ნებისმიერი თვალსაზრისით და შეფასებით, იქნება ეს დასავლური, რუსული, ჩინური თუ გარეშე ქვეყნების მედია, სი ძინ პინის მოსკოვში ვიზიტი მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენად, რაც ევრაზიისა და მაშასადამე, მსოფლიო ბატონობისათვის ამ დიდ „პოსტ-ომში“ მოხდა 2022 წლის 24 თებერვლიდან ვიდრე დღემდე. ამ ვიზიტისას ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებულ ხელშეკრულებათა მხოლოდ ჩამონათვალიც კი, შინაარსზე რომც არაფერი ვთქვათ, თავისი მასშტაბურობით, სრულიად უპრეცენდენტოა; ცივი ომის დასრულების შემდგომ ძნელად თუ გვახსენდება მსგავსი გლობალურად, გეო-სტრატეგიულად უზარმაზარი შედეგების მქონე გრანდიზოული შეთანხმება. ეს გრანდიოზულობა ხაზგასმით მანიფესტირდება შეთანხმების მხარეთა თუ დამკვირვებელთა მიერაც. არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სფერო, იქნება ეს ზოგადად -ეკონომიკა და ფინანსები, ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსების მართვა და გამოყენება, უახლოესი ტექნოლოგიების, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება, მეცნიერება და განათლება, კულტურა, სპორტი, საინფორმაციო პოლიტიკა (სახელმწიფო ტელევიზებისა თუ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მჭიდრო დაახლოება) და სხვ. და ა.შ. რომელშიც სტრატეგიული დაახლოების შეტანხმება არ დადებულა. მარტო გახმაურებულ შეთანხმებათა (მათი რიცხვი 20-მდეა) სათაურები საკმარისია ამ მოვლენის გრანდიოზული მასშტაბის დასანახად; არადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაიდო ისეთი შეტანხმებებიც, რაც არ გახმაურებულა, მათ შორის – სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებითაც. თამამად შეიძლება თქმა, რომ ეს სტრატეგიული შეთანხმებები, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი თანამშრომლობისა და მჭიდრო ურთიერთ-დაახლოების ხარისხი, მათი შინაარსი, რაც მთავარია – მთლიანობაში ეს მკაფიო გეოსტრატეგიული კონტექსტი ( რისი მკვეთრი მანიფესტირებაც იყო სი ძინ პინის ხმამაღალი განცხადება აეროპორტშივე, მისი ვიზიტის დაწყებისთანავე : „ჩინეთი და რუსეთი ერთად დაიცავენ მსოფლიო წესრიგისო“ ) ნათელყოფს – ბერლინის კედელის დაცემის შემდეგ, რაც ცივი ომის დასასრულისა და ახალ მსოფლიო წესრიგს – Pax Americanas მოასწავებდა, ეს ვიზიტი ამავე რანგის ეპოქალურ მოვლენად უნდა შეფასდეს. ისტორიის ერთი დიდი ფურცელი ბერლინის კედლის ნგრევიდან დღემდე, როცა ამხანაგი სი მოსკოვს ეწვია, უკვე გადაიშალა! სხვა ჟამს დაედო დასაბამი. უკეთესი იქნება ეს ჟამი თუ უარესი, ჯერ არ ვიცით. თუმცა, იმაზეც მადლობა ღმერთს, რომ „ისტორიის დასასრული“ რასაც წინასწარმეტყველებდნენ, არ შემდგარა.
