძლება  შესაძლებლობებად გადაიქცეს“.
უნგრული გაზეთის, ‘მაგიარ ნემზეთის’ (Magyar Nemzet), ცნობით, სტოლტენბერგმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების ამბიციების შესახებაც ისაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის შესახებ თურქეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი და ფინეთი ივლისის სამიტს ალიანსის სრულუფლებიანი წევრების სტატუსით დაესწრებიან.
სტოლტენბერგის თქმით, ის და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ მარტის შუა რიცხვებში ნატოს შტაბ-ბინაში ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა თურქეთის მიერ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილონ.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, ალიანსის რამდენიმე წევრმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ცალ-ცალკე უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები, რაც წარმოუდგენელს ხდის იმ ფაქტს, რომ ფინეთი ან შვედეთი ნატოს რეაგირების გარეშე რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

წყარო: 
1. https://is.gd/qi7yyI
2. https://is.gd/eW7tTJ