12 ივნისი, 2023 წ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლიტვაში NATO-ს სამიტზე განაცხადა, რომ ვაშინგტონს არსებითად არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ უკრაინა კასეტური საბრძოლო მასალებით შეეიარაღებინა, რადგან ეს ქვეყანა მათ გარეშე „თავს ვერ დაიცავს“.
Andrea Mitchell Reports-თვის (MSNBC) მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ უკრაინას კასეტური ბომბებისა და საარტილერიო ჭურვების მარაგი ეწურება ან ამოეწურა.
„მსოფლიოსა და უკრაინაში ერთჯერადი აფეთქების საბრძოლო მასალების − და არა კასეტური საბრძოლო მასალების, − მარაგები ილევა, თითქმის ამოწურულია, − დაიწყო ბლინკენმა.
„ამგვარად, რთული, მაგრამ აუცილებელი არჩევანია მათთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდება: თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ საბრძოლო მასალები გამოელევათ“, − განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტ ენდრია მიტჩელს, − „ტყვია-წამალი თუ ამოეწურებათ, თავს ვეღარ დაიცავენ“.
მიტჩელის შეკითხვაზე, თმობს თუ არა აშშ მორალურ უპირატესობას, როდესაც უკრაინას იმ ბომბებით ამარაგებს, რომლებიც 120-ზე მეტი ქვეყნის მიერ არის აკრძალული, ბლინკენმა უპასუხა: „ყველა მოკავშირეს, რომელსაც ვესაუბრე, ესმის, თუ რატომ ვაკეთებთ ამას“.
ამავე პათოსს იზიარებს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. „სასტიკი ომის წინაშე ვდგავართ და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სისასტიკე აისახება, როდესაც ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან, ხოლო კასეტურ საბრძოლო მასალებს ორივე მხარე იყენებს“. „რუსეთმა კასეტური საბრძოლო მასალები სხვა ქვეყნის ოკუპაციის მიზნით გამოიყენა, უკრაინა კი მათ თავის დასაცავად იყენებს“, − განაცხადა სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ.
ამ ნაბიჯს აშშ-ის ბევრი ევროპელი მოკავშირე არ დაეთანხმა, რომლებმაც ვაშინგტონს ეს გადაწყვეტილება არ მოუწონეს. განსაკუთრებული აქტიურობით გერმანია გამოირჩევა. კიევი დიდი ხანია, რაც ბერლინს სისუსტესა და ყოყმანში ადანაშაულებს, როდესაც საქმე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ეხება.
თუმცა ბლინკენის კამათის მეთოდი ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ყოველ ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც ესკალაციას ეხება, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ კიევს უკვე გაუგზავნა მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი.