მოდის პირველი სრული ზამთარი მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში გასაგზავნი ამუნიციის და შეიარაღების მარაგები იწურება.
აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობები ვეღარ პასუხობენ შეიარაღებასა და აღჭურვილობაზე გაზრდილ მოთხოვნას, მარაგების მართვა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი, იმის პარალელურად, რომ აშშ განაგრძობს მილიარდობით დოლარის და სხვადასხვა ტიპის სამხედრო დახმარების გაგზავნას უკრაინაში. CNN-თან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მაღალი ინტენსივობის ომის დაწყებიდან 9 თვის თავზე, რომელსაც ამერიკა უწყვეტად ამარაგებს, სერიოზული პრობლემები ჩნდება კონკრეტული სისტემების რეზერვებთან დაკავშირებით.
კონკრეტულად კი, იწურება 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების რაოდენობა, ასევე “სტინგერების”, რომელიც საჰაერო თავდაცვისთვის გამოიყენება.
წყაროს ცნობით, აშშ-ს პრობლემები აქვს კიდევ სხვა სამხედრო შეიარაღების წარმოების კუთხითაც.
უკანსკნელი 20 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ არ არის კონფლიტში პირდაპირ ჩართული ისე, როგორც ეს იყო ერაყის და ავღანეთის შემთხვევაში. აღნიშნულმა იმოქმედა აშშ-ს სამხედრო წარმოებაზე და დღეს ძალიან რთული ხდება ხანგრძლივი და მაღალი ინტენსივობის ომის მომარაგება.
პენტაგონის საზრუნავია, რომ ამასობაში რისკის ქვეშ არ დადგეს საკუთარი ჯარის ბრძოლისუნარიანობა.
თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალი ამობს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკრაინისთვის იარაღის და აღჭურვილობის მიწოდებამ, აშშ-ს მარაგებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მიმართა კონგრესს, უკრაინის ფინანსური და სახმედრო დახმარებისთვის, დამატებით 37.7 მილიარდის გამოყოფის თხოვნით.
როგორც უკვე ცნობილია, წარმომადგენელთა პალატაში, 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად, უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გარემოება ბაიდენს გაურთულებს გააგრძელოს, უკრაინის შეუზღუდავი და უკონტროლო დახმარება.