პოლიტიკასხვადასხვა

ჩადი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ქვეყანა უნდა დატოვოს

0

ჩადი შეერთებულ შტატებთან იმ შეთანხმების გაუქმებით იმუქრება, რომელიც ამერიკულ ჯარებს ქვეყანაში მოქმედების საშუალებას აძლევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-მა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაკარგოს სამხედრო კვალი აფრიკაში მას შემდეგ, რაც ნიგერმა ქვეყნიდან აშშ-ის ძალების გაყვანის ბრძანება გასცა.

CNN-ის ცნობით, ჩადის მთავრობამ მიმდინარე თვის დასაწყისში წერილი გაუგზავნა აშშ-ს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის წყვეტს „ძალების სტატუსის შეთანხმებას“ (SOFA). წერილში პირდაპირ არ იყო გაწერილი აშშ-ის სამხედროების უკან გაწვევის ბრძანება, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, ამერიკულ ძალებს მოუწევთ საფრანგეთის იმ სამხედრო ბაზის დატოვება, სადაც ამჟამად განლაგებულნი არიან.
წერილზე ინფორმაცია გაავრცელა Reuters-მაც და თქვა, რომ ჩადმა შეერთებულ შტატებს უბრძანა შეწყვიტონ აქტივობა აჯი კოსეის საჰაერო ბაზაზე, რადგან ამერიკამ ვერ მიაწოდა დოკუმენტები, რომლებიც მათ ყოფნას ამართლებს ქვეყანაში. შეერთებულ შტატებს მცირე სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს ჩადში. CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყანაში 100-ზე ნაკლებია.

ბოლო წლების განმავლობაში, ფრანგი სამხედროები გააძევეს მალიდან, ბურკინა-ფასოდან და ნიგერიდან. საფრანგეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სამხედრო წარმომადგენლობას ჩადში, თუმცა არსებობს მზარდი მოწოდებები მათ მიერ ქვეყნის დატოვების თაობაზე.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ წერილი შესაძლოა იყოს მოლაპარაკებების ტაქტიკა უფრო ხელსაყრელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, ამას აშშ-ის გაძევება მოჰყვება რეგიონიდან.
პენტაგონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ დათანხმდა ნიგერიდან გასვლას მას შემდეგ, რაც თავდაპირველი ბრძანება უგულებელყო. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-სა და ნიგერს შორის დისკუსიების დაწყება ქვეყნიდან ამერიკული ძალების მოწესრიგებული გაწვევის შესახებ“, − განაცხადა პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა ორშაბათს.

აშშ დათანხმდა გასვლას მას შემდეგ, რაც საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ს უარი ნიგერის დატოვებაზე საფრთხეში აგდებს ამერიკელ ჯარისკაცებს. აშშ-ს დაახლოებით 1100 ჯარისკაცი ჰყავს ნიგერში და აქვს უპილოტო თვითმფრინავების ძირითადი ბაზა, რომელიც „საჰაერო ბაზა 201“-ის სახელწოდებითაა ცნობილი და რომლის დათმობაც მოუწევს.

წყარო: Chad Signals It Wants US Troops To Leave – News From Antiwar.com