პროდასავლურად განწყობილი მიმომხილველები ლამის ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს ვიზიტი ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულების დემოსტრირებაა; ბევრი იმასაც ამბობს, რომ სი ძინ პინი გამოიყურებოდა როგორც პატრონი, რომელიც თავის კლიენტს – პუტინს პატივი დასდო და გასამხნევებლად მოსკოვში ეწვია; თუმცა, ვერავინ უარჰყოფს, რომ მიუხდავდ იმისა, არის თუ არა ჩინეთ-რუსეთის ეს კავშირი მეტ-ნაკლებად თანასწორუფლებიან სუბიექტთა მოკავშირეობა, თუ ესაა ჩინურ-რუსული ევრაზიული უნია, სამხედო მოქმედებები უკრაინაში გეოპოლიტიკურად დიდად უკვე ვერაფერს ვეღარ შეცვლის. შემდგარი ფაქტია, რომ შეერთებული შტატების მსოფლიო ჰეგემონია და მასზე დამყარებული ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი ამიერიდან ისევეა ისტორიის კუთვნილება, როგორც თავის დროზე, „ცივი ომის დროს“ მაშინდელი ბიპოლარული საერთაშორისო სისტემა იყო.
ამასვე მოწმობს უკრაინის ომის დასრულებისათვის ჩინეთის 12 პუნქტიანი სამშვიდობო წინადადებები, რაც ასევე აქცენტირებული იქნა ამ ვიზიტის დროს.ეს სამშვიდობო გეგმა, სინამდვილეში, დიდად არ განსხვავდება ულტიმატუმისგან, რომ აღიარებული იქნას რუსეთის აგრესიის შედეგად შეცვლილი რეალობა, უკრაინის ტერიტორიის 20%-ის სამხედრო ოკუპაცია და იურიდიულადაც განხორციელებული რუსული ანექსია, რაც უნდა გახდეს შემდგომი მოლაპარაკებების ამოსავალი წერტილი. იმ მოლაპარაკებებისა, რამაც საბოლოოდ უნდა გააფორმოს ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც დასავლეთის საპირისპირო პოლუსი „ჩინეთ-რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პაქტი“ ანდა სულაც, „ჩინეთ-რუსეთის ევრაზიული უნია“ იქნება. ჯერჯერობით, დასავლეთს, ბუნებრივია, უჭირს ამ ფაქტობრივი ულტიმატუმისათვის სათანადო პასუხის გაცემა და მით უმეტეს, ევრაზიაში ბატონობისათვის ჯერ მაინც მიმდინარე ამ დიდ „პოსტ-ომში“ მწარე მარცხის აღიარება, თუმცა, ყოველივე ამის ალტერნატივა უკვე მკაფიოდ დემონსტრირებულია: თუ დასავლეთი, აქაოდა სახე შევინარჩუნოო, ჩინეთის სამშვიდო წინადადებებს კვლავაც ცივად შეხვდება და ამა თუ იმ ფორმით არ დაიწყებს მათ განხილვას, მაშინ ვითარება დრამატულად, 180 გრადუსით შეიძლება შეტრიალდეს: მოსალოდნელია, რომ ჩინეთმა, ზუსტად ისევე აწარმოოს პროქსი- ომი და ეფექტიანდ გამოიყენეოს რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ, როგორც ამას აქამდე დასავლეთი სჩადიოდა რუსეთის დასამარცხებლად პროქსი-ომში და იყენებდა უკრაინას. აქ გულსაკლავია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში – მიიღებს თუ არა დასავლეთი ჩინეთის სამშვიდო შეთავაზებას, რაც, ვიმეორებ – უფრო ულტიმატუმს ჰგავს, უკრაინა მაინც უმწეო მსხვერპლია, იგი დასაკლავად გაიმეტეს და ახალ მსოფლიო წესრიგს, რომლის ბიპოლარული კონტურები მკაფიოდ გამოიკვეთა, ზვარაკად შესწირეს.
