ეკონომიკასხვადასხვა

ბრაზილია და ჩინეთი ამერიკულ დოლარზე უარს ამბობენ

0

ავტორი ბრედფორდ ბეცი, 31 მარტი

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიამ და ჩინეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც სავაჭრო ოპერაციებისას უარს იტყვიან ამერიკულ დოლარზე და უპირატესობას ეროვნულ ვალუტებს მიანიჭებენ.
შეთანხმება, რომლის შესახებაც ოთხშაბათს განაცხადეს, ჩინეთსა და ბრაზილიას სავაჭრო და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას მისცემს, რომ იუანი რეალში გაცვლონ ან პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ თავიანთი ვალუტების აშშ დოლარში კონვერტაცია მოახდინონ.
ბრაზილიის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოში (ApexBrasil) განაცხადეს, რომ ახალი შეთანხმება, სავარაუდოდ, „ხარჯებს შეამცირებს“ და „კიდევ უფრო დიდ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობასა და კაპიტალდაბადების გაადვილებას შეუწყობს ხელს“.
უახლესი მონაცემების თანახმად, ჩინეთი ბრაზილიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც მთლიანი იმპორტის მეხუთედზე მეტი მოდის, მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია. ჩინეთი ბრაზილიის უდიდესი საექსპორტო ბაზარიც არის, რომელზეც მთლიანი ექსპორტის მესამედზე მეტი მოდის.
2009 წელს ჩინეთმა შეერთებული შტატები უკან ჩამოიტოვა და ბრაზილიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. დღესდღეობით სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მეტი ჩინური ინვესტიციები ბრაზილიაში ხორციელდება, რაც მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემი ხაზებისა და ნავთობის მოპოვების ხარჯებით არის გამოწვეული.
ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები ჯერ კიდევ იანვარში შეთანხმდნენ, რომ ამერიკულ დოლარზე უარს იტყოდნენ. ამ გარიგების შესახებ პეკინში ჩინეთსა და ბრაზილიას შორის გამართული მაღალი დონის საქმიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ბრაზილიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ლუის და სილვამ, რომელმაც ფიცი 1-ლ იანვარს დადო, პეკინთან კავშირების გამყარება დაიწყო. როგორც ცნობილია, მისი წინამორბედი ჟაირ ბოლსონარო, რომელსაც პეკინთან რთული ურთიერთობები ჰქონდა, ანტიჩინური რიტორიკით გამოირჩეოდა.
გასულ უქმეებზე ბრაზილიის მემარცხენე პრეზიდენტი პეკინში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვიზიტის გაუქმება მოუწია. ლულა და სილვა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი სახელმწიფო ვიზიტისას პეკინს მინისტრებთან, სენატორებთან, კანონმდებლებსა და ასობით ბიზნესმენთან ერთად უნდა სწვეოდა. ამ უკანასკნელთა შორის 100-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორიდან იყო.

წყარო: https://is.gd/tuhGjB