14 ივლისი, 2023 წ.
პეკინი აღშფოთებულია იმ ნიშნებით, რომლებსაც ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე აკვირდება. ან ნიშნების თანახმად, ალიანსი შესაძლებელია მომავალში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთის „უკანა ეზოში“, გაფართოვდეს.
ოთხშაბათს ჩინეთმა პირობა დადო, რომ „მტკიცე რეაგირებას“ მოახდენს, თუ ალიანსი ოდესმე გაფართოვდება შორეულ აღმოსავლეთში. NATO-ს კომუნიკეს შემდეგ, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ მწვავე განცხადება გაავრცელა. „კომუნიკეს შინაარსი, რომელიც ჩინეთს უკავშირდება, უგულებელყოფს ძირითად ფაქტებს, უსაფუძვლოდ ამახინჯებს ჩინეთის პოზიციასა და პოლიტიკას და განგებ ეწევა ჩინეთის დისკრედიტაციას, რასაც მტკიცედ ვეწინააღმდეგებით და უარვყოფთ“, − განაცხადეს ჩინელმა დიპლომატებმა.
კერძოდ, ალიანსის კომუნიკეში ნათქვამია, რომ „ჩსრ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს იყენებს, რათა გააფართოოს თავისი გლობალური ზონა და ძალაუფლება, ამასთან დღემდე ბუნდოვანია მისი სტრატეგია, განზრახვები და სამხედრო მანქანის თანდათანობითი ზრდა“.
„ჩსრ-ის ზიანის მომტანი ჰიბრიდული და კიბეროპერაციები, მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია მიმართულია მოკავშირეებისკენ და ზიანს აყენებს ალიანსის უსაფრთხოებას“, − ვკითხულობთ NATO-ს კომუნიკეში.
ჩინეთის წარმომადგენლობამ თავის პასუხში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება ალიანსის „აღმოსავლეთისკენ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, მოძრაობას“, და განაცხადა, რომ „ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს საფრთხეს უქმნის, მტკიცე რეაგირება მოჰყვება“.
რა თქმა უნდა, პეკინი ასევე დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ვილნიუსის სამიტზე შეერთებული შტატების ოთხი რეგიონული მოკავშირის ქმედებასა თუ სიტყვა-პასუხს. NATO-ს სამიტს ესწრებიან: ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი და სამხრეთი კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი.
მაისში იაპონიის პრემიერმა თავისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა, თუმცა ტოკიოში ალიანსის სამოკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებული გეგმები დროებით გადაიდო.
„როგორც ჩანს, NATO-მ ტოკიოში სამოკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით გეგმები დროებით გადადო. წინადადებას, რომელიც დასავლეთის სამხედრო ალიანსის გეგმების ნაწილად განიხილება, რათა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობა გააღრმაოს, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა“, − წერს „გარდიანი“.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ალიანსში უკრაინის მომავალთან დაკავშირებით უკვე დიდი დაპირისპირებაა, იქნებ დასავლელი მოკავშირეები მზად არ იყვნენ, რომ ჩინეთის რისხვას გამკლავებოდნენ?
https://www.zerohedge.com/geopolitical/china-warns-nato-must-not-ever-expand-asia-pacific