მდგომარეობა იმგვარად შეიცვალა, რომ უკრაინის საგაზაფხული კონტრ-შეტევა, რაზეც დიდ ფსონს დებდა დასავლეთი, შესაძლოა, უკვე პოლიტიკურ საზრისს კარგავს. მართლაც, თუკი დასავლეთი გააძლიერებს უკრაინის მზადყოფნას და ამ კონტრ-შეტევას უფრო მეტი რესურსით, უწინრესად კი მაღალეფექტური იარაღითა და საკმარისი საბრძოლო მასალებით, უზრუნველყოფს, ანალოგიურად მოიქცევა ჩინეთიც და რუსეთის მზადყოფნაც არანაკლები პროპორციით გაიზრდება. ვინაიდან სამხედრო-პოლიტიკური ესკალაციის ზღვარი ბირთვული ომია, ხოლო მხარეები ამ ზღვარს ვერ და არ გადალახავენ (იმედია!), საბოლოოდ ამას მივიღებთ: როგორც ბევრი მიმომხილველი მიიჩნევდა, რომ რუსეთმა 24 თებერვლის ბარბაროსული აგრესიის აქტით თავი ხაფანგში გაყო და იგი დასავლეთთან წინასწარ წაგებულ ომში გაეხვა, ანალოგიურად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამჯერად სწორედ დასავლეთმა გადაყლაპა ჩინური ანკესი და შეიძლება იგი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდეს: ამიერიდან ამ ომის დღის წესრიგს – ჩინეთი უკარნახებს და მის ხელში იქნება სამხედრო-პოლიტიკური ესკალაციის მართვაც… ეს უკვე არა ცალმხრივი, არა ნაწილობრივ, არამედ ორმხრივი, სრულად პროქსი-ომი გახდება: ჩინეთი იბრძოლებს რუსეთის ცოცხალი ძალითა, მისი საკმაოდ მძლავრი სამხედრო მანქანითა და დიდწილად, ისევ რუსული იარაღით, მაგრამ უკვე ჩინეთის საჭიროებისამებრ მზარდი მატერიალური თუ არამატერიალური მხარდაჭერით, მაშინ, როცა დასავლეთი იძულებულია უკრაინის შეზღუდულ სამხედრო პოტენციალს, მათ შორის, უწინარესად – ცოცხალი ძალის სულ უფრო სწრაფად მილევად რესურსს, დაეყრდნოს, ხოლო სხვა ყველაფერი – იარაღი, საბრძოლო მასალა, საინფორმაციო თუ ზურგის უზუნველყოფა, მართვის შტაბი, მოსახლეობის თუ უკრაინელ ლტოლვილთა მინიმალურ, მეტ-ნაკლებად საარსებო დონეზე შენახვა და სხვ. მოკლედ, ყველაფერი, რაც ამ გამანადგურებელ, უკრაინისათვის კატასტროფულ, დამღუპველ ომს სჭირდება – მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს; ჩინეთის უპირატესობა აშკარაა თუნდაც მხოლოდ ამ თვალსაზრისით: მას ეს პროქსი-ომი შეუდარებლად იაფი იმიტომაც დაუჯდება, რომ სრული წვდომა ექნება რუსეთის ფაქტიურად მუქთა ბუნებრივ რესურსებზე, უწინარესად – ენერგომატარებლებზე. ხოლო უკრაინა დასავლეთისათვის პროგრესულად მზარდი ხარჯის მეტი სხვა არაფერია, ამ ხარჯის ამოღება სათუოა, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე სწარმოებს, ეს ტერიტორია ვერანდება, ხოლო დანგრეულ-გაჩანაგებული, ტრილიონის ზარალში გადავარდნილი, მოსახლეობისგან დიდწილად დაცლილი ქვეყანა ამ ომში უკვე გაწეული ათეულობით მილიარდობით დასავლური ხარჯის დაფარვას ან საერთოდაც ვერ შეძლებს, ანდა თუ შეძლებს, როდის -არავინ იცის! მაშინ როცა, რუსეთი ჩინეთისათვის პირიქით, შესაძლოა დაუგეგმავი მოგების წყარო გახდეს…
