როდის იქცა უკრაინა ცხელ წერტილად?
უკრაინა ერთიანი არასოდეს ყოფილა. ჩრდილოეთ-დასავლეთი და ცენტრალური უკრაინა, რომელიც ოდესღაც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის, შემდეგ კი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მიილტვოდა, სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი, ყოველთვის აღმოსავლეთისკენ, რუსეთისკენ, იმზირებოდა. დასავლეთუკრაინელები საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის ევროპაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს აძლევენ ხმას, აღმოსავლეთუკრაინელები კი პრორუსულ პოლიტიკოსებს ირჩევენ პრეზიდენტებად. კონკურენტულ ომში ჩაბმული ქვეყანა, სავარაუდოდ, ორ ნაწილად გაიყოფა.
განხეთქილება 2014 წელს შეერთებული შტატების დაფინანსებული და მხარდაჭერილი პოლიტიკური გადატრიალების შემდეგ დაიწყო. მოსკოვისთვის მისაღები პრეზიდენტი ვაშინგტონის რჩეული პრეზიდენტით უნდა ჩაენაცვლებინათ, უკრაინა კი ევროპასა და ნატოს უნდა დაახლოებოდა.
გადატრიალება მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინას ევროკავშირის ეკონომიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. თუ გეოგრაფიასა და ისტორიას გავითვალისწინებთ, უკრაინა თითქმის თანაბრად გაიყო. საბედისწერო კონკურენტული ომი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკრაინის დახმარებასა და არჩევნათან დაკავშირებით პუტინის შეთავაზება უარყვეს.
ევროკავშირი სთავაზობდა ნატოს დეფაქტო წევრობას ეკონომიკური კუთხით. პრინსტონის უნივერისტეტში რუსისტიკის მკვლევარმა, დამსახურებულმა პროფესორმა სტივენ კოენმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის წინადადება „უსაფრთხოების პოლიტიკის“ დებულებებსასაც მოიცავდა… რაც, სავარაუდოდ, უკრაინას ნატოს დაუქვემდებარებდა“. ეს დებულებები უკრაინას ევროპის „სამხედრო და უსაფრთხოების“ პოლიტიკის დაცვას აიძულებდა. უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მე-4 მუხლში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება „ხელს შეუწყობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ეტაპობრივ კონვერგენციას, რათა უკრაინა უფრო სირღმისეულად ჩაერთოს ევროპის უსაფრთხოების ზონაში“. ხელშეკრულების მე-7 მუხლში აქცენტი გაკეთებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონვერგენციაზე, ხოლო მე-10 მუხლში ვკითხულობთ, რომ „მხარეებმა უნდა შეისწავლონ სამხედრო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პოტენციალი“.
გადატრიალების დროს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის პრეზიდენტად პროდასავლური ორიენტაციის პრეზიდენტი აირჩია, რომელიც ევროპულ და ამერიკულ ფასეულობებს უჭერდა მხარს. მას შემდეგ, რაც უკრაინა ამერიკის გავლენის სფეროში მოექცა, პუტინმა ცივი ომის დასრულების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კურსიდან გადაუხვია და მონოპოლარულ სამყაროს დაუპირისპირდა, რომელსაც შეერთებული შტატები მეთაურობს. 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიტაცა. უკრაინაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ერთმანეთს დონბასი (აღმოსავლეთი) და კიევი/დასავლეთი უკრაინა დაუპირისპირდნენ.
თუმცა უკრაინა ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე იქცა ცხელ წერტილად.
თეორიული თვალსაზრისით, უკრაინა ყოველთვის პოტენციურ ცხელ წერტილად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ, 1991 წლის აშშ-ის შიდა დოკუმენტი შემდეგ რეკომენდაციას იძლეოდა – „უკრაინის ნატოს სამოკავშირეო პროგრამაში გაწევრიანების შესაძლებლობა“ „მოგვიანებით“ გადავდოთ. 1993 წელს დიდმა ბრიტანეთმა პრეზიდენტ კლინტონის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ენტონი ლეიკი გააფრთხილა, რომ „თუ ნატო უკრაინას თავის რიგებში მიიღებდა, ამით რუსეთის წითელ ხაზებს შორის ყველაზე წითელ ხაზს გადაკვეთდა“. რიჩარდ ჰოლბრუკმა, რომელიც ნატოს გაფართოებას აქტიურად უჭერდა მხარს, განაცხადა, რომ ნატო ეს არის „ალიანსი, რომელშიც [უკრაინა], ალბათ, ვერასოდეს გაწევრიანდება“.
