პოლიტიკასხვადასხვა

ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ იცოდა, რომ უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებას გეგმავდა

0

16 ივნისი, 2023 წ.

14 ივნისს რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შარშან ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინა გააფრთხილა, რომ არ აეფეთქებინა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები, რომლებიც რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს.

ბოლო თვეებში ამერიკელი და სხვა დასავლელი ოფიციალური პირები მედიასთან საუბრისას ვარაუდობდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების უკან უკრაინა დგას. ამერიკელ ჟურნალისტ სეიმურ ჰერშის წყაროები იუწყებიან, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქების ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

„ნიუ იორკ თაიმსთან“ (The New York Times) საუბრისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ 2022 წლის ივნისში ჰოლანდიის დაზვერვამ ლენგლის აცნობა, რომ მათ უკრაინის სამხედრო მიზნების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს, რომელიც რუსულ გაზსადენებზე თავდასხმას ეხებოდა. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინა გააფრთხილა, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგა. ამერიკელი მაღალჩინოსნები ფიქრობდნენ, რომ აფეთქება 2022 წლის სექტემბრამდე გადაიდო.

ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა „თაიმსს“ (Times) განუცხადა, რომ კიევის თავდაპირველი გეგმის თანახმად, უკრაინულ სპეცრაზმს გაზსადენების ასაფეთქებლად სპეციალური წყალქვეშა აპარატი უნდა დაექირავებინა. ამერიკულმა დაზვერვამ გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადზე“ შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

აფეთქების თაობაზე პირველი ინფორმაცია გერმანულმა გამოცემა „დი ცაიტმა“ (Die Zeit) და ჰოლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ნოსმა“ (NOS) გაავრცელეს. მათი თქმით, უკრაინელთა შეთქმულებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი − ვალერი ზალუჟნი მეთვალყურეობდა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაზსადენების აფეთქებაში კიევის მონაწილეობა უარყო. „მე ვარ პრეზიდენტი და, შესაბამისად, ბრძანებებსაც მე გავცემ. უკრაინას მსგავსი არაფერი ჩაუდენია. მე ასე არასდროს მოვიქცეოდი“, − განაცხადა ზელენსკიმ.

იდეა იმის შესახებ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში შეერთებული შტატები ეჭვმიტანილად უკრაინას მიიჩნევდა, პირველად „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში გაჟღერდა, რომელიც 7 მარტს გამოქვეყნდა. წყაროებმა სეიმურ ჰერშს განუცხადეს, რომ ეს სტატია გაზეთში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მითითებით გამოაქვეყნეს, რათა მისი ნაამბობი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენზე მიუთითებდა, საეჭვოდ მიეჩნიათ.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ საბოტაჟის შესახებ ჰერშის ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა მთავარი ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ შეერთებული შტატებია, რადგან ვაშინგტონს აშკარა მოტივი ჰქონდა და აშშ-ის ოფიციალური პირები გაზსადენებთან მიმართებით მუქარას აჟღერებდნენ. 2022 წლის 7 თებერვალს პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენს „ბოლოს მოუღებდა“.

რამდენიმე კვირით ადრე, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა მსგავსი მუქარა გააჟღერა. მისი თქმით, „თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით უკრაინაში შეიჭრებოდა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ოპერირებას ვეღარ გააგრძელებდა“.

ჰერშის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავებმა ბალტიის ზღვაში NATO-ს წვრთნების საფარველქვეშ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები (C-4) დაამონტაჟეს. ამერიკელი ჟურნალისტის სიტყვით, ეს ასაფეთქებელი ნივთიერებები 2022 წლის 26 სექტემბერს ნორვეგიულმა მზვერავმა თვითმფრინავმა ააფეთქა, რომელმაც ამ მხარეში ჰიდროაკუსტიკური ბუი ჩააგდო.

წყარო 1: https://news.antiwar.com/2023/06/13/reports-cia-told-ukraine-not-to-bomb-nord-stream-pipelines/

წყარო 2: https://seymourhersh.substack.com/p/how-america-took-out-the-nord-stream

წყარო 3: https://www.politico.eu/article/cia-warned-ukraine-not-to-blow-up-nord-stream-reports-pipeline/