ჩინეთი საჯაროდ აკრიტიკებს ამერიკულ ‘დეზინფორმაციასა და აბსოლუტურ ფარისევლობას’ და საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება
ჩინეთმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა შეერთებული შტატების მიერ დაწყებული ზეწოლის კამპანიის მიმართ, რომლის თანახმადაც პეკინს მოსკოვთან მჭიდრო კავშირები აქვს. ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მაო ნინმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ რუსეთთან დაკავშირებული ჩინური კომპანიებისთვის დაწესებული „უკანონო“ სანქციები არ გაუქმდება, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ნინმა ასევე უარყო ვაშინგტონის ბრალდებები თითქოს ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. პრესმდივანმა ამ ცნობებს ამერიკული „დეზინფორმაციის“ შემადგენელი ნაწილი უწოდა. ამის ნაცვლად ნინმა განაცხადა: „აშშ უკრაინაში სულ უფრო და უფრო მეტი იარაღის გაგზავნით კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს“.
„ეს აშკარა ჰეგემონიზმი, ორმაგი სტანდარტები და აბსოლუტური ფარისევლობაა. ჩინეთი ჩინური კომპანიების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მტკიცე დაცვას გააგრძელებს. შეერთებული შტატების სანქციების საპასუხოდ გაბედულ კონტრზომებს მივიღებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.
მაო ნინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის პოზიცია, რომელიც საკითხის გადაწყვეტას მშვიდობიანი მოლაპარაკებებით ცდილობს, როდესაც საქმე უკრაინის კონფლიქტს ეხება. „რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ჩინეთი აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და კრიზისის პოლიტიკური გზით დარეგულირებას“.
ნინმა კონფლიქტის ეკსალაციაში ვაშინგტონი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა: „გარდა იმისა, რომ აშშ უკრაინას სასიკვდილო იარაღით ამარაგებს, იგი ტაივანზე თანამედროვე იარაღს ყიდის, რაც ჩინურ-ამერიკული სამი ერთობლივი კომუნიკეს დარღვევაა“. „რას აპირებს აშშ? მსოფლიო იმსახურებს პასუხს“.
მაო ნინის თქმით, შეერთებული შტატები „დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული თითქოს ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწდვის და ამ მიზეზით ჩინურ კომპანიებს სანქციებს უწესებს“.
ერთ-ერთი ჩინური კომპანია Changsha Tianyi Space Science and Technology Research Institute ადრე უკვე მოხვდა ამერიკული სანქციების ქვეშ, რადგან რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფება ‘ვაგნერის ჯგუფს’ უკრაინის სატელიტური გამოსახულებები მიაწოდა.
გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, განაცხადა, რომ სანქციები იმ ჩინურ კომპანიებს დაუწესეს, რომლებიც, როგორც აშშ-მა დააფიქსირა, რუსეთისთვის იარაღის „მიწოდებას ჩუმად ცდილობდნენ“.
წყარო:
1. https://is.gd/FgHcrE
2. https://is.gd/NDA2Mx