რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ბერძენი ევროდეპუტატი კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაში ფიგურირებს.
გასული კვირის ბოლოს ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში 16 მისამართი გაჩხრიკა და საერთო ჯამში 600 000 ევროს კონფისკაცია მოახდინა. ამ საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ევა კაილის პარტნიორი.
გამოძიება კონცენტრირებულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ „კორუფციისა“ და „ფულის გათეთრების“ საქმეებზე, რომელიც მიზნად ისახავდა ფულითა და საჩუქრებით „ზეგავლენა მოეხდინათ ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“, – პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა ბელგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და CNN-ის შვილობილმა კომპანია RTBF.
სტატიის ავტორი ლუკ მაკგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორუფციულმა სკანდალმა ბრიუსელი შეძრა, ბრალდებები არ არის დიდი სიურპრიზი მათთვის, ვინც იცნობს ევროპულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით ევროპარლამენტს.
„ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ითმენდა დაუსჯელობის კულტურას. პრაქტიკულად არავითარი ზედამხედველობა ან შედეგები არ არსებობს იმაზე, თუ როგორ ხარჯავენ ევროპარლამენტარები თავიანთ სახსრებს და ჩვენ ამ თანხების ბოროტად გამოყენება ბევრჯერ ვიხილეთ“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლას აიოსამ.
ყოფილი ბრიტანელი ევროპარლამენტარი, ბილ ნიუტონ დანი განმარტავს, რომ „როდესაც ევროპარლამენტი მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციას აქვეყნებს, საერთაშორისო მედია ძალიან ხშირად იღებს მას, როგორც ევროპის ხმას და ერთობლივად, ევროპარლამენტის წევრების ხმებს წონა აქვს“.
„ალბათ გარკვეული დრო გავა, ვიდრე გავიგებთ ზუსტად რა მოხდა და დაირღვა თუ არა ლობირების წესები. თუ საჭიროა რეფორმების გატარება, პროცესი უდავოდ მტკივნეული და შრომატევადი იქნება. თუმცა, აქტივისტებს, რომლებიც წლებია ანტიკორუფციული რეფორმებისკენ უბიძგებენ, შეუძლიათ მცირე შვება მიიღონ იმით, რომ ეს სკანდალი ზუსტად შესაფერის მომენტში გასკდა, რათა მაქსიმალური გაშუქება მიეღო“, – აღნიშნავს მაკგი.
წყარო: https://is.gd/8xrxDI