ინტერვიუსხვადასხვა

ჩინეთს, თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში წამყვანი ლიდერის პოზიცია, უნარჩუნებს შესაბამის როლს გეოპოლიტიურ ჭრილშიც

0
თბილისი,  2023 წლის 3 მაისი

 

კონსერვატიული პორტალი „Geo-first.com“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილ ელჩთან, დავით აფციაურთან. დავით აფციაური გამოცდილი დიპლომატია. იგი, წლებია ჩართულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებში. იყო, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთის რესპუბლიკებში. დიპლომატიური საქმიანობის პარალელურად აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში. აქვს პროფესორის და ეკონომიკის დოქტორის ხარისხები.

სახეზეა ჩინეთის მნიშვნელოვანი გააქტიურება მსოფლიო გეოპოლიტიკურ ველზე. ისტორიულად შეფასდა, მოსკოვში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი მზად არის რუსეთთან ერთად იმუშაოს ახალი მსოფლიო წესრიგის უზრუნველსაყოფად. საინტერესოა თქვენი ხედვა, რა გავლენას იქონიებს ჩინეთის როლის ზრდა პოლიტიკურ პროცესებზე? ცხადია განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს კონტექსტში/ქართული პრიზმიდან. 

 

– ჩინეთის როლი საერთაშორისო ცხოვრებაში თანმიმდევრულად იზრდება. ეს პროცესი დაიწყო ,,ცივი ომის,, და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი რეალობის შექმნისთანავე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სფეროში, როდესაც ჩინეთმა მიიღო ახალ ბაზრებზე გასვლის  და ამის საფუძველზე ეროვნული ეკონომიკის განვითარების დაჩქარების შესაძლებლობა ( მოგეხსენებათ ამ პერიოდში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპები შეადგენდა საშუალოდ 10% და ამ მხრივ ლიდერობდა მსოფლიოში). ეკონომიკური კავშირების ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო ასევე ჩინეთის პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო პოლიტიკაშიც, პირველ რიგში აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, წყნარი ოკეანიის და გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინეთი, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანას წარმოადგენს, აქტიურად ჩაერთო და არის ჩართული განვითარებადი სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში. პარალელურად გააქტიურდა ჩინეთის მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, როგორც გლობალურ ასევე რეგიონალურ დონეზეც ( გაეროს ინსტიტუციები, აზიისა და წყნარი ოკეანიის რეგიონალური სტრუქტურები, ახალი მექანიზმები ,,ბრიქსი,, (BRICS), შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა) მნიშვნელოვანია ჩინეთის მონაწილეობა ისეთ გლობალურ ფორუმებში, როგორიცაა G-20 (მან უმასპინძლა სამიტს ქ.ხანჯოუში 2016 წელს), სხვა ფორმატებში. 2000 წლიდან ჩინეთი იმკვიდრებს მსოფლიოს ეკონომიკაში ერთ ერთი ლიდერის პოზიციას. სადღეისოდ, როგორც ცნობილია, ჩინეთი გლობალურ ეკონომიკაში თავისი პოტენციალით მეორეა აშშ ს შემდეგ (მსოფლიოს მთლიანი შიგა პროდუქტის 18%), ხოლო სამომხმარებლო პარიტეტის სიძლიერის მონაცემის მიხედვით (Purchasing Power Parity, PPP) ერთპიროვნული ლიდერია. ასევე ლიდერობს საერთაშორისო ვაჭრობაში და წარმოებული სამრეწველო პროდუქციის გამოშვების კუთხით. ცხადია შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩინეთის ეკონომიკური პროგრესის  ბევრი სხვა მაგალითი, რაც მოითხოვს ცალკეულ ანალიზს და მსჯელობას. რიგი საექსპერტო დასავლური წყაროების გათვლებით (PWC data) ,2050 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა გაასწრებს აშშ ს ეკონომიკას. გლობალურად ლიდერთა შორის ამ დროისთვის მოიაზრებიან ჩინეთის შემდეგ  თანმიმდევრულად ინდოეთი, აშშ და ინდონეზია, ევროკავშირი დაიკავებს მეათე ადგილს… 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინის,  მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ ,, ერთი სარტყელი-ერთი გზა,, გახსნა ახალი, მანამდე არნახული მასშტაბის, ეტაპი ჩინეთის გარე სამყაროსთან ეკონომიკურ თანამშრომლობაში,  დაიწყო გლობალური კოოპერირების ახალი მოდელის განხორციელება. 