პოლიტიკასხვადასხვა

ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკებების შედეგად NATO-ს ათობით ჯარისკაცი დაშავდა

0

30 მაისი, 2023 წ.

ჩრდილოეთი კოსოვოს იმ რეგიონებში, რომლებშიც სერბები უმცირესობას წარმოადგენენ, რამდენიმე დღეა, რაც სახალხო მღელვარება გრძელდება. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკამათო მუნიციპალური არჩევნების შედეგად სერბებით დასახლებულ თემებში მერებად ეთნიკური ალბანელები დანიშნეს. ეთნიკურ სერბებსა და კოსოვოელ პოლიციელებს შორის დაწყებული შეტაკება ძალადობაში გადაიზარდა, რადგან NATO-ს ჯარისკაცები მძვინვარე საპროტესტო აქციების ჩასახშობას ცდილობდნენ.
NATO-ს მშვიდობისმყოფელები მას შემდეგ დაშავდნენ, რაც ქალაქ ზვეჩანში სერბი დემონსტრანტები ადგილობრივი ხელისუფლების შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ (Reuters) იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს ჯარისკაცები სხვადასხვა მუნიციპალური შენობის დაცვასაც ცდილობენ.
არაპროგნოზირებადი სიტუაციის მიზეზით სერბეთმა საზღვარზე ჯარები გაგზავნა. არასაჭირო პროვოკაციების გამო კოსოვოს ხელისუფლება შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გაკიცხეს.
„ბიბისის“ (BBC) ცნობით, სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას, რაც არაერთ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, NATO-ს რამდენიმე მშვიდობისმყოფელი დაშავდა. „დაშავებულთა შორის 11 იტალიელი ჯარისკაცია. 3 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“, – წერს „ბიბისი“. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულ ჯარისკაცთა რაოდენობა მოგვიანებით 25-მდე გაიზარდა. დაშავებული პროტესტანტების რიცხვი კი დღემდე უცნობია.
პარასკევს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, განაცხადა, რომ შეტაკებების გამო სერბეთის არმია „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“.
თვეების განმავლობაში სასაზღვრო რეგიონში არეულობა არ ცხრება, რასაც ბელგრადი ანტისერბულ პოლიტიკად მიიჩნევს.
„გაიცა ბრძანება, რომ ჯარები კოსოვოს საზღვართან გადაისროლონ. აშკარაა, რომ კოსოვოში სერბულ თემს ატერორებენ“, – განაცხადა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

წყარო: https://www.zerohedge.com/geopolitical/watch-fierce-serb-kosovo-clashes-leave-dozens-nato-troops-injured