პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

„დაკარგული ათწლეულის“ რისკი − ევროკავშირის ქვეყნები ეკონომიკური ჩამოშლის პირისპირ

0

ბრიუსელი 2026 წელი შესაძლოა გადამწყვეტი პერიოდი აღმოჩნდეს ევროპის ეკონომიკისთვის.
ევროკავშირის ხარჯვის რეფორმირებული წესების შემოღების ორმაგმა ეფექტმა და ევროკომისიის მიერ ფულის მიწოდების შეწყვეტამ შესაძლოა შავი ხვრელი დატოვოს დიდი რაოდენობით ვალის მქონე ქვეყნების, განსაკუთრებით საფრანგეთისა და იტალიის ბიუჯეტებში − რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ორივე ქვეყანა გადამწყვეტი არჩევნების წინაშე აღმოჩნდება.
„არსებობს რისკი იმისა, რომ თუ ჩვენ არ განვახორციელებთ საკმარის ინვესტიციას, დავბრუნდებით 2010-იანი წლების დაკარგულ დეკადაში“, − თქვა ნილს რედეკერმა ჟაკ დელორის ანალიტიკური ინსტიტუტიდან.

2009 წელს ევროზონის კრიზისის შემდეგ, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა ხანგრძლივ რეცესიაში ჩაიძირა, სახელმწიფო ვალი და უმუშევრობის დონე ხელისუფლების ხშირი ცვლილებების ფონზე გაიზარდა. ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკები, ისეთი, როგორიცაა საბერძნეთი, ათ წელზე მეტხანს ცდილობდა მტკივნეული რეფორმების შედეგად კრიზისამდელ მდგომარეობას დაბრუნდებოდა.

ეკონომისტებმა კონკრეტულ რისკ-ფაქტორებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც დაკავშირებულია კომისიის გადაწყვეტილებასთან, 2026 წელს დასრულდეს პოსტპანდემიური დაფინანსების პოლიტიკა. ამავდროულად, მთავრობებს მოუწევთ განაგრძონ ინვესტიციების განხორციელება მწვანე და ციფრულ პროექტებში ბრიუსელის ფინანსური დახმარების გარეშე.
დიდი რაოდენობით ვალის მქონე ქვეყნები, სავარაუდოდ, ძალიან მტკივნეულ შოკს მიიღებენ − ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ამან შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს ევროპულ ეკონომიკებს, რასაც დამანგრეველი ეფექტი ექნება პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
საფრანგეთისა და იტალიის მმართველ პარტიებს − ევროზონის ორ უმსხვილეს ეკონომიკას გერმანიის შემდეგ − შფოთვის მიზეზი ნამდვილად აქვთ. საფრანგეთის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის აპრილში გაიმართება, სადაც ემანუელ მაკრონი ვეღარ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, ხოლო ულტრამემარჯვენე ლიდერ მარინ ლე პენის მხარდაჭერა უფრო მეტად გაიზრდება. იტალიის საყოველთაო არჩევნები დაგეგმილია არაუგვიანეს იმავე წლის ბოლოს.

ევროკავშირის მთავრობები ჯერ კიდევ იღებენ პოსტპანდემიურ ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან
ამ დროისთვის, წევრი ქვეყნები ეყრდნობიან ევროკავშირის მხარდაჭერის მთელ რიგ სქემებსა და დახმარებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფინანსური დარტყმის შედეგად მიღებული ზიანის შერბილებას. მათ შორისაა „აღდგენისა და მდგრადობის პოლიტიკა“ (RRF), რომლის დროსაც ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივი დავალიანების დოკუმენტი გამოსცეს პირველად ისტორიაში. ისინი კვლავ აწვდიან სამაშველო დახმარებას იმ ქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე მეტი დავალიანება დაუგროვდათ.
ევროკავშირი მილიარდობით ევროს აბანდებს მწვანე და ციფრულ პროექტებში გამოყოფილი ფონდის მეშვეობით − 700 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ფონდის რესურსები 2026 წლის ბოლოს ამოიწურება.
ანალოგიურად, კომისიის მიერ მისი მკაცრი საჯარო სუბსიდირების წესების გაყინვა, რომელიც ცნობილია როგორც „სახელმწიფო დახმარება“ (რომელიც მდიდარ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გააძლიერონ თავიანთი სტრატეგიული ინდუსტრიები) ამოიწურება ერთი წლით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დააზარალებს ეროვნულ ბიუჯეტებს, შეზღუდავს მთავრობების მანევრირების შესაძლებლობას.
„ფისკალური უფსკრული გველის“, − ამბობს ზოის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ლიდია კორინეკი, − „ფისკალური რეგულაციების ახალი ნაკრები ვერ ახერხებს იმ ეკონომიკური საფრთხეების აღმოფხვრას, რომლებიც ევროპას ელის“.