2019 წლის პანდემიამ და კრიზისმა უკრაინაში გარკვეულად შეასუსტა ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალი, შენელდა მისი ზრდის ტემპები, გაჩნდა ახალი რისკები. ამასთან უახლოესი ტენდენციების დინამიკა ცხადყოფს, რომ პოსტ პანდემიის ფაზაში ჩინეთის ეკონომიკური განვითარება, მისი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ შთამბეჭდავი უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ჩინეთის თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში წამყვანი ლიდერის პოზიცია უნარჩუნებს მას შესაბამისს როლს გეოპოლიტიურ ჭრილშიც. ჩინეთის უშუალო ჩარევა გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში არ იყო მისი დამახასიათებელი მოქმედების თვისება,როგორც კრიზისების მოგვარების შუამავალი მხარე თუმცა აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს, როგორც  გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განხილვაში.მაგრამ ძირითადი ყურადღება გადატანილი ქონდა ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. ჩვენი დაკვირვებით, პანდემიის და უკრაინის კრიზისებმა გამოკვეთეს ახალი მიდგომები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში – ხდება მისი შესამჩნევი გააქტიურება გეოპოლიტიკურ ჭრილში, მაგალითად, როგორც შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების საქმეში. თუ მანამდე ჩინეთის საგარეო პრიორიტეტი გამოკვეთილად იყო განსაკუთრებით სამეზობლო აზიის რეგიონი, ამჟამად აქტიურობის არეალი ფართოვდება. მიუხედავად აშშ-სთან რიგ საკითხებში დაპირისპირებისა (ტაივანის საკითხი, სავაჭრო დავები და სხვა) ჩინეთის როლს ამერიკასთან თანამშრომლობაში სტრატეგიულ სფეროში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, პირველ რიგში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ჩინეთის მედიატორის როლის ჩართვასთან დაკავშირებით არის მისი მონაწილეობა ირან-საუდის არაბეთს შორის 2023 წელს გამართულ მოლაპარაკებებში. ჩინეთის აქტიური პოლიტიკა აიხსნება არა მარტო, როგორც ზოგადად გლობალური გაზრდილი მნიშვნელობით, არამედ ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი საფრთხეებითაც (საქნქციების ზეგავლენა, თანამედროვე ტექნოლოგიების გასაღებაზე შეზღუდვები და ა.შ.) . საჭიროა ამაზე რეაგირება… კიდევ ერთ ნიშანს ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის გაძლიერებისა წარმოადგენს მისი 2021 წლის ახალი ინიციატივები – გლობალური განვითარების ინიციატივა (Global Development Initiative) და გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა (Global Security Initiative), რომელთა ამოქმედებაზე გათვალისწინებულია დიდი რესურსები, პირველ რიგში განვითარებადი ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის. როგორ აისახება აღნიშნული ტენდენციები საქართველოსთან მიმართებაში? დღეს რთულია პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება გლობალურ ძალთა ბალანსში ცვლილებები, ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულების ვადებზე და მის შესაბამის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. მაგრამ, ჩვენი აზრით, ერთი რამ ნათელია, ჩინეთთან საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ახალი გლობალური მოდელების ათვისების საქმეში, მისი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის, როდესაც ტვირთნაკადების უზრუნველყოფა ხდება ძირითადად ჩინეთის ბაზრის მეშვეობით. კრიზისმა გამოწვევებთან ერთად გამოკვეთა ახალი რეზერვები საერთაშორსიო ბიზნესში და ამ მიმართებით საქართველოს კოოპერირება ჩინეთთან გაზრდილ მნიშვნელობას იძენს. კიდევ ერთი ასპექტი – საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩინეთის როლი პოსტ პანდემიის პერიოდში გლობალური სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაში არსებითი უნდა იყოს. უკვე ფართოვდება და კიდევ უნდა გაფართოვდეს გადაზიდვები ჩინეთსა და ევროპას შორის, რაც უნდა აისახოს საქართველოზეც, როგორც შუალედური დერეფანის შემადგენილი ნაწილი. ვფიქრობ, ზემოაღნიშნული გარემოებები მაკაფიო არგუმენტია იმისა რომ ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება.

