“როდესაც სასწაულების საუკუნე ჰორიზონტს მიღმა ჩაეშვება, როგორც არაჩვეულებრივი ტრადიცია და თვით ბურჟუაზიულ პირობითობათა ეპოქაც კი მოძველდება; და ადამაინის არსებობა თაობათა გრძელი ჯაჭვის ფორმულებად გადაიქცევა და გამოიფშუტება დროთა განმავლობაში; და თითქოსდა აღარც იქნება რეალობა, მხოლოდ აჩრდილების რეალობაღა შეგვრჩება ხელთ და ღვთაებრივი სამყარო მკერავისა და მეშალითეს სამუშაოდ იქცევა, ადამიანები მუშამბის ნიღბებს მოირგებენ და თავის კანტურსა დამანჭვას მოჰყვებიან, _ მოულოდნელად, დედამიწა დაამთქნარებს, გაიპობა და ჯოჯოხეთის კვამლიდან თვალისმომჭრელი მოგიზგიზე ცეცხლიდან, წამოიმართება მრავალთავიანი, ცეცხლისმფრქვეველი სანსკიულოტიზმი და იკითხავს: “რას ფიქრობთ ჩემზე?”
ასე წერდა კარლაილი 1789 წლის ამოფრქვევაზე; მისმა “საფრანგეთის რევოლუციამ”, თქვა ლორდ ექტონმა, “ინგლისური გონება ბერკის მონობიდან იხსნა”. სხვათა შორის ექტონი, უთუოდ, ერთსა და იმავე სახრჩობელაზე ჩამოაკონწიალებდა ბერკსა და რობესპიერს; ექტონის მსჯელობა ისევე სენტიმენტალურად გამოხატავს ლიბერალურ თვალსაზრისს ამ საკითხზე მეცხრამეტე საუკუნეში, როგორც სურვილის აღსრულება იქნებოდა საძულველი ლიბერალური საქმიანობისათვის.1 კარლაილიდან მოყოლებული დღემდე, სერიოზული საზოგადოების დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ სიმართლე, რევოლუციის შესახებ, უნდა თქმულიყო, სადღაც ბერკსა და, ვთქვათ, კონდორსეს შორის, თუკი სახელის შერჩევა სჭირდება ვინმეს.
მბრძანებლობის ასი წლის მანძილზე, ლიბერალური კრიტიკა დაჟინებით იმეორებდა, რომ ბერკი დამღუპველ შეცდომას უშვებდა წარღვნის შეფასებისას; ბაკლი იმდენად შორს წავიდა, რომ მწუხარებით წერდა, 1790 წელს, ბერკი გაგიჟდაო.2 მიუხედავად ამისა, რევოლუციის ინტელექტუალმა დამცველებმა, ბერკის ცეცხლისაგან მიყენებული იარები ვეღარასოდეს მოიშუშეს; ჯეიმზ მაკინტოში, ბერკის თაობიდან, უპირობოდ დანებდა თავის დიად მეტოქეს; რომანტიკოსებმა, ბერკის მიმართვის პასუხად, თავი ანებეს თანასწორობაზე მსჯელობას, ხოლო კარლაილმა ვერ შეძლო პეინის აღტაცებული თვალსაზრისის გაზიარება. ბერკის “ფიქრებმა” დაატყვევა ახალი თაობის უდიდესი ნაწილის წარმოსახვა, რადგან მისმა სტილმა, “ელვასავით განტოტვილმა და მოთამაშემ, გველივით რომ ირხეოდა და ყალყზე დგებოდა” (ჰეზლიტის შედარება), გადაამეტა რუსოს ხიბლს ნიჭიერი ახალგაზრდა ინგლისელების თვალში: მისმა შემოქმედებამ არათუ გაუძლო პეინის შემოტევას, არამედ სრულებით დაჩრდილა კიდეც. ბერკმა სათავე დაუდო ბრიტანული კონსერვატიზმის მიმართულებას, იგი იქცა ნიმუშად კონტინენტის სახელმწიფო მოღვაწეთათვის და ამერიკის მეამბოხე სულშიც კი შეაღწია. მუშამბის ნიღბებმა თავი ვერ დააღწიეს წარღვნას, რევოლუციას, რომელსაც ბერკი თვითონ უწოდებდა “ყველაზე განსაცვიფრებელ რამეს, რაც აქამდე მსოფლიოს შემთხვევია”. მაგრამ ბერკი მუშამბის ნიღაბს არ ატარებდა; არც ბურჟუაზიულ პირობითობათა საუკუნეს ეკუთვნოდა. მას სწამდა საწაულების ეპოქისა _ სასწაულების ძველი ეპოქისა და არა ახალი ადამიანის მიერ შექმნილი მანუფაქტურის სასწაულებისა. მან აღაგზნო ცეცხლი, რათა ჩაეხშო საფრანგეთის ალი.
