(ნაწყვეტი “ფიქრებიდან”)
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ როცა შინ ამ იდეების შუქში ხედავენ ყველაფერს, [ფრანგი რევოლუციონერები] კონსტიტუციასაც და მთავრობასაც, ერსაც და სახელმწიფოსაც, როგორც არალეგიტიმურსა და უზურპირებულს ან, უკეთეს შემთხვევაში, ამაო პაროდიას, გარეთ ხარბი და აგზნებული ენთუზიაზმით იყურებიან. და რაკი ამგვარი აზრებით არიან შეპყრობილნი, ამაოა ელაპარაკო წინაპართა ღვაწლზე, ქვეყნის ფუნდამენტურ კანონებზე, მყარ ფორმაზე კონსტიტუციისა, რომლის საზომიც დადასტურებულია სოლიდური გამოცდითა და ხანგრძლივი გამოცდილებით და აძლიერებს საზოგადოების ძალასა და ეროვნულ წარმატებას. მათ სძულთ ექსპერიმენტი, როგორც სიბრძნე გაუნათლებელი ადამიანებისა; ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, ძირი გამოუთხარეს, რათა ერთი დიდი ზალპით ააფეთქონ სიძველეთა ნიმუშები, პრეცედენტები, ქარტიები და საპარლამენტო აქტები. ისინი სჯერდებიან “ადამიანის უფლებებს”. და ვერფრით უწამლებ; ვერვითარი არგუმენტი ვერ უშველის, რადგან ვერც გუნებას შეუწყობ და ვერც კომპრომისზე დაითანხმებ; ყველაფერი რაც მათ სურთ სიყალბისა და უსამართლობისაგან შედგება. მათი “ადამიანის უფლებების” გამო ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ხანგრძლივად ან სამრთლიანად და გასაძლისად მართოს. ამგვარი მოაზროვნეების მიერ გამოთქმული საწინააღმდეგო აზრი, თუნდაც ფორმით არ ერგებოდეს მათსავე თეორიებს, ამ ძველი და სიკეთისმომტანი მთავრობის მიმართ ისეთია თითქოს უსასტიკეს ტირანიას და ახლადგაჩენილ უზურპატორებს მიმართავდნენ. ისინი ყოველთვის ეკამათებიან მთავრობას არა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, არამედ კომპეტენციისა და ტიტულის გამო. ვერაფერს ვიტყვი მათი პოლიტიკური მეტაფიზიკის მოუქნელობის გამო. დაე აღტაცებულნი იყვნენ თავისსავე სკოლებში _ Iლლა სე ჯაცტატ ინ აულა _ეოლუს ეტ ცლაუსო ვენტორუმ ცარცერე რეგენტ.* მაგრამ ციხეს ნუ გამოამტვრევს ლევანტერივით,* დედამიწას ქარიშხლებად ნუ მოედება და ნუ ამოხეთქავს შადრევნებს სიღრმეებიდან ჩვენს დასაღრჩობად.
