18 მაისი, 2023 წ.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც უკრაინელი დევნილების კრიზისთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის რეაქცია გააკრიტიკა, ამის შესახებ ჯონსონის კომუნიკაციების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გუტო ჰარიმ, განაცხადა.
ყოფილი თანაშემწის თქმით, ჯონსონმა საფრანგეთის პრეზიდენტს ‘ნაგავი’ უწოდა და პირობა დადო, რომ ‘სახეში მუშტს უთავაზებს’. ჯონსონის გაღიზიანება გასული წლის მარტში ევროკავშირის სამიტზე მაკრონის წარმოთქმულმა სიტყვებმა გამოიწვია. საფრანგეთის პირველმა პირმა ბრიტანეთი იმის გამო გაკიცხა, რომ თავშესაფრის შესახებ „გრანდიოზული განცხადებები“ ვერ შეასრულა.
„ვიმედოვნებ, რომ უკრაინელებს, რომლებმაც საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადეს და ევროპა გადალახეს, რათა ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავიანთ ოჯახებს ეწვიონ, უკეთესად მოეპყრობიან“, – განაცხადა მაშინ მაკრონმა.
საჯარო შენიშვნებმა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განარისხა, განაცხადა ჰარიმ და დასძინა, რომ ჯონსონმა მაკრონი შემდეგი სიტყვებით შეამკო: „ვამბობ, რომ იგი ოთხასოაიანი სიტყვაა. უცნაური ტიპია, პუტინის მლიქვნელი“.
2022 წლის თებერვლის მიწურულს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯონსონი პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე გახდა და უკრაინის დედაქალაქს რეგულარულად სტუმრობდა როგორც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ასევე მის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონმა თავის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ემანუელ ბონს, სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩინეთთან თანამშრომლობა დაავალა, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა საფრანგეთის პრეზიდენტი პრორუსობაში დაადანაშაულეს.
„თუ მაკრონი ფიქრობს, რომ უკრაინელი ხალხის ზურგს უკან მოლაპარაკებებს გამართავს, ძალიან ცდება“, – განაცხადა გასულ თვეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი დანილოვმა.
ამ ბრალდებების მიუხედავად, საფრანგეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რამდენიმე უკრაინული ბატალიონი „გაწვრთნა და აღჭურვა“ და კვირას მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ კიევს „ათობით ჯავშანტექნიკასა და მსუბუქ ტანკს“ გადასცემს.
წყარო:
1. https://rmx.news/uk/boris-johnson-called-emmanuel-macron-a-c-and-vowed-to-punch-his-lights-out-after-french-president-criticized-britains-response-to-ukrainian-refugee-crisis/
2. https://www.politico.eu/article/boris-johnson-emmanuel-macron-vladimir-putin-lickspittle-weirdo-aide/