1789 წლის ზაფხულში ტომას პეინმა (ვისთანაც იმ დრომდე ბერკი მეგობრობდა) თვითონ მოსწერა წერილი პარიზიდან იმ იმედით, რომ შეძლებდა დიადი ორატორის დარწმუნებას, ინგლისისათვის გაეცნო “თავისუფლების უფრო ვრცელი სისტემა”, და ექადაგა საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და ხალხის ძალაუფლების გამო. თვით მირაბოც, ეროვნულ კრებას გრძელ ნაწყვეტებს რომ უკითხავდა ბერკის გამოსვლებიდან (ხან ასახელებდა და ხანაც _ არა) მგზნებარედ ასხამდა ხოტბას ვიგების ლიდერს. ამ მოგონებებმა ეგებ ახლა განგვაცვიფროს, მაგრამ მაშინ ძნელად თუ ჩათვლიდი უცნაურად, როცა ყმაწვილი დიუპონი მთელი გულითა და სულით მოელოდა, რომ ჯორჯ II-ის ოპონენტი რევოლუციას შეაქებდა. კონსერვატორი ბერკი ლიბერალიც იყო _ კოლონიის საკითხებში ანტიიმპერიალისტი გახლდათ, როგორც დღეს უშნოდ ვუწოდებთ ამგვარ რამეს: ეკონომიკაში სმიტის მომხრე იყო. მაგრამ ბერკი ურყევად აღუდგა წინ რევოლუციას კერძოდ და რევოლუციებს საერთოდ.
ტრადიციების მოყვარული ბერკი უბრალო ხალხის წრიდან იყო და ახლი კაცი გახლდათ. მეთვრამეტე საუკუნის დამაგვირგვინებელი მესამედი ახალი კაცების სიჭარბით გამოირჩეოდა: ასე იყო მთელ დასავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით ინგლისში; ის ინტელექტუალური და სულიერი თანასწორობა, რასაც მალე რევოლუციონრები ჟინიანად მოითხოვდნენ, არსებითად, უკვე მიღწეული იყო ბასტილიის დაცემამდე რამდენიმე წლით ადრე. “ინიციატივიანი ტალანტების” რეალურმა აღმასვლამ შესაძლებელი გახადა რევოლუციური კატაკლიზმების წარმატება, რაც, ცხადია, საჭირო იყო ბუდოვანი ღირებულებების მისაღწევად. ბერკის თაობაში, ინგლისელთა შორის, ყველაზე სახელგანთქმული სახელები ახალი კაცებისაა, საშუალო კლასიდან ან უფრო დამრეც კიბეზე რომ ამოუღწევიათ: სმიტი, ჯონსონი, რეინოლდსი, უილკისი, გოლდსმიტი, შერიდანი, ქრები, ჰიუმი და სხვა მრავალი. ფილოსოფოსების სიაც ასეთივეა. როდესაც ბერკი ბუნებრივ არისტოკრატიას ახსენებდა და ერის ბედს ანდობდა, წმ. სტივენის დარბაზში, მისი სიტყვები მასვე შეეხებოდა.
ეს ახალი კაცი, დუბლინელი ვექილის ვაჟი, გახდა ფილოსოფოსი და არისტოკრატიული ლიბერალიზმის მამამთავარი. ბერკსა და ჯონ რენდოლფ როანოკელზე რომ წერდა, ჯ.გ. ბოლდუინმა შეკითხვა დასვა, თუ რატომ