შორს გახლავთ იმ აზრისაგან, რომ უარვყოთ თეორია, ასევე მთელი გულით შორსა ვარ იმისაგან, რომ ადამიანებს არ მივცე (თუკი იმის ძალაუფლება მექნებოდა, რომ გამეცა ან არა) რეალური უფლებები. როცა ყალბ უფლებებს ვკიცხავ, სრულებით არ მსურს დავაზიანო ნამდვილი უფლებები, რომელთაც მთლიანი დარღვევით ემუქრება მოჩვენებითი უფლებები. თუ სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის სარგებლობისთვისაა შექმნილი, მაშინ მთელი სარგებლობა, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოებაა, ადამიანის უფლებად გვევლინება. სამოქალაქო საზოგადოება სიკეთის მომტანი ინსტიტუტია;
*დაე ეოლუსი იქადნებოდეს იმ დარბაზში და იმეფოს გამოკეტილ საკანში ქარებისა. (ვერგილიუსი, ენეიდა I. 140-1)
*აღმოსავლეთის ქარი
და კანონის მოტანილი ერთადერთი სიკეთე წეს-რიგის მიხედვით ქმედებაა. ადამიანებს აქვთ უფლება იცხოვრონ წესის მიხედვით; მათ აქვთ სამართლის უფლება მოქალაქეთა შორის, პოლიტიკაში იქნებიან ჩაბმულნი თუ ჩვეულებრივ საქმიანობაში. მათ აქვთ უფლება მოიწიონ შრომის ნაყოფი და უფლება გაზარდონ წარმოება. მათ აქვთ უფლება გადმოეცეთ მშობლებისაგან და გადასცენ და დაეხმარონ თავის შვილებს; უფლება აქვთ დამოძღვრა მიიღონ სიცოცხლეში და სამძიმარი მიიღონ სიკვდილის დროს. რასაც თვითეული კაცი ცალკე შექმნის სხვების სამფლობელოში შეუჭრელად, უფლება აქვს თვითონ ეუფლებოდეს; და უფლება აქვს სამართლიან წილზე იმისა, რასაც საზოგდაოებასთან ერთად შექმნის თვისი უნარი და ძალით. ამ ურთიერთობაში ყოველ ადამიანს თანაბარი უფლება აქვს, მაგრამ არა თანაბარი ზომით. ვისაც მხოლოდ ხუთი შილინგი აქვს საერთო საქმეში ჩადებული, ისეთივე უფლება აქვს, როგორც მაშინ ექნებოდა ხუთასი პაუნდის წილის მფლობელი რომ იყოს, მაგრამ საერთო პროდუქტიდან მიღებულ მოგებაზე თანაბარი წილი არ გააჩნია. ხოლო რაც შეეხება ძალაუფლებას, ავტორიტეტსა და მართვის უფლებას, რაც თითქოს თვითეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს საქმეებში, ვერ მივიჩნევ პირდაპირ და საწყის უფლებად ადამიანისა საზოგადოებაში, რადგან განსჯისას, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წევრს ვგულისხმობ და არა სხვას; ეს საკითხი შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
რაკი სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმების ნაშიერია, შეთანხმება უნდა იყოს მისი კანონი. შეთანხმება უნდა საზღვრავდეს და აყალიბებდეს ნიშნებს კონსტიტუციისა, რაც შეთანხმების სივრცეში იქმნება. ყოველნაირი საკონონმდებლო, იურიდიული თუ აღმასრულებელი ძალაუფლება შეთანხმების ქმნილებაა. სხვაგვარ პირობებში ისინი არ არსებობენ და როგორ უნდა მოითხოვოს ნებისმიერმა ადამიანმა, სამოქალქო საზოგადოების წიაღში უფლებები, რომელთა არსებობაც იქ არ იგულისხმება? უფლებები მთლიანად დაპირისპირებული სამოქალაქო საზოგადოებისადმი, ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი სამოქალაქო საზოგადოებისა, რაც მის ფუნდამენტურ წესად გადაიქცევა, ის გახლავთ, “რომ არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება იყოს თავისი საქმის მსაჯული”. ამით თვითეული ადამიანი ერთბაშად ამბობს უარს ხელშეკრულების გარეშე მყოფი ადამიანის, პირველ ფუნდამენტურ პრინციპზე, იმაზე, რომ თვითონ განსაჯოს და თვითონ დაიცვას თავისი თავი. იგი უარს ეუბნება საკუთარ თავს იყოს თავისი თავის მთავრობა. ამასთან ერთად, იგი მნიშვნელოვანწილად უარს ამბობს თავის დაცვაზე, ბუნების პირველ კანონზე. ადამიანს არ შეუძლია დატკბეს ერთდროულად არაცივილური და ცივილური სახელმწიფოს უფლებებით. იმისათვის რომ მიიღოს სამართალი, უარი უნდა თქვას უფლებაზე დაადგინოს თუ რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის. იმისათვის რომ გადაირჩინოს ცოტაოდენი თავისუფლება, იგი ნდობას უცხადებს და ემორჩილება ყოველივე ამას.