ერთ-ერთ მიმოხილვაში წავიკითხე – რატომ ახლა და არა აქამდე, ჩავიდა ამხანაგი სი მოსკოვში? პასუხი ნათელია: დროის შერჩევა ჩინელებმა საუკეთესოდ იციან! აქამდე არ იყო სიტუაცია სათანადოდ მომწიფებული (როგორც „ბრილიანტის ხელშია“ – „კლიენტ დაშოლ დო ნუჟნოი კონდიციი“); აქამდე ჩინეთი მდინარის პირას იჯდა და ელოდებოდა დროს, როცა მტრის გვამს მდინარე ჩამოატარებდა ანდა, როცა მომარჯვებული ანკესი უნდა გადაეგდო. ვითარება მომწიფდა და ახლა დასავლეთს ორი არჩევანიღა აქვს: ან ეს ჩინური ანკესი უნდა გადაყლაპოს და აწ უკვე მასთან ხანგრძლივ, მომქანცველ, გამომფიტავ პროქსი-ომში ჩაებას, ანდა სახე დაკარგოს და მძიმე მარცხს შეეგუოს. პირველ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი ჩინეთის სამშვიდობო წინადადებებს (ვიმეორებ – რეალურად ულტიმატუმს) არ მიიღებს და არ ეცდება უკრაინაში ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, მისი მდგომარეობა დამძიმდება. შეიძლება იმდენად კრიტიკულიც კი გახდეს, რომ ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებაც კი გაჭირდეს. იმედია, აშშ-ს „ლურჯ“ და „წითელ“ შტატებად დაშლას მსოფლიო გადაურჩებით! თუმცა, ძალიან გაუჭირდება დღევანდელ, დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციას 2024 წლის არჩევნებისათვის ასე თუ ისე მისაღები სახის შენარჩუნება. ის, რომ ეს თითქმის უკვე შეუძლებელია, აშკარად აიგრძნობა წამყვან ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებში. ადმინისტრაციის უმიმეს საგარეო პოლიტიკურ მარცხს, თუ საერთოდაც კრახს არა, არაპირდაპირ, მაგრამ ნათლად მიანიშნებენ „ვაშინგტონ პოსტი“ თუ „ნიუ იორკ ტაიმსი“, ასევე, ფაქტიურად ყველა სახელოვანი გამოცემა. მართლაც: აშშ-ს პოლიტიკა ევრაზიაში, უწინარეს ყოვლისა, ემყარებოდა სწორედ იმას, რომ არაფრით დაეშვა რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება. მივიღეთ ის, რომ დასავლეთმა ან რუსეთთან მარცხი უნდა აღიაროს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს, ანდაც უარესი: ჩაებას ჩინეთთან წამგებიან პროქსი-ომში. როგორ გამოძვრება ამ მძიმე მდგომარეობიდან აშშ და მთლიანად დასავლეთი – ამჟამად არავინ უწყის. ერთადერთი იმედი – ისევ ფიარ-ჯადოქრობა თუა, თუნცა ესეც უკიდურესად გაჭირდება, რადგან ფაქტებსა და აღქმებს შორის კონფლიქტი საბედისწეროდ კრიტიკულ სახეს იღებს…
…ცხადია, ჩვენი „ულტრა-მედასავლეთეები“ ცდილობენ ეს ეპოქალური მოვლენა, რამაც ახალი, ისევ ბიპოლარული მსოფლიო წესრიგის დადგომა გვამცნო, არ შეიმჩნიონ. არადა, ეს იგივეა, ვინმეს თავის დროზე ბერლინის კედელის ნგრევა ვერ დაენახა. ცხადია, ხედავენ, მაგრამ რა ქნან? ჯერჯერობით ისევ ინსტრუქციების იმედად არიან უკვე მხილებული აგენტები…. ხოლო ქვეყანა შეცვლილ მსოფლიო წესრიგში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის, „შუა დერეფნის ყელის“ როლისათვის ემზადება. ეს ჩვენი ისტორიული, ტრადიციულად ჩვეული როლია და ადაპტირება ახალ წესრიგთან სხვებზე უფრო უკეთ უნდა შევძლოთ. მაგრამ ასევე ესეც გვახსოვდეს: ხიდი არა მხოლოდ აკავშირებს დაპირისპირებულ ნაპირებს, არამედ მათი მიჯნაცაა.