 

მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურების პარალელურად, ვიხილეთ საქართველოში ჩინეთის ელჩის სპეციალური პრესკონფერენცია, რომელზეც არაერთმნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა, როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური ხასიათის. ელჩმა დაადასტურა ჩინეთის მზაობა შეასრულოს მედიატორის როლი საქართველოსა და რუსეთს შორის თუ აღნიშნულზე იარსებებს მხარეების სურვილი. მან ასევე, გამოხატა ჩინეთის დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით და ისაუბრა კონკრეტული პროექტების მნიშვნელობაზეც. თქვენ როგორ აფასებთ ზემოხსენებულ განცხადებებს და რა პერსპექტივებს ხედავთ აღნიშნული მიმართულებების განვითარების კუთხით? 

 

– საინტერესო განცხადება გააკეთა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა. კონფლიქტების პრობლემების მოწესრიგებაში ჩინეთის მედიატორის სახით მონაწილეობასთან დაკავშირებით. მსგავსი კომენტარები, თუ არ ვცდები საჯაროდ, პრეს კონფერენციებზე, მანამდე არ გაკეთებულა, თან ელჩის დონეზე. ისიც აღსანიშნავია რომ, ეს ითქვა ქვეყანაში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებია. ეს მიუთითებს იმაზე, რაზედაც ზემოხსენებულ კომენტარებში ხაზგასმულია – ჩინეთის მზარდ როლზე  არა მარტო გლობალურ ეკონომიკაში, არამედ გეოპოლიტიკაშიც, ახალი მიდგომების ამოქმედებაში. ჩინეთს კარგად ესმის რომ უკრაინის კრიზისის დასრულება ეს ევროპის სტაბილურობაა, ხოლო ევროპის სტაბილურობა მსოფლიოს განვითარებას მდგრადს და პროგნოზირებადს ხდის… რასაკვირველია ამ მიმართებით მნიშვნელოვანია თუ როგორ კონსტრუქციულად წარიმართება დიალოგი რუსეთთან, რომელიც ჯერ ჯერობით არ აპირებს იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად კონფლიქტების დარეგულირებაში. რაც შეეხება ჩინეთის ინტერესს, ჩვენი აზრით, მას სურს სამხრეთ კავკასიაში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ეს მისცემს საშუალებას განახორციელოს ახალი აბრეშუმის გზის და სხვა გლობალური პროექტები. ჩინეთისთვის რეგიონის მნიშვნელობა გამოიხატება აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის გაძლიერებაში და თუ ახლო წარსულში თანამშრომლობის ამ სატრანსპორტო არტერიის (შუა დერეფანი) გააქტიურება უფრო მომავალზე იყო ორიენტირებული, დღეს  რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის სანქციების გამო ბლოკირების პირობებში, მისი როლი და ადგილი გლობალურ ეკონომიკაში რეალურად იცვლება.

 

რუსეთ-უკრაინის ომმა პოლიტიკურ რეალობასთან ერთად შეცვალა ეკონომიკური ვითარებაც, ახალი გამოწვევების წინაშე დადგა ტვირთების გადაზიდვის სწრაფი, უსაფრთხო და იაფი გადაზიდვის გზები. აქტუალობა დაიბრუნა „შუა დერეფნის” განვითარების საკითხმა, მონაწილე ქვეყნების მხრიდან უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, რა შედეგებს შეიძლება მოველოდეთ მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდისთვის? 