მთავრობა არ არის შექმნილი ბუნებრივი კანონების სიქველის მიხედვით; ბუნებრივი კანონები მისგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობს და არსებობს უფრო დიდი სიცხადითა და უფრო დიდი ზომით აბსტრაქტული სრულყოფილებისა; მაგრამ ბუნებრივი კანონების აბსტრაქტული სრულყოფილება მისივე პრაქტიკული დეფექტია. რაკი ყველაფრის უფლება აქვთ, ყველაფერი სურთ. მთავრობა არის საშუალება ადამიანური სიბრძნის მეოხებით დაკმაყოფილდეს ადამიანური მოთხოვნილებანი. ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მოთხოვნილებანი სიბრძნით იყოს განპირობებული. მოთხოვნილებათა შორის იგულისხმება მოთხოვნილება სამოქალაქო საზოგადოებისა, საკმაოდ შეზღუდოს ადამიანთა ვნებები. საზოგადოება არა მარტო იმას მოითხოვს, რომ დაოკდეს ინდივიდთა ვნებები, არამედ იმასაც, რომ შეიზღუდოს, როგორც ინდივიდთა ასევე მასების მიდრეკილებანი, გაკონტროლდეს მათი ნება და მორჩილებაში იმყოფებოდეს მათი ვნებანი. და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მათ გარეშე არსებული ძალის საშუალებით; და არა ისე, რომ მათსავე განკარგულებით შეიძლებოდეს ნებისა და ვნებების გაღვივებაცა და დათრგუნვაც. ამ აზრით, ადამიანის შეზღუდვანი, ისევე როგორც თავისუფლებანი, უნდა ვიგულისხმოთ მათსავე უფლებებში; მაგრამ რადგან შეზღუდვანი და თავისუფლებანი განსხვავდებიან დროისა და ვითარების შესაბამისად და განუსაზღვრელ გარდაქმნებს ემორჩილებიან, ისინი ვერ დაეფუძნებიან აბსტრაქტულ წესებს და არაფერი იქნება მეტი სისულელე ამ პრინციპით რომ განვიხილოთ.
იმ წუთიდან, როცა რაიმეს აიღებ ადამიანის მთელი უფლებებიდან, რათა მართო საკუთარი თავი და მიიღო ხელოვნური პოზიტიური შეზღუდვა ამ უფლებების საშუალებით, სწორედ იმ წუთიდან, გახდება მთავრობის მთელი ორგანიზაცია მოსახერხებელი. ესაა რაც აყალიბებს სახელმწიფოს კონსტიტუციას და მისი ძალაუფლების სწორ განაწილებას, აკეთებს ყველაზე უფრო ფაქიზსა და რთულ საქმეს. ამისათვის საჭიროა ღრმა ცოდნა ადამიანის ბუნებისა, ადამიანის საჭიროებათა და იმ მოვლენებისა, რაც აწესრიგებს ან წინ აღუდგება გარკვეულ გამოვლინებებს, რომელთა კონტროლი სამოქალაქო ინსტიტუტების მექნიზმების საქმეა. სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს ჯარისკაცები ძლიერებისათვის და ჰქონდეს წამლები სნეულებისათის. რა აზრი აქვს ადამიანის აბსტრაქტული უფლებების განხილვას საკვებისა თუ წამლის ქონისათვის? მთავარია მოაწესრიგო ეს საქმე. ამ შემთხვევაში ყველას ვურჩევ დახმარებისათვის ფერმერსა და ექიმს უხმონ და არა მეტაფიზიკის პროფესორს.