აშშ-ის იმჟამინდელმა სრულუფლებიანმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში უილიამ ბერნსმა კონდოლიზა რაისს განუცხადა, რომ „უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსული ელიტისთვის (არა მხოლოდ პუტინისთვის) ყველაზე წითელი ხაზია… ჯერ არავინ შემხვედრია, ვინც ნატოში უკრაინის გაწევრიანებას რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მიიჩნევდეს… დღევანდელი რუსეთის ამ საკითხს უპასუხოდ არ დატოვებს“.
თეორიამ პრაქტიკული სახე 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე მიიღო. პრეზიდენტმა ბუშმა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას ცდილობდა, სამიტის მონაწილეებს სთხოვა, რომ „საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მისალმებოდნენ“. უმცროსი ბუშის მცდელობას წინ აღუდგნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. თუმცა შეთანხმდნენ კომპრომისზე, რომლის თანახმადაც საქართველოსა და უკრაინას გარანტირებული ჰქონდათ ალიანსის წევრობა: „ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს გაწევრიანდნენ ნატოში. დღეს ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან“.
რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამ დაპირებას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამდა. პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება „უშუალოდ ემუქრებოდა“ რუსეთის უსაფრთხოებას. ჯონ მირშაიმერი რუსი ჟურნალისტის სიტყვებს იმოწმებს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი „განრისხდა“ და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ეს მოხდება ყირიმისა და აღმოსავლეთი რეგიონების გარეშე. ის უბრალოდ დაიშლება“.
თუმცა უკრაინის შიდა პოლიტიკაში მომავალი კრიზისის დაწყების ნიშნები მანამდე გამოიკვეთა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც პრორუსული აღმოსავლეთი უჭერდა მხარს, პროდასავლელ ვიქტორ იუშჩენკოს დაუპირისპირდა, რომელსაც დასავლეთი უკრაინის რეგიონები უცხადებდნენ ნდობას. იუშჩენკო ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე აკეთებდა აქცენტს.
პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იანუკოვიჩს უჭერდა მხარს. რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც თავისი ფავორიტის მხარდასაჭერად კიევშიც კი ჩავიდა, იანუკოვიჩს საჯაროდ წარმატებები უსურვა და მისი მთავრობის ეკონომიკური მიღწევები მოიწონა. ფილიპ შორტი თავის წიგნში – „პუტინი“ – წერს: „კრემლის პოლიტიკური სტრატეგი გლებ პავლოვსკი კიევში ჩავიდა, რათა იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბს რჩევები მისცეს“.
პირველი ტური იუშჩენკოს გამარჯვებით დასრულდა – 39,87% 39,32%-ის წინააღმდეგ. დაინიშნა მეორე ტური. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტურის მონაცემები გააყალბეს. იანუკოვიჩის აშკარა გამარჯვება უკრაინის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
ფილიპ შორტის განცხადებით, საარჩევნო წელს ჯორჯ ჰ.უ. ბუში, ჰენრი კისინჯერი და ჯონ მაკ-კეინი უკრაინაში ჩავიდნენ, რათა მათთვის სასურველი შედეგისთვის მხარი დაეჭირათ. შორტის თქმით, ბუშმა „სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ლუგარი, როგორც მისი პირადი ემისარი, კიევში გაგზავნა“. შორტი წერს, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ კარტერის მრჩევლად მსახურობდა, დაჟინებით მოითხოვდა: „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსულ ორბიტას მოვწყვიტოთ“.
2004 წლის არჩევნები შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ომში გადაიზარდა. უკრაინა პირველად, ალბათ, მაშინ გადაიქცა ცხელ წერტილად, რაც ახალი ცივი ომის დაწყების წინაპირობას ქმნის. ახლად დანიშნულ არჩევნებში დასავლეთის სასურველმა კანდიდატმა, ვიქტორ იუშჩენკომ, გაიმარჯვა. პუტინმა განაცხადა: „ისინი უკრაინას მართმევენ“.