 

– ჩვენ ფაქტობრივად დავიწყეთ საუბარი ,,შუა დერეფნის” საერთაშორისო მნიშვნელობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ სატრანსპორტო მარშრუტს პანდემიამდეც და უკრაინაში ომამდეც ჰქონდა თავისი გამოკვეთილი ადგილი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს აისახა, მაგალითად, ჩინური ,, ერთი სარტყელი-ერთი გზა ,,ინიციატივაში, რომელშიც იგი მოიაზრებოდა ექვსი დერეფნიდან ერთ ერთ მიმართულებად. გლობალურ კრიზისამდე შუა დერეფნის განვითარება უფრო ,,მოსინჯვადი,, (სატესტო) იყო ვინაიდან მეტ ნაკლებად გამართული და წლების განმავლობაში მოქმედი ჩრდილოეთის მარშრუტი როგორც  ძირითადი იყო მიჩნეული (ევროპისკენ ჩინეთის ტვირთბრუნვის მოცულობის ნახევარზე მეტი მასზე მოდიოდა). გარდა ამისა შუა დერეფანი  ჩინეთისთვის გეოპოლიტიკურადაც მგრძნობიარე იყო. მიუხედავად ამისა გადაზიდვები შუა სახმელეთო დერეფნის მეშვეობით წლიდან წლამდე იზრდებოდა: ამოქმედდა ბლოკ მატარებლებით ტვირთების მიწოდება ევროპის ქვეყნებში ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ყაზახეთის -აზერბაიჯანის-საქართველოს – თურქეთის გავლით. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა 2020-2022 წლებში გადაზიდვების მოცულობა ხმელეთით გაიზარდა 30%. პარტნიორებმა ჩამოაყალიბეს რეგიონული თანამშრომლობის ახალი მართვის ინსტიტუციური მოდელი (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი). დაიწყო ინტენსიური მუშაობა სატრანსპორტო ტარიფების შემცირებაზე, მთლიანად ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე. ჩვენი აზრით შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები უნდა განისაზღვროს საშუალო და გრძელვადიანი ამოცანებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ამოქმედება რთული იქნება არა მარტო გეოპოლიტიკური ფაქტორის გამო არამედ ტექნიკურადაც. დერეფანი კვეთავს რამდენიმე ქვეყანას, რთული რელიეფით, თანამედროვე ინფრასტრუქტურის და სათანადო რესურსების (ფინანსური და საკადრო) დეფიციტით. მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდის ძირითადი ამოცანები ჩვენი აზრით, უნდა იყოს – ამ მარშრუტის ცნობადობის გაზრდა გლობალურ ბაზარზე. რისკებთან ერთად არსებობს ხელსაყრელი ფაქტორებიც (მოკლე დისტანცია, უსაფრთხო, გადის მეგობრული ქვეყნების ტერიტორიებზე და ა.შ.), ახალი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, სამართლებრივი ბაზის დახვეწა, მართვის ოპტიმიზირება. ამით გარკვეულად შეინარჩუნებს ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციას. გრძელვადიან პერსპექტივაში – ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა კასპიის ზღვაზე თანამედროვე გადამზიდავი სატრანსპორტო ფლოტის ჩამოყალიბებით, მსხვილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრების ამოქმედებით. რასაკვირველია ბევრი რამ დამოკიდებულია დერეფნის განვითარების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. გლობალურმა პოლიტრიზისმა აიძულა დონორი სახელმწიფოები (მათ შორის ჩინეთიც) შეკვეცონ ფინანსური რესურსები საერთაშორისო განვითარების პროგრამებზე ეროვნული ეკონომიკური ამოცანების პრიორიტეტული მნიშვნელობის გამო. გარდა ამისა ვითარება მსოფლიოში მოითხოვს მეტ ხარჯებს უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ეს ქმნის სერიოზულ დისბალანს და აისახება განვითარების პროექტების განხორციელების პერსპექტივებზეც. ამასთან საიმედო ინფორმაცია მივიღეთ ბრიუსელიდან, სადაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი ფინანსური წვლილი შეიტანოს შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის მშენებლობაში აზერბაიჯანის, საქართველოს და რუმინეთის მონაწილეობით. ეს ნათელი დასტურია, რომ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკურო განზომილება ძლიერდება.

 

გლობალური ეკონომიკური ინიციატივები, დიდ პოლიტიკაზე გავლენის მქონე ფაქტორებად ყალიბდებიან, თქვენ როგორ ხედავთ ამ კორელაციას ახალი ფინანსური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ფონზე? (დედოლარიზაციის გეგმა, ახალი სავაჭრო კავშირები, ახალი ლოჯისტიკური გზები და ა.შ.)