სახელმწიფოს აგების, განახლების ან რეფორმირების მეცნიერება, ისევე როგორც სხვა ექსპერიმენტული მეცნიერებანი არ შეიძლება ვასწავლოთ ა პრიორი . ვერც ხანმოკლე გამოცდილება შეგვეწევა ამ პრაქტიკულ მეცნიერებაში; რადგან ზნეობრივი გამოვლინების რეალური შედეგი ყოველთვის დაუყოვნებლივ არ მოდის; მაგრამ რასაც ზიანი მოაქვს დასაწყისში, შესაძლოა ფრიად კარგი იყოს მოგვიანებით; და მისი ბრწყინვალება შეიძლება სწორედ იმ ზიანიდან ამოიზარდოს, რაც დასაწყისში მოიტანა. პირუკუდაც შეიძლება მოხდეს, როცა ძალზე სანდო სქემებს, ძალზე სასაიმოვნო დასაწყისს სამწუხარო და სამარცხვინო ბოლო მოსდევს. სახელმწიფოებს ხშირად აქვთ ბუნდოვანი და თითქმის ფარული საწყისები, ის რაც არ ჩანს, მაგრამ, დიდწილად, არსებითად მასზეა დამოკიდებული სახემწიფოს აყვავებაცა და დაქცევაც. ამიტომაა მთავრობის მეცნიერება თავისთავად ასეთი პრაქტიკული და მიმართული პრაქტიკული მიზნებისაკენ, იმისაკენ, რაც მოითხოვს გამოცდილებას და უფრო მეტ გამოცდილებას ვიდრე პიროვნებას შეუძლია დააგროვოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არ უნდა გამჭრიახი და დაკვირვებული კაცი იყოს; და დიდი სიფრთხილეა საჭირო სანამ კაცი გაბედავს დააქციოს შენობა, რაც საუკუნეთა მანძილზე პასუხობდა საზოგადოების საერთო მიზნებს ან ხელახლა აშენებას დაუწყებს მას ისე, რომ არც გამოსადეგი მოდელი და არც ნიმუშისმაგვარი რამ არ გააჩნია.
ეს მეტაფიზიკური უფლებები სინათლის სხივივით რომ შეიჭრება საზოგადოებრივი ცხოვრების მჭიდრო სივრცეში, ბუნების კანონის ძალით გადატყდება და ასცდება სწორ ხაზს. სწორედ ასევე აირეკლება და გდატყდება დიდსა და რთულ გროვაში, ადამიანური ვნებებსა და საზრუნავისა, ადამიანთა პრიმიტიული უფლებები და აბსურდული იქნება ვამტკიცოთ, კვლავ მორჩილად მიემართება საწყისი გზითო. ადამიანის ბუნება რთულია; საზოგადოებრივი მიზნებიც ძალზე რთულია და, ამიტომ, არც ერთი მარტივი განლაგება თუ მიმართულება ძალაუფლებისა არ იქნება შესაფერისი ადამიანის ბუნებისა თუ მისი საქმიანობის თავისებურებებისათვის. როცა მესმის, რომ მარტივი საშუალებებით იზრახავენ და იქადნებიან ახალ პოლიტიკურ კონსტიტუციებს შევქმნითო, ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ეს ახალი შემოქმედნი სავსებით უვიცნი არიან თავის საქმეში და ბაიბურში არ არიან თავისი მოვალეობისა. თუ საზოგადოებას მხოლოდ ერთი თვალსაზრისით განვიხილავთ მაშინ პოლიტიკის ყველა ეს მარტივი მოდელი უსაზღვროდ მიმზიდველად მოგვეჩვენება. მარტივი მოდელი ეფექტურობის თვალსაზრისით უკეთ აღწევს მიზანს, ვიდრე რთული მოდელი უპასუხებს თავის რთულ მიზანს. მაგრამ უმჯობესია მთლიანობაში არასრულყოფილი და ნაკლულოვანი იყოს პასუხი, ვიდრე ზოგიერთი ნაწილი დიდი სიზუსტით რეაგირებდეს, სხვები კი სრულიად უყურადღებოდ იყოს დარჩენილი ან სულაც ფიზიკურად განადგურდეს, იმის გამო, რომ ფავორიტს მიეძღვნა მთელი მზრუნველობა.
