პოლიტიკასხვადასხვა

ჩინეთი და რუსეთი დოლარს ჩაანაცვლებენ

0
მოსკოვში ვიზიტისას ორი ქვეყნის ლიდერმა ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება მოახდინა, რაც ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის ჰეგემონიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს
რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომელმაც ამ კვირის დასაწყისში მოსკოვში ჩასულ ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან, მოლაპარაკებები გამართა. ორი ქვეყნის ლიდერმა რვა სტრატეგიულ საკითხზე მიაღწია შეთანხმებას. მათ შორისაა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შიდა, აზიელ, აფრიკელ თუ ამერიკელ პარტნიორებთან ორმხრივი ვაჭრობისას იუანს გამოიყენებენ.
მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გაზსადენის პროექტი „ციმბირი 2“. RIA Novosti-ს ინფორმაციით, პროექტის ყველა პარამეტრი უკვე შეთანხმებულია. ხსენებული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალ მილსადენს შეუძლია, რომ მონღოლეთის გავლით ჩინეთს წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს, რაც „რუსეთიდან სანდო და სტაბილურ მომარაგებას“ ნიშნავს. პუტინის თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს პეკინის გეგმას იუანით ვაჭრობის შესახებ. იგი მკაფიო მოწოდებით გამოდის, რომ აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებთან საერთაშორისო ვაჭრობისას ჩინური ვალუტა გამოიყენონ.
სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტისას ორი ქვეყნის ლიდერმა ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება მოახდინა, რაც ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა დასავლეთის ჰეგემონიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს.
„რუსეთში ჩინეთის ლიდერების პირველ ვიზიტს ისტორიული დატვირთვა აქვს, რადგან ერთმანეთის ყველაზე დიდი მეზობელი ქვეყანები ვართ, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორებიც ვართ. წლების განმავლობაში ჩვენს შორის არსებულმა ურთიერთობამ სხვადასხვა ცვლილების გამოცდას გაუძლო და დროსთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა“, – განაცხადა სიმ პუტინთან შეხვედრისას.
რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი ეროვნული ვალუტების როლი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ხოლო ფინანსური და საბანკო სტრუქტურების ორმხრივი თანამშრომლობა კი უნდა გაფართოვდეს. პუტინმა ისიც დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ორი მესამედი უკვე რუბლსა და იუანში მიმდინარეობს.
ისიც აღინიშნა, რომ ჩრდილოეთი ზღვის მარშრუტის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით რუსეთი და ჩინეთი სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებენ, ჩინეთში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის პარალელურად.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შეიძლება გაძლიერდეს. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: თუ რუსეთი და ჩინეთი ხელოვნური ინტელექტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მხრივ თავიანთ პოტენციალს გააერთიანებენ, მსოფლიოში წინ ვეღარავინ დაუდგებათ.
დღის წესრიგის საკითხები ასევე ეხებოდა უკრაინის ომს, ჩინეთის სამშვიდობო გეგმას, სანქციებსა და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლონდონი მზად არის უკრაინას გადასცეს საბრძოლო მასალები, რომლებიც გაფუჭებულ ურანს შეიცავს. რაც შეეხება ბოლო საკითხს, პუტინმა მშვიდად მიანიშნა, რომ ნებისმიერ საფრთხეს პროპორციული პასუხი მოჰყვება და დაამატა: „როგორც ჩანს, კოლექტიურმა დასავლეთმა გადაწყვეტა, რომ რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე ეომოს“.
რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ასევე დაგმეს სანქციების პოლიტიკა და განაცხადეს, რომ დასავლეთი უსამართლოდ იქცევა და ხელს უშლის თავისი კონკურენტების განვითარებას, რაც სამშვიდობო ინტერესებში არ შედის.
ჩინელი დიპლომატები უკრაინის ომთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკის კრიტიკას დღემდე განაგრძობენ.
შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ეწინააღმდეგება ომს, თუმცა ევროპასა და მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქტი და ომი მიმდინარეობს, რომლებთანაც აშშ-ს არანაირი კავშირი არ აქვს. ამერიკა აცხადებს, რომ მშვიდობას შეინარჩუნებს, თუმცა ადამიანები ვერ ხედავენ რაიმე სახის რეალურ ღონისძიებებს, რომლებიც მშვიდობის დამყარებისკენ არის მოწოდებული. ისინი მხოლოდ იმას ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე იარაღი უწყვეტ ნაკადად მიედინება, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვან ვენბინმა.
წყარო: https://is.gd/77pi3S