დარტყმის შემცირება
ახლახან ხელმოწერილი ევროკავშირის დანახარჯების წესების რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს მეტი დრო მიეცეთ ვალებისა და ხარჯების შესამცირებლად, შეიძლება მხოლოდ დროებითი შემსუბუქება აღმოჩნდეს დაზარალებული ეკონომიკებისთვის, რომლებსაც საბოლოოდ უფრო დიდი გადასახადის გადახდა მოუწევთ.

რეფორმირებული წესების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2025 წლიდან 2027 წლამდე საპროცენტო განაკვეთების წლიური ზრდა შემცირდეს − ფისკალური კორექტირებიდან გამომდინარე, რომელიც საჭიროა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აჭარბებენ ევროკავშირის მიერ დადგენილი დეფიციტის ზღვარს.აღნიშნული თავისუფალი წესები შეიქმნა იმისათვის, რათა რამდენიმე პრობლემატური ქვეყნისთვის ზიანი შემცირდეს, რადგან მათთვის მოსალოდნელია გადაჭარბებული დეფიციტის პროცედურა (EDP) უახლოეს წლებში დაიწყოს, მათ შორის იტალიასა და საფრანგეთშიც.
პრაქტიკაში, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს საფრანგეთს − ყოველწლიურად 5 მილიარდ ევროზე მეტი დაზოგოს 2027 წლამდე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან წევრ სახელმწიფოებს შესაძლოა სამთავრობო დანახარჯების კიდევ უფრო მეტად შემცირება მოუწიოთ მომავალში, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან სტანდარტულ მოთხოვნებს EDP-ის ვადის გასვლის შემდეგ.
ქვეყნები შეძლებენ თავიდან აიცილონ ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე ყოფნა 2027 წელს, თუ ისინი ახლავე დაიწყებენ მთავრობის ხარჯების შემცირებას, − განაცხადა ჯერომინ ზეტელმეიერმა, ბრეიგელის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა.

ქეშის გადინება
„ახალი წესები იმუშავებს [RRF-ის ვადა არ ამოიწურება] 2026 წლამდე“, − განაცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა, რომელიც მჭიდროდ იყო ჩართული მოლაპარაკებებში ახალი ხარჯების წესებზე.
მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ პოსტპანდემიური დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ მაღალი დავალიანების მქონე ქვეყნებში შემოსავლები მკვეთრად შემცირდება.
დონალდ ტრამპის პოტენციურმა დაბრუნებამ აშშ-ის პრეზიდენტად შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებს უბიძგოს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამთავრობო ხარჯების მომატებასა და ეკონომიკური კრიზისის დაწყების შანსს.
ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამორიცხა RRF-ის გახანგრძლივება 2026 წლის შემდგომ პერიოდში, რადგან ის ერთხელ უკვე გამოიყენეს 2020 წელს გერმანიასა და ნიდერლანდებში, როგორც ერთჯერადი საშუალება პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. 

ხარჯების შემოწმება?
შესაძლოა გარკვეულწილად არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიებიც. ევროკავშირის ერთობლივი დაფინანსების უმეტესი ნაწილი − ზოგადად ინფრასტრუქტურული ხარჯები ღარიბი ქვეყნებისკენ მიემართება, რაც 2026 წლის შემდეგაც გაგრძელდება და პოტენციურად გამოყენებულ იქნება RRF-ის მიერ დატოვებული ხარვეზების შესავსებად, − თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.
ამასთანავე, სოციალური კლიმატის ფონდი − ახალი ინსტრუმენტი მწვანე პროექტების მხარდასაჭერად, გააქტიურდება.
თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ იქნება.
ეროვნული ქვეყნების ხარჯვითი საჭიროებები „ზედმეტად ბევრი იქნება, რათა ევროკავშირის დაფინანსების გარეშე გაძლონ“, − ამბობს ზეტელმეიერი.
„უმრავლესობის აზრი იქნება, რომ RRF-ის მემკვიდრე ინსტრუმენტის რაიმე ფორმის შემუშავება საჭირო გახდება“, − დასძინა მან.

წყარო: https://www.politico.eu/article/eu-countries-economy-spending-rules-budget-pandemic-funds/