რეზიდენტი ავტორებისლაიდერისხვადასხვა

ჩვენს წყლებში შესული მოწინააღმდეგე − მშრალად ვეღარ გამოვა – ამბავი ალან პერსელზე, რომელიც თბილისში ელჩის მოადგილის პოზიციაზე მოგვევლინება (II ნაწილი)

0

ბაიდენის ადმინისტრაციის (დემოკრატების) ხელისუფლებაში დაბრუნების შემდგომ, ალან პერსელის კურატორი − ჯორჯ კენტი ბრუნდება უკრაინაში, სადაც 2021 წელს ასრულებს კიდეც აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობას და ხსენებულ პერიოდშივე კურირებს ანტიკორუფციულ მიმართულებას, რომლის სახელმძღვანელო რგოლს უკრაინაში წარმოადგენენ: სააკაშვილი, საყვარელიძე, ადეიშვილი, უგლავა, წოწორია და ა.შ. – ანუ გუნდი, რომელთანაც მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა ალან პერსელს. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის „ხავერდოვანი გადატრიალების“ მიმდინარეობისას, ჯორჯ კენტი ჩადის ერევანში, სადაც ახმოვანებს სომხეთში ელჩად ალან პერსელის დანიშვნის ინფორმაციას, რომელიც არ დასტურდება (სომხეთში საიდუმლო ვიზიტით აშშ-ის CIA-ს ხელმძღვანელის ვიზიტის ფონზე). ამის შემდეგ, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდიდან ქრება ალან პერსელის ბიოგრაფია, იძებნება მხოლოდ მისი ფოტო და სახელი/გვარი. ასევე ხდება მასთან დაკავშირებული ისედაც მწირი ინტერნეტინფორმაციების „დასუფთავება“.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ალან პერსელი უკრაინიდან გაყვანილი იქნა ბერმუდის კუნძულებზე აშშ-ის საელჩოში სამუშაოდ, რომლის საიტიდან ვიგებთ ინფორმაციას, რომ ის გარკვეული პერიოდი დასაქმებული იყო „დემოკრატიის ბიუროში“, რომელიც მჭიდრო კომუნიკაციაშია NED-თან და მისი თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზებაში, თუმცა ბერმუდებზე მისი მისია გაგრძელდა სულ რაღაც ოთხი თვე, რის შემდგომაც მან კვლავ უკრაინაში გადაინაცვლა. რობინ დენიგანისაგან განსხვავებით (რომელიც არაა ნამყოფი საქართველოში), ალან პერსელს მოუწია თბილისში მუშაობა (საელჩოში კურირებდა პოლიტიკურ მიმართულებას ანალიტიკური ხაზით), თანაც ძალზე საინტერესო წლებში (2006-2008 წწ). სწორედ ამ წლებში ხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მომავალი ოკუპაციისათვის მოსამზადებელი პერიოდი (კოდორი და ა.შ.), ასევე უკრაინიდან დღემდე იდუმალებით მოცული იარაღის შესყიდვების ოპერაციები. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში ალან პერსელის დაბრუნება ასევე დაკავშირებული იყოს მისი აქ მუშაობის სწორედ ხსენებულ პერიოდთან, იმ შემთხვევაში, თუ „ოქროს მოწმე“ სააკაშვილი, თავისი გათავისუფლების ფუჭი მოლოდინით გადაღლილობის ნიადაგზე, ხმის ამოღებას გადაწყვეტს.

საქართველოდან ალან პერსელმა 2008 წელს გადაინაცვლა საბერძნეთში (2008-2011 წწ), არანაკლებ საინტერესო მიმართულებით სამუშაოდ (ტერორიზმთან ბრძოლის რეგიონული კურატორი). ხოლო 2011-2013 წლებში ალან პერსელი დაწინაურდა სახელმწიფო დეპარტამენტის „კავკასიის საქმეთა ბიუროს” დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე და პირდაპირ კურირებდა აშშ-ის ძალოვნების მიმართულებას ჩვენს რეგიონში. მიუხედავად მრავალპროფილური დასაქმებისა, ალან პერსელის ძირითადი სპეციალიზაცია მაინც „ფერადი რევოლუციებია“. ის უშუალოდ მონაწილეობდა 2014 წლის უკრაინის „მაიდანში“. მისი საქმიანობის პერიოდში (მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა) რეგიონში ადგილი ჰქონდა არაერთ მსხვილ აქციას, რომლის ფარგლებშიც გამოიყენებოდა ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგია, ხოლო ალან პერსელი ან უშუალოდ ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მიმართულებას იმ დროს, ან იყო ხსენებული მიმართულების თანამშრომელი. კიევის „მაიდანის“ დროს ალან პერსელი ანგარიშვალდებული გახლდათ უშუალოდ ვიქტორია ნულანდთან, რომელიც თავის მხრივ, ქმნიდა კომუნიკაციას მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან. ასევე, მაშინდელ ელჩ ჯეფრი პაიეტთან ერთად, ალან პერსელი მონაწილეობას იღებდა უკრაინის იმჟამინდელი მთავრობის ფორმირებაში.

ასე რომ, ამ ეტაპზე შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ: აშშ საქართველოს საელჩოს აკომპლექტებს „პირველი ხარისხის სპეციალიზებული“ (სანქციები, ენერგომატარებლები, რევოლუცია, დესტრუქცია და ა.შ.) და სავარაუდოდ, სპეცსამსახურების გამოცდილების მქონე კადრებით. ალან პერსელის კანდიდატურა შერჩეულია ან უშუალოდ რობინ დანიგანის, ან უფრო მაღალი დონიდან ვაშინგტონში და დიდი ალბათობით, საელჩოში შეიკვრება გუნდი, რომელსაც სისტემატური და ახლო კომუნიკაცია აქვს ზელენსკის ადმინისტრაციასთან. თუ რამდენად „ტოქსიკური ღრუბელი“ ჩამოწვება საქართველოს თავზე, როგორც მინიმუმ 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და რა რჩება აშშ-ის საელჩოს დღის წესრიგში ჩვენს ხელისუფლებასთან დაკავშირებით „დედა-ამოცანად“ − თავად განსაჯეთ.