პოლიტიკასხვადასხვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთს შეახსენა, რომ პეკინი „არასოდეს დათმობს“ ტაივანის საკითხს „თავად დაიწვება ის, ვინც ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ცეცხლს ეთამაშება“

0

25 აპრილი, 2023 წ.

პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთი ტაივანის საკითხთან დაკავშირებით „უკან არასოდეს დაიხევს“. ეს სიტყვები, რომელიც ჩინეთის პირველმა დიპლომატმა ერთ-ერთი გამოსვლისას წარმოთქვა, დასავლეთისთვის ერთგვარი გაფრთხილება იყო.
„ტაივანის პრობლემა ჩინეთის მთავარი ინტერესების ბირთვია. ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, საკადრის პასუხს გავცემთ. თავად დაიწვება ის, ვინც ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ცეცხლს ეთამაშება“, – განაცხადა ცინ განმა გამოსვლის დასასრულს.
ჩინეთის პირველმა დიპლომატმა, რომელიც მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის დეკემბრის მიწურულს დაინიშნა, ბოლოდროინდელ ბრალდებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა თანახმადაც ჩინეთი ტაივანის სრუტეში „სტატუს-კვოს“ შეცვლას ცდილობს.
„სტატუს-კვოს დარღვევას არა კონტინენტური ჩინეთი, არამედ ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ძალები და რამდენიმე ქვეყანა ცდილობს“, – დასძინა ცინ განმა.
მარტის დასაწყისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „თუ შეერთებული შტატები არ დაამუხრუჭებს და არასწორი გზით სწრაფ სიარულს გააგრძელებს, ვერანაირი დამცავი მოაჯირი ვერ შეაფერხებს მის რელსებიდან გადავარდნას. რასაკვირველია, კონფლიქტსა და დაპირისპირებას ვერ გავექცევით“.
თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთი მზადყოფნას გამოთქვამს ტაივანის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, რაც ნათლად ჩანს ჯოზეფ ბორელის საკამათო მოწოდებაში, რომ ევროპის საზღვაო ძალებმა პატრულირება აწარმოონ ტაივანის სრუტეში. მისი სიტყვები კვირას ფრანგულ ყოველკვირეულ ჟურნალ Journal Du Dimanche-ში გამოქვეყნდა.
თვითმმართველი კუნძული „გვაინტერესებს ეკონომიკური, კომერციული და ტექნოლოგიური თვალსაზრისით“. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროპის საზღვაო ძალებს კუნძულის დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ბორელმა განაცხადა: „ამიტომ მოვუწოდებ ევროპის საზღვაო ძალებს პატრულირება აწარმოონ ტაივანის სრუტეში, რათა ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან რაიონში თავისუფალი ნაოსნობისადმი ევროპის ერთგულება აჩვენონ“.
პეკინი უკვე მრავალი წელია დასავლეთს აფრთხილებს, რომ თვითმმართველი კუნძულის სტატუსთან დაკავშირებით „ცეცხლს არ ეთამაშოს“.
ჩინურმა სახელმწიფო გაზეთმა, „გლობალ თაიმსმა“ (Global Times), ბორელის გეგმას შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „თუ ევროპულ გემებს წყნარ ოკეანეში თავიანთი ძალის დემონსტრირება სურთ, შედეგი მხოლოდ უხერხული მარცხი იქნება. სახალხო-განმათავისუფლებელი არმია, რომელსაც სამშობლოს დასაცავად დიდი ძალა აქვს, ევროპული გემების წინაშე, რომლებიც პროვოკაციასა და ძალის დემონსტრირებას აპირებენ, წარბსაც კი არ აიწევს. ვურჩევთ, რომ თავი არ შეირცხვინონ“.

წყარო: https://is.gd/5znZAP