 

– ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დღეს მსოფლიო ტურბულენტურ ვითარებაშია… კი ნამდვილად ასეა, მაგრამ დღევანდელი გლობალური კრიზისის უპრეცენდენტობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე კრიზისს ვებრძვით – ეს არის პანდემია (მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა არ უნდა გამოვრიცხოთ ახალი ვირუს ტალღების გაჩენა), ომი უკრაინაში მისი უსაფრთხოების და ეკონომიკური შედეგებით და 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ზეგავლენა გლობალურ პროცესებზე. ამას უნდა დავამატოთ გლობალური მიგრაციის და სხვა პრობლემები… ფუნდამენტური ცვლილებები ხდება მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში, მათ შორის როგორც მართებულად აღნიშნეთ, ფინანსური სისტემის დედოლარიზაციის მეშვეობით, ახალი სატრანსპორტო დამაკავშირებელი ხაზების ამოქმედებით, ეკონომიკური აქტიურობის ცენტრის აზიაში გადატანით და ა.შ. 2021 წელს გაჟღერდა ახალი გლობალური ეკონომიკური ინიციატივები აშშ ს ,,B3W,, (დავიბრუნოთ უკეთესი მსოფლიო) და ევროკავშირის EU ,,Global Gateway,, ( გლობალური კარიბჭე), ხოლო 2013 წლიდან დაიწყო ,, ერთი სარტყელი-ერთი გზა,, ჩინური გლობალური ინიციატივის განხორციელება, 2022 წელს ჩინეთმა დამატებით დააანონსა გლობალური  განვითარების (Global Development Initiative) და გლობალური უსაფრთხოების (Global Security Initiative) მნიშვნელოვანი ინიციატივები. ნამდვილად საქმე გვაქვს ახალ მოვლენებთან, მაგალითად ჩინური იუანის პოზიციების გაძლიერება საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებში ( რუსეთთან, BRICKS ის ალიანსთან და ა.შ.).. ამასთან ნაკლებად მოსალოდნელია რომ იგი დოლარს ახლო მომავალში ჩაანაცვლებს… ბევრი კითხვა დღეს პასუხგაუცემელია – მრავალმხრივი თანამშრომლობის კრიზისის პირობებში (რაც პანდემიის საწყის ფაზაში განსაკუთრებით გამოიკვეთა – ,,ვაქცინების დიპლომატია,,), საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების საქმიანობის შესუსტების ფონზე, გლობალური კონფრონტაციის პირობებში როგორ ამოქმედდება აღნიშნული გლობალური ინიციატივები, რა სახსრებით, როდესაც წამყვან ქვეყნებში მოუგვარებელი პრობლემებია, ეკონომიკაში ახალი რისკები გაჩნდა, იგი მოითხოვს მოდერნიზებას და პოსტ პანდემიის სარეაბილიტაციო ეტაპზე გადასვლას?დღეს გადაუდებლად საჭიროა ამ მოვლენების ღრმა შესწავლა მომავალში  შესაძლო რისკების პრევენციის მიზნით და განახლებული სტრატეგიის  შემუშავება. ეს ცხადია აქტუალურია საქართველოსთვისაც – როგორი იქნება მისი როლი და ადგილი პოლიტიკურად და ეკონომიკურად შეცვლილ თანამედროვე მსოფლიოში?

 

ევროკავშირში იმპორტის მაჩვენებლით ჩინეთი პირველ ადგილს იკავებს 20%-იანი მაჩვენებლით და ეს ყოველწლიურად ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. რა შესაძლებლობებს ქმნის აღნიშნული საქართველოსთვის, რა სარგებელი შეიძლება ნახოს ჩვენმა ქვეყანამ და თუ თვლით რომ შესაძლებელია სწორედ საქართველოში მოხდეს ევროკავშირის, აშშ-ს და ჩინეთის ინტერესების თანხვედრა?