თვითეული, ამ თეორისტების მიერ ახირებული უფლებებიდან, უკიდურესობაა; და რამდენადაც მეტაფიზიკურად სწორია, იმდენად ზნეობრივად და პოლიტიკურად ყალბია. ადამიანის უფლებები სადღაც სიღრმეშია, განსასაზღვრად ძნელია, მაგრამ გამოსაცნობად შეუძლებელი არ არის. იმ ადამიანთა უფლებები, ვინც მთავრობაშია იმაში მდგომარეობს, რომ თავისი მთავრობა სხვისას დაამჯობინოს. დამჯობინება ხშირად სიკეთის სხვადასხვაგვარ წონასწორობაში მდგომარეობს; ხანდახან კომპრომისი ხდება სიკეთესა და ბოროტებას შორის და ხანდახან კი _ ბოროტებასა და ბოროტებას შორის; პოლიტიკური აზროვნება გამოთვლის პრინციპს ეფუძნება; მიმატებას, გამოკლებას, გამრაველებასა და გაყოფას, ოღონდ ზნეობრივი და არა მეტაფიზიკური ან მეთემატიკური, არამედ ჭეშმარიტად ზნეობრივი კატეგორიებისა.
ამ თეორისტების მიხედვით, ხალხის უფლება თითქმის ყოველთვის სოფისტურადაა აღრეული მის ძალაუფლებაში. ამოქმედებულ საზოგადოებრივ ორგანიზმს ვერასოდეს შეხვდება ეფექტური წინააღმდეგობა, მაგრამ რადგანაც ძალა და უფლება ერთი და იგივეა, ამ ორგანიზმს არა აქვს უფლება, რაც შეუთანხმებელია სიქველესთან და სიქველეთა შორის უპირველესთან, კეთილგონიერებასთან. ადამიანებს არა აქვთ უფლება გააკეთონ ის, რაც უაზროა და რაც სარგებლობას არ მოუტანს; რადგან თუმცა ბრწყინვალე მწერალმა თქვა, Lიცეატ პერირე პოეტის*, როცა ერთ-ერთი მწერალთაგან, როგორც ამბობენ, გულგრილად გადაეშვა ვულკანური რევოლუციის ალში, Aრდენტემ ფრიგიდუს Eტნამ ინსილუიტ*, მე ამ სილაღეს გაუმართლებელ პოეტურ თავნებობად უფრო მივიჩნევ, ვიდრე პარნასის ერთ-ერთ პრივილეგიად; და პოეტი იქნებოდა, სასულიერო პირი თუ პოლიტიკოსი, ვინც ამგვარი უფლების გამოყენება გადაწყვიტა, ვფიქრობ უფრო ბრძნული იქნებოდა გულმოწყალება გამოგვეჩინა და გადაგვერჩინა კაცი, ვიდრე მისი ფოსტლები შემოგვენახა უსირცხვილოდ, როგორც მის მიერ ჩადენილი სისულელის ძეგლი.
ამგავრი საზეიმო ცერემონიები, რომელთა დიდ ნაწილსაც ვეხები წერისას, თუ კაცს არ შერცხვება და მიჰყვება თავის არჩევანს მომხდარი სისულელის საზეიმოდ აღნიშვნისა, მრავალთ ააცდენს გზას და რევოლუციის ზეიმს გააგრძელებს. გამოგიტყდებით, სერ, დიდად არასოდეს მხიბლავდა ეს
*მიეცით ნება პოეტებს დაიღუპონ.
*[ემპედოკლე] გულგრილად ჩახტა გიზგიზა ეტნაში. [ჰორაციუსი, Aრს Pოეტიცა 465]
გაუთავებელი საუბარი წინააღმდეგობის მოძრაობასა და რევოლუციისა გამო ან რადიკალური სამკურნალო საშუალების კონსტიტუციის პურად არსობისა გადაქცევის გამო. ამ ჩვეულებამ შეიძლება საზოგადოება სახიფათოდ დაასნეულოს; ეს იგივეა ვერცხლისწლის სუბლიმაციის დოზები რომ მივიღოთ პერიოდულად და ვყლაპოთ თავისუფლების სიყვარულის პროვოკაციული აბები.