(ნაწყვეტი “ფიქრებიდან”)
სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია გარკვეულწილად შეცვლის უნარი, ვერ შეძლებს კონსერვაციას. ამ უნარის გარეშე ეგებ თავისი კონსტიტუციის ნაწილიც კი დაკარგოს, რისი შენახვაც მისი ყველაზე რელიგიური სურვილია. კონსერვაციისა და კორექციის ორი პრინციპი მძლავრად მოქმედებდა ორი კრიტიკული პერიოდის დროს, რესტავრაციისა და რევოლუციისა, როცა ინგლისი უმეფოდ დარჩა. ორივე პერიოდში ერმა დაკარგა კავშირი თავის უძველეს აგებულებასთან; და მაინც მთელი სხეული არ დარღვეულა. პირიქით, ორივე შემთხვევაში ინგლისელებმა ააღორძინეს ნაკლულოვანი ნაწილი კონსტიტუციისა ცალკ-ცალკ დარჩენილ ნაწილებში. მათ შეინარჩუნეს ნაწილები ისეთი, როგორიც იყო, რათა გაჯანსაღებული ნაწილის მორგება შესაძლებელი ყოფილიყო. ისინი მოქმედებდნენ უძველესი სახელმწიფოების წესრიგით, მათი ძველი ორგანიზაციის მიხედვით და არა მოლეკულური ორგანიკით აღვირმიშვებული ხალხისა. სახელმწიფო კანონმდებლობას ალბათ არასოდეს გამოუჩენია ისეთი მგრძნობიარე პატივისცემა ბრიტანეთის კონსტიტუციური პოლიტიკისადმი, როგორც რევოლუციის დროს, როცა პირდაპირი მემკვიდრეობითი ხაზიდან გადაუხვია. გვირგვინი იმ საზღვარს მიღმა იქნა გატანილი, რომელთანაც მანამდე ტრიალებდა; მაგრამ ახალი საზღვარი იგივენაირი იყო, კვლავ მემკვიდრეობას გულისხმობდა, ოღონდ პროტესტანტული ყაიდისა; როცა კანონმდებლობამ შეცვალა მიმართულება, მაგრამ შეინარჩნა პრინციპი, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელუხლებელი დარჩებოდა.
ამ პრინციპით, მემკვიდრეობითობის კანონში გარკვეული ცვლილება ძველ დროშიც შევიდა, რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე. დაპყრობიდან გარკვული დროის შემდეგ აღიზრდა დიდადმნიშვნელოვანი კითხვები მემკვიდრეობის გადაცემის გამო. ეჭვი გაჩნდა იმის გამო თუ მემკვიდრე პერ ცაპიტა უნდა ყოფილიყო თუ პერ სტრიპეს*, მაგრამ პერ ცაპიტა იქნებოდა თუ პერ სტრიპეს, კათოლიკე იქნებოდა თუ პროტესტანტს ამჯობინებდნენ, მემკვიდრეობის პრინციპი უკვდავი დარჩა თაობათა მანძილზე _ მულტოსქუე პერ ანნოს სტატ ფორტუნა დომუს ეტ ავი ნუმერანტურ ავორუმ*. ეს გახლავთ სული ჩვენი კონსტიტუციისა, არა მხოლოდ დადგენილი კურსით სვლისა, არამედ ყველანაირი რევოლუციების დროსაც კი. ვინც არ უნდა მოსულიყო ან როგორც არ უნდა მოსულიყო, კანონით მიიღებდა გვირგვინს თუ ძალით, გააგრძელებდა მემკვიდრეობას თუ მიითვისებდა . . .
*პერ ცაპიტა – სულადობის მიხედვით, როცა მემკვიდრეობის უფლება ყველას თანაბრად ეძლეოდა გვარში. პერ სტრიპეს – მემკვიდრეობა ეძლეოდა ოჯახების, შტოების მიხედვით.
* სახლის ქონება და წინაპრები ინომრება წლების განმავლობაში.