 

– ევროკავშირისთვის ჩინეთი ნამდვილად მნიშვნელოვანი პარტნიორია. გეთანხმებით მის იმპორტში ჩინეთი ლიდერია, განსაკუთრებით გაიზარდა ჩინური პროდუქციის მიწოდება გერმანიაში – 33,7 % 2022 წელს. თუმცა სავაჭრო სალდო უარყოფითია (ანუ იმპორტი ჭარბობს ექსპორტზე) და 2022 წელს შეადგინა თითქმის 400 მილიარდი ევრო, (რაც დაახლოებით აშშ -ჩინეთის სავაჭრო დეფიციტის 60% შეადგენს). ჩინეთი ევროკავშირისთვის ამერიკის შემდეგ მეორე სავაჭრო პარტნიორია და მისი ხვედრითი წილი ალიანსის მთლიანი სავაჭრო ბრუნვაში უდრის 15%. თუმცა ინვესტიციების დაბანდების კუთხით პროგრესი ნაკლებად შთამბეჭდავია, ინვესტიციების წახალისების შესახებ ერთობლივი ხელშეკრულების გაფორმება ჭიანურდება (უკვე არაეკონომიკური ფაქტორების მიზეზებით) ლოგიკურია, რომ აღნიშნული გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ტრანსპორტირება ჩინეთიდან ევროპის ბაზარზე მოითხოვს სატრანზიტო ხაზების მკვეთრ დატვირთვას. ამ მიმართებით საქართველოს გავლით კომუნიკაციებს გაზრდილი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ევროკავშირთან და ჩინეთთან ამოქმედებული ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კარგი საფუძველია საქართველოში შეიქმნას ერთობლივი საწარმოები, რომლებიც გამოუშვებენ ჩინური წარმოშობის პროდუქციას ევროპელ მომხმარებლებისთვის. ჩვენი აზრით ეს ის მაგალითია, შუა დერეფნის პროექტთან ერთად, როდესაც ჩინეთის, ევროპის და აშშ ს ინტერესები თანხვედრაშია.

თქვენ დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, რა შეგიძლიათ თქვათ – რა ეტაპზეა ორი ქვეყნის თანამშრომლობადა არის თუ არა რესურსი კავშირების კიდევ უფრო გამყარებისათვის?

