დავით ქართველიშვილი
ვეცადეთ და განვიხილეთ ჩვენი დღევანდელობის „აღქმები“, მარადიული „ღვთის სიტყვის“ – როგორც ძველი, ასევე ახალი „აღთქმების“ პრიზმაში. დღეს ჩვენს თვალწინ იწერება „უახლოესი აღთქმა“, რასაც პოლიტიკური ყოველდღიურობაც ქმნის და რაც საინტერესო დამთხვევებში შედის ჩვენს მიერ უკვე განხილულ ძველ და ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან. დღეს ჩვენი „მთავარი გმირი“ – კვლავ ჩინეთი იქნება, ოღონდ მისი – „უახლოეს აღთქმაში“ როლისა და ადგილის ჩვენებით.
განვლილმა და მიმდინარე თვემ საინტერესო ტენდენციები გამოავლინა ამ კუთხით: რუსეთში სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტი და მისი ნაყოფიერი სამუშაო გრაფიკი თავის რუს კოლეგასთან, ზელენსკისთან სატელეფონო ზარი და ჩინეთის მზაობა სამშვიდობო პროცესებში საკუთარი წვლილი შეიტანოს, ევროპელი ლიდერების მწყობრი ვიზიტები პეკინში, საერთაშორისო საქონელბრუნვაში ანგარიშსწორებაში დოლარის ჩანაცვლების პირველი მაგალითი და იუანზე გადასვლა, ჩინეთ-საფრანგეთის ენერგეტიკული „თამაშები“ ამერიკის გვერდის ავლით, ახლოაღმოსავლეთში ჩინეთის მზარდი როლი, ისრაელსა და ირანს შორის მედიაციის წამოწყება და ა.შ.
შესაძლოა ეს პროცესები საქართველოსთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც სააკაშვილის წონაში კლება, თუ ნორჩი ქართველი ტერორისტების საერთაშორისო ლეგიტიმაციის პროცესები – მაგრამ ვინოცობაა, ჩვენს მკითხველს დააინტერესოს დედამიწაზე მიმდინარე სხვა მოვლენებიც, განსაკუთრებით იმ ჭრილში, სადაც წინა მიმოხილვაში იეზეკილის ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით – „ბოლო ჟამის“ ანუ „უახლოესი აღთქმის“ პერიოდში ჩინეთის, რუსეთის, თურქეთისა და საქართველოს ბედი ასე საინტერესოდ არის ერთმანეთთან გადახლართული.
მაშ ასე, ჩინური პროექტი “გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა” გაშვებულია „წარმოებაში“ და ამის არდანახვა როგორც მინიმუმ, გაუგებარია. ამ პროექტში უკვე გაწევრიანებულია რუსეთი, საუდის არაბეთი, ირანი, ბრაზილია და ექსპერტებმა ამ პროცესებს უკვე მისცეს „ახალი მსოფლიო წესრიგის პროექტის“ შეფასება, რომელმაც ოფიციალურად გაუხსნა საკონკურენციო „ცეცხლი“ ანგლო-საქსონურ გლობალისტურ პროექტთს. რამ განაპირობა ამ პროექტისადმი დანარჩენი მოთამაშეების ინტერესი?
➢ ერთიანი საემისიო ცენტრის არარსებობამ: სანამ ერთადერთ სარეზერვო ვალუტად დოლარი განიხილება, აშშ სარგებლობს ექსკლუზიური „სენიორაჟის“ უფლებით, ასევე სხვა ეკონომიკებში ინფლაციის ექსპორტის მონოპოლისტური შესაძლებლობით, რასაც ფინანსური კოლონიალიზმი ჰქვია. მაგალითად, 1998 წლის კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად ადვილად შეუძლიათ აშშ-ს გარკვეულ ძალებს (სოროსის სახით) ხელოვნურად ჩამოაგდონ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა.
➢ ექსტრატერიტორიული იურისდიქციის უარყოფამ: შეერთებული შტატები ხშირად ახორციელებს საკუთარი იურისდიქციის დომინირებას სხვის სუვერენულ და თუნდაც საერთაშორისო სამართალზე. ამის ყველაზე მკაფიო საერთაშორისო მაგალითია – ჯულიან ასანჟის საქმე. ამის უტყუარ მაგალითებს წარმოადგენენ თუნდაც უკრაინა (შემდგარი ფაქტი) ან იგივე საქართველო (მცდელობების დონეზე). „მესამე სამყაროს“ ქვეყნების პოლიტიკური ელიტებისთვის მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს ჩინეთის გარანტიები, რომ მათ საკუთარი კანონების სათავისოდ ინტერპრეტირების შესაბამისად არ დასჯიან.