იგივე პოლიტიკა სჭარბობს ყველა კანონში, რაც კი მიღებულია ჩვენი თავისუფლების შესანახად. უილიამ და მერის ცნობილ სტატუტში, უფლებათა დეკლარაციას რომ უწოდებენ, ორივე პალატა სიტყვასაც არ ძრავს იმის გამო, რომ ჰქონდეთ “უფლება თვითონ ჩამოყალიბონ მთავრობა”. შეგიძლიათ იხილოთ, რომ მათი უმთავრესი საზრუნავია შეინარჩუნონ რელიგია, კანონები და თავისუფლებები, რასაც დიდი ხნის მანძილზე ფლობდნენ და მოგვიანებით დაემუქრა საფრთხე. “ძალზე სერიოზულად აცნობიერებდნენ, რომ საჭირო იყო საუკეთესო საშუალება იმგვარი ფუნდამენტის ჩასაყრელად, რომ რელიგიას, კანონებსა და თავისუფლებებს შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა, ამიტომ თავისი საქმიანობა წარმართეს საუკეთესო საშუალების მოსაძებნად; “უპირველეს ყოვლისა” ისე ემოქმედათ, როგორც “წინაპრები მოქმედებდნენ მსგავს შემთხვევებში, რათა შეენარჩუნებინათ და განეცხადებინათ უძველესი უფლებები და თავისუფლებები; ხოლო შემდეგ შევედრებოდნენ მეფესა და დედოფალს, “რათა განცხადებულიყო და ამოქმედებულიყო, რომ ყოველი და თვითეული უფლება და თავისუფლება, დამტკიცებული და გამოქვეყნებული, არის ჭეშმარიტად უძველესი და ეჭვშეუტანელი უფლება და თავისუფლება ამ სამეფოს ხალხისა.”
შეგიძლიათ იხილოთ, რომ Mაგნა ჩარტა-დან მოყოლებული, უფლებათა დეკლარაციამდე, იყო ერთნაირი პოლიტიკა ჩვენი კონსტიტუციისა, რითაც შეგვეძლო გვეღიარებინა და დაგვემტკიცებინა ჩვენი თავისუფლებანი, როგორც ჩვენს მამა-პაპათაგან მომდინარე მემკვიდრეობა ამ სამეფოს ხალხს რომ ეკუთვნის და ვერც ერთი ზოგადი თუ წინასწარი უფლება ვერ შეეხება. ამ საშუალებით ჩვენი კონსტიტუცია ინარჩუნებს ერთიანობას, მიუხედავად მისი ნაწილების დიდი მრავალფეროვნებისა. ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობითი გვირგვინი; მემკვიდრეობითი პერობა; თემთა პალატა და ხალხი, ვინც მემკვიდრეობით იღებს პრივილეგიებს, ხმის უფლებასა და თავისუფლებას, მოყოლებული წინაპართა გრძელი ჯაჭვიდან.
მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკა ან ღრმა განსჯის შედეგია, ან ბედნიერ შემთხვევა, ნაბოძები ბუნებისაგან, როცა სიბრძნე არსებობს განსჯის გარეშე და მასზე მაღლა დგას. განახლების სული, საზოგადოდ, თავკერძა ხასიათისა და შეზღუდული შეხედულებების შედეგია. ხალხი რომელიც უკან არ იყურება წინაპრებისაკენ, წინ ვერ გაიხედავს შთამომავლობისაკენ. გარდა ამისა, ინგლისის ხალხმა კარგად იცის, რომ მემკვიდრეობითობის იდეა ამაგრებს სამართლიან პრინციპს კონსერვაციისა და გადაბარებისა; და სრულებითაც არ გამორიცხავს პრინციპს გაუმჯობესებისა; ნებას იძლევა შემატებისა, მაგრამ ინახავს იმას, რასაც იძენს. რა სარგებელიც არ უნდა მიიღოს ამ მაქსიმების გამოყენებით, მაშინვე ჩაკეტავს, როგორც ერთგვარ ოჯახურ მონაპოვარს და ხელუხლებლად შეინახავს. კონსტიტუციური პოლიტიკის მიხედვით, რაც ბუნების შესაბამისად მოქმედებს, ჩვენ ვიღებთ, ვფლობთ და გადავცემთ მთავრობასა და პრივილეგიებს, იგივენაირად, როგორც ვეუფლებით და გადავცემთ ჩვენს ქონებასა და სიცოცხლეს. პოლიტიკური