– მადლობა ამ შეფასებისთვის. ჩემი წვლილი გაცილებით მოკრძალებულია, ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაში წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი მთავრობის, პარლამენტის, კერძო სექტორის, მეცნიერების, ხელოვნების, მას მედიის, საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლე ახალგაზრდობა და სპორტსმენები, ჩემი კოლეგები და მეგობრები – ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩები, მთელი დიპლომატიური შემადგენლობა. მნიშვნელოვანი იყო უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. გარდა ამისა ჩემი დიპლომატიური მისიის საქმიანობის დაწყება დაემთხვა ჩინეთის ახალი სტრატეგიის ამოქმედებას ,,ერთი სარტყელი-ერთი გზა,,, რამაც გააქტიურა ჩინეთის საგარეო ეკონომიკური საქმიანობა.  ეს იყო ნამდვილად  ნაყოფიერი წლები ჩვენი თანამშრომლობისთვის. ყველაზე დიდ მიღწევად მიჩნეულია 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ამ წლებში საქართველო შეუერთდა აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ახლად შექმნილ საერთაშორისო ბანკს ( Asian Infrastructure and Development Bank, AIIB), რომლის მეშვეობით დაიწყო ერთობლივი პროექტების დაფინანსება. ჩინეთი საქართველოსთვის ერთ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, მისმა მოცულობამ 2022 წელს მიაღწია რეკორდულ ნიშნულს –  1,86 მილიარდ აშშ დოლარს ( ჩინეთი გავიდა მესამე ადგილზე თურქეთის და რუსეთის შემდეგ), ხოლო ამავე წელს საქართველოს ექსპორტში ჩინეთმა პირველი ადგილი დაიკავა ( 736 მილიონი აშშ დოლარის მოცულობა), იმპორტში დააფიქსირა მესამე პოზიცია. ეფექტურად გრძელდება კოოპერირება ისეთ დარგებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო გადაზიდვები, საბანკო საქმიანობა და უძრავი ქონების სექტორი. საქართველოში გახსნილია სამი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ჩინეთის კაპიტალის მონაწილეობით. ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ქართული ღვინის 40-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. ინტენსიური თანამშრომლობა ვითარდებოდა ჰუმანიტარულ სფეროშიც, მათ შორის ისეთი მიმართულებებით როგორიცაა კულტურა, განათლება, ტურიზმი და სხვა. ჩვენი ინტერვიუს შეზღუდული ფორმატი არ იძლევა საშუალებას დეტალურად ავსახოთ ყველა პოზიტიური ტენდენცია და მოვლენა ერთობლივ თანამშრომლობაში. ვფიქრობთ, ჩამოთვლილი ნუსხა საკმარისია დავასკვნათ, რომ თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა. პანდემიამ და ტრაგედიამ უკრაინაში, ცხადია, გარკვეულად შეანელა ერთობლივი თანამშრომლობის ეს დინამიკა,  გლობალურმა ეკონომიკურმა სანქციებმა და სხვა ფაქტორებმა ნეგატიურად იმოქმედა ორ ქვეყნებს შორის საქმიან კონტაქტებზე, თუმცა მეორეს მხრივ გამოავლინა ახალი შესაძლებლობები და რეზერვები. როგორი შეიძლება იყოს კოოპერირების ახალი დღის წესრიგი დღევანდელ კრიზისით აღსავსე გლობალურ ვითარებაში? გასაგებია, რომ  ეს მრავალასპექტიანი თემაა და მოითხოვს ცალკეულ დეტალურ მსჯელობას… ამიტომ შევეცდები ჩვენი ინტერვიუს ფარგლებში შევეხო რამდენადმე საკითხს… ჩვენი აზრით, პერსპექტიულია თანამშრომლობის შემდეგი მიმართულებები: ვაჭრობა, მათ შორის ელექტრონული ვაჭრობა, სატრანსპორტო გადაზიდვები (შუა დერეფნის თანმიმდევრული ამოქმედებით), ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა, კვების პროდუქტების ( მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა) ერთობლივი წარმოება, რაც პანდემიის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. არსებითია დავიწყოთ კოოპერირება მზა სამრეწველო პროდუქციის კუთხით ერთობლივი საწარმოების დაფუძნებით და შემდგომში მისი პროდუქციის გატანით ევროპულ და სხვა ბაზრებზე. საქართველოს საერთაშორისო ცნობადობა არ უნდა იყოს დაკავშირებული ძირითადად ტურიზმთან და მის სატრანზიტო შესაძლებლობებთან, გარე ბაზარზე უნდა გადიოდეს საქართველოში ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული თანამედროვე პროდუქცია. გარდა ამისა ეს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგრადობას. ამასთან ერთად ეს შეცვლის საქართველოს საექსპორტო სტრუქტურას, სადაც წლების განმავლობაში დომინირებს ნედლეული და მწირია ფინანსურად გაცილებით მომგებიანი მზა პროდუქცია. აქ შეიძლება ჩინეთის შესაძლებლობები გავითვალისწინოთ. გლობალურმა ეკონომიკურმა სანქციებმა შეცვალეს საერთაშორისო შრომის განაწილების არსებული გეოგრაფია – მიმდინარეობს საწარმოთა გადატანა სხვა ადგილებში, მაგალითად ჩინეთიდან ვიეტნამში, მალაიზიაში, ბანგლადეშში. ამასთან დაკავშირებით საქართველოც შესაძლოა შეუერთდეს თანამშრომლობის ამ მოდელს. ამას ხელს უწყობს ჩინეთთან და ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები. თუმცა ამ პროექტის ამოქმედება ამ ეტაპზე რიგ სირთულეებთან დაკავშირებულია, განსაკუთრებით კვალიფიციური შრომითი რესურსების და თანამედროვე მენეჯერების დეფიციტით. კარგი შესაძლებლობები გვაქვს გავაღრმაოთ ერთობლივი თანამშრომლობა ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მოგეხსენებათ საქართველოს და ჩინეთი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ბევრო პარამეტრით, მაგრამ რაც საერთოა ეს არის მრავალფეროვანი უძველესი ისტორია და უნიკალური კულტურა – ჩინეთი როგორც ჩაის წარმოშობის ადგილი, ხოლო საქართველო როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. გვაქვს ბევრი საინტერესო ისტორიული გადაკვეთები, სულ ახლახან არქეოლოგიურმა გათხრებმა საქართველოს ერთ ერთ რეგიონში დაადასტურეს, რომ ჩვენი ურთიერთობები შუა საუკუნეებიდან იწყებენ ათვლას. ეს შეიძლება აისახოს ერთობლივ პროექტებშიც.