კიევი, უკრაინა (AP) − კვირას, 19 ნოემბერს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების ნაკლები ალბათობა არსებობს, რადგან უკვე მეორე ზამთარი იწყება და ომი ისევ გრძელდება.
სამხედრო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი კვირას ღამით კიევს, ასევე ჩერკასისა და პოლტავის რეგიონებს ირანული წარმოების Shahed-ის ტიპის 20 დრონით თავს დაესხა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15 მათგანი ჩამოაგდეს.
სერგი პოპკოს თქმით, რომელიც კიევის სამხედრო ადმინისტრაციას მეთაურობს, ბოლო 48 საათში რუსეთმა მეორედ მიიტანა იერიში უკრაინის დედაქალაქზე. როგორც ამ უკანასკნელმა განაცხადა, დრონები კიევს სხვადასხვა მიმართულებიდან დაესხნენ თავს.
კვირას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პერსპექტივა დაბალია და ბრძოლის ველზე მხარეებს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
ბრიტანელთა განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ კუპიანსკისა (ხარკოვის ოლქი) და ქალაქ ავდიივკის მახლობლად (დონეცკის ოლქი), ასევე მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
კვირას ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ოლქის თავზე უკრაინული დრონები ჩამოაგდო, − ამის შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირები იუწყებიან.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნამსხვრევებს რუსეთის დედაქალაქის მოსაზღვრე ბოგოროდსკის ოლქში მიაგნეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.