ინსტიტუტები, ბედ-იღბლით მონაპოვარი, ღვთის საჩუქარი, გადმოგვეცემა და ჩვენც გადავცემთ, როგორც წესი და რიგია. ჩვენი პოლიტიკური სისტემა დაფუძნებულია მსოფლიო წესრიგის სიმეტრიულად, შესაბამისად და არსებობის ფორმით, რაც გადაცემული აქვს მარადიულ სხეულს, რომელიც გარდამავალი ნაწილებისაგან შედგება; აქ მოთავსებული სიბრძნის კოლოსალური სიბრძნის წყალობით ყალიბდება დიადი მისტერიული გაერთიანება, ადამიანრი რასის მთლიანობა, რაც არსოდეს ბერდება, ან საშუალო ასაკისა ხდება, ან ახალგაზრდაა, არამედ უცვლელი მარადიულობის მდგომარეობაში გაივლის ცვალებად გზას მარადიული დაქვეითებისა, დაცემისა, განახლებისა და წინსვლისა. ამრიგად სახელმწიფოს მართვაში ბუნების მეთოდის შენარჩუნებით, არასოდეს განვახლდებით სავსებით იქ, სადაც გავუმჯობესდებით; არასოდეს გამოვდივართ მწყობრიდან იქ, სადაც შევფერხდებით. და როცა ასე ვერთგულებთ ჩვენი მამა-პაპის პრინციპებს, გარდასულთადმი ცრურწმენა კი არ გვამოძრავებს, არამედ ფილოსოფიური ანალოგიის სული. მემკვიდრეობითობის არჩევით ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოს სისხლით ურთიერთობის სახე მივანიჭეთ და ჩვენი კონსტიტუცია შევკარით ჩვენთვის ძვირფასი შინაურული ძაფებით; ჩვენი ფუნდამენტური კანონები ჩვენს ოჯახურ განცდებს შევუთვისეთ; განუყოფლად ვინახავთ სულში და ცივ ნიავს არ ვაკარებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს გულებს, ჩვენს საფლავებს და ჩვენს საკურთხევლებს.
ჩვენი ხელოვნური ინსტიტუტების იგივე მეთოდით, ბუნების შეუმცდარი და ძლიერი ინსტიტუტების დახმარებით, ჩვენი აზროვნების მცდარი და სუსტი საშუალებების გასამაგრებლად სხვა მრავალსა და არც თუ მცირე სარგებელსაც დავეუფლეთ იმით, რომ თვისუფლებანი მემკვიდრეობითობის შუქში გავიაზრეთ. რაკი ყოველთვის ისე ვმოქმედებთ, თითქოს კანონიზებული წინაპრები თან გვახლდნენ, თავისუფლების სული, რაც თავის თავში დაბნეულობასაც მოიცავს, დიდი სიმკაცრითაა დაოკებული. იდეა თავისუფალი მემკვიდრეობისა შთაგვაგონებს ადათებრივი მშობლიურობის ღირსებით, რაც წინ აღუდგება ახირებულ თავხედობას, რომელიც მიზნად ისახავს იმათ შეურაცჰყოფას, ვინც პირველად შემოიტანა რაიმეგვარი განსხვავებანი. ამ საშუალებით ჩვენი თავისუფლება კეთილშობილურ თავისუფლებად გადაიქცევა, შთამბეჭდავი შესახედაობა აქვს, მოსდგამს ჯიში და წარმოსადეგი წინაპრები, წელში გამართული დგას და ალამს აფრიალებს. აქვს პორტრეტების გალერეა, მონუმენტური წარწერები, მატიანეები, სიგელები და ტიტულები. ისე გამოვხატავთ პატივისცემას სამოქალაქო ინსტიტუტების მიმართ, როგორც ბუნება გვასწავლის, რომ პატივი უნდა ვცეთ პიროვნებას მათი ასაკისა და იმის მიხედვით თუ ვისი შთამომავალნი არიან. მთელი თქვენი სოფისტები ვერ შექმნიან რაიმეს, იმაზე უკეთესს, რაციონალური და ადამიანური თავისუფლების შესაფერს, ვიდრე ის გზაა, რასაც ჩვენ მივყვებით; ბუნება ვამჯობინეთ ტვინის ჭყლეტას, გული ვამჯობინეთ რაღაც ახლის გამოგონებას, ჩვენი უფლებებისა და პრივილეგიების შესანახად და შესანარჩუნებლად.