უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნების მცდელობა ვლადიმირ პუტინისთვის წითელი ხაზი იქნება, რასაც შეიძლება რუსეთის უფრო მკაცრი პასუხი მოჰყვეს, ამის შესახებ ოთხშაბათს Zoom-ით ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
რუსეთის პრეზიდენტი ყირიმს თავისი ქვეყნის, და არა უკრაინის, სრულყოფილ ნაწილად მიიჩნევს. პუტინი ნახევარკუნძულს თავისი კლანჭებიდან არ გაუშვებს. 2014 წელს ყირიმი მოსკოვის მმართველობაში გადავიდა. მას შემდეგ რესპუბლიკურმა თუ დემოკრატიულმა ადმინისტრაციებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ყირიმი უკრაინაა“.
კითხვაზე, არის თუ არა მზად შეერთებული შტატები, რომ უკრაინას დროთა განმავლობაში მოსკოვის მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებაში დაეხმაროს, უმაღლესი რანგის დიპლომატმა ზემოხსენებული კომპენტარებით უპასუხა, რაც, რა თქმა უნდა, კიევს გეგმებების განხორციელებაში შეუშლის ხელს.
ოთხი ადამიანის თქმით, რომლებმაც სახელმწიფო მდივნის პასუხი იცოდნენ, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ყირიმის დაბრუნებაში აქტიურად არ დაეხმარება, რადგან ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. ამჟამინდელი ადმინისტრაციის მთავარი მიზანია უკრაინას წარმატების მიღწევაში იქ დაეხმაროს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.
ბლინკენის ეს შეფასება პენტაგონის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება. მათი თქმით, დონბასსა და ქვეყნის სამხრეთში ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პენტაგონში ეჭვობენ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ყირიმის დაბრუნებას შეძლებს
ამერიკელი (ასევე ნატოს) დიპლომატები და სამხედრო მაღალჩინოსნები ყოველთვის საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია, თუმცა 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა მისი ოკუპაცია განახორციელა, მათ უკრაინის დასახმარებლად ბევრი არაფერი მოუმოქმედებიათ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა Zoom-ით ჩატარებული შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ბლინკენი სხვა უცხოელ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, ერთად დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ამ კვირაში გაიმართება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინელებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამომავლო დახმარების პერსპექტივებზე გაესაუბრება.
ბლინკენი, რომელსაც შეხვედრაზე თავისი მოადგილე ვიქტორია ნულანდი ახლდა, ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო მაღალჩინოსანია, რომელმაც ყირიმთან მიმართებით უკრაინელებს ცივი წყალი გადაასხა. ორი კვირის წინ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებს განუცხადეს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ყირიმის დაბრუნებას ვერ შეძლებს.
ეს შეფასება მოჰყვა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის, კომენტარებს, რომელიც დიდი ხანია, რაც სკეპტიკურად უყურებს უკრაინელთა წინსვლის პერსპექტივებს.
წყარო: https://is.gd/wYWcMT