➢ ზეწოლის „ზენაციონალური“ პოლიტიზებული ინსტრუმენტების არარსებობამ: აზიაში ჯერ კიდევ არ არსებობს ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო“, „ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი“ და ა.შ., რომლებიც „მესამე სამყაროს“ ქვეყნებმა შეიძლება აღიქვან როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღად. შესაძლოა აზიაშიც გამოჩნდნენ სამომავლოდ მსგავსი ინსტიტუტები, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ არ არსებობს.
➢ „ობიექტური სუვერენიტეტის“ ჩინურმა კონცეფციამ: ჩინეთი „რბილი ძალის“ გამოყენებას განიხილავს, როგორც უპირობო აგრესიას სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩინეთი არ ყოფს ქვეყნების სუვერენულ სივრცეში საერთაშორისო აგრესიულ ჩარევებს ფორმების მიხედვით, არამედ ყოველივე ამას დამდგარი შედეგის მიხედვით აფასებს – თუ ადამიანი მოკლეს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ეს მომენტალურად ტყვიით მოხდა, თუ დროში გაწელილი მოწამვლით. ამ უკანასკნელის რიგს ჩინეთი მიაკუთვნებს „ფერად რევოლუციებსაც“, რომლებისგან საკუთარ მეკავშირეებს თავის მოდელში პირდება უპირობო დაცვას.
➢ რეგიონალურმა ჟანდარმერიამ: შეერთებული შტატები უზრუნველყოფს კონტროლს რეგიონებზე, მათ შორის იქ საკუთარი სამხედრო შენაერთების ყოფნის საშუალებით. ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 3-ჯერ ნაკლებია შეერთებული შტატების ანალოგიური მაჩვენებლებისა და ის უბრალოდ ვერ შეძლებს მსოფლიო “სამხედრო ჟანდარმის“ როლის შესრულებას. ამის გამო შემოთავაზებულია გლობალური უსაფრთხოების განსხვავებული მოდელი, რომელიც ეფუძნება რეგიონულ ინტერესთა ბალანსის შენარჩუნებას.
➢ ჰუმანიტარულმა სუვერენიტეტმა: ჩინეთი ხელს უწყობს მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების პატივისცემის აუცილებლობას, მათი კულტურული თანასწორობის აღიარებით. მულტიკულტურული თვითმყოფადობის, ეროვნულ და კონფესიულ ტრადიციულობასა და იდენტობის შენარჩუნებისადმი ტოლერანტობა და პატივისცემა – ახალი ჩინური მოდელის მთავარი პრინციპებია. აზიური ქვეყნების უმეტესობისთვის ჩინური მოდელისადმი მიზიდულაბაში – ეს მთავარი მოტივია. კულტურული იდენტობის შენარჩუნება, მონოკულტურული ნეოლიბერალური ათეიზმის და ფსევდოლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ – არის მთავარი კულტურული ბრძოლა, რომლის მოწმენიც ვართ ჩვენს ყოვედღიურობაში. დღევანდელი უკრაინა – მონოკულტურული ნეოლიბერალური ათეიზმის დანერგვის ნათელი მაგალითია.
რომ შევაჯამოთ – ვერტიკალური დაქვემდებარების, ჰუმანიტარული უნიფიცირებისა და მართვის ტოტალური კონტროლის ანგლო-საქსონური მოდელისგან განსხვავებით, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ვერტიკალურად გადატანას კოლონიებიდან მეტროპოლიაში – ჩინეთი სთავაზობს ერებს/ტრადიციებს შორის ურთიერთქმედების კონცეფციას, მრავალფეროვან ინსტრუმენტალზე დაფუძნებული „ორკესტრირების“ პრინციპით.
ცხადია, ქვეყნებისთვის, რომლებმააც ვერ მოასწრეს დაეკარგათ საკუთარი “ობიექტური სუვერენიტეტი”, პარტნიორული ურთიერთობების ასეთი მოდელი უფრო მისაღებია და უფრო სამართლიანია მათი გადმოსახედიდან. ამიტომაც სწორედ „სამართლიანობა“ ჟღერს ასე ხშირად სი ძინპინისა და „აღმოსავლეთ კავშირის“ სხვა ლიდერების მოხსენებებში. „სამართლიანობა“ – არც საქართველოსთვის არის აკრძალული და ესოდენ ნანატრი ხილი.