კვირას ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მასობრივ დემონსტრაციაში ათასობით ბულგარელი მონაწილეობდა. დემონსტრანტები ბულგარეთის მთავრობას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალური პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტები „ბულგარეთი სამშვიდობო ზონაა“, „ჩვენ მშვიდობა გვინდა და არა ომი“ და „წავიდეს ნატო“ სკანდირებდნენ. ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბულგარეთის მთავრობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით შეერთებული შტატების მართული ნატოს პოზიციას იზიარებს
გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენილი იყო ტრანსფარანტები, რომლებზეც ეწერა: „არც ერთი ბულგარელი ჯარისკაცი და ტყვია უკრაინაში“, რადგან აქციის მონაწილეებს არ სურთ, რომ მთავრობამ რაიმე სახის სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს კიევს.
„თუ ბულგარეთი ამ კონფლიქტში ჩაერთვება, ბულგარელებიც დაიღუპებიან. არ გვინდა და არც დავუშვებთ ამას“, – განაცხადა აქტივისტმა გრიგორ სარიისკიმ. მსგავს პოზიციას ხშირად აფიქსირებს ავსტრია და უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დიდი ხანია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა სანქციებთან დაკავშირებით საერთო ევროპულ ღონისძიებებს განახორციელებს და ჰუმანიტარულ დახმარებას შესთავაზებს, უნგრეთი კონფლიქტის მონაწილე არცერთ მხარეს სამხედრო დახმარებას არ შესთავაზებს და არც ომში ჩაერთვება.
დემონსტრაციები ბულგარეთის ათობით ქალაქში ჩატარდა, ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია კი დედაქალაქში გაიმართა.
დემონსტრაციების ორგანიზატორებმა ‘მშვიდობასა და ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ეროვნული რეფერენდუმის’ ჩატარების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს. მათ წამოიწყეს კამპანია იმისთვის, რომ ბულგარეთის საგარეო პოლიტიკასა და კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით ამომრჩევლის აზრი მოისმინონ, უჭერენ თუ არა მხარს ბულგარეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო დაჯგუფების განლაგებას და უნდა განთავსდნენ თუ არა ბულგარეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ცნობილი გახდა, რომ 21 მაისს კიდევ ერთი საპროტესტო აქციის ჩატარება იგეგემება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრამდე ბულგარეთს რუსეთთან მნიშვნელოვანი პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდა, სოფიამ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაჟინებული თხოვნით კიევს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ბულგარეთმა ომს გაქცეული ათასობით უკრაინელი ლტოლვილიც შეიფარა.
მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კონფლიქტში ჩარევას უკავშირდება, ‘ბულგარეთის სოციალისტური პარტიისა’ და მემარჯვენე პოპულისტური პარტია ‘აღორძინების’ წევრები აკრიტიკებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მისი მხარდამჭერთა რიცხვი სტაბილურად იზრდება და დღესდღეობით ამ მემარჯვენე პარტიას 240-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 37 ადგილი უკავია.
წყარო: https://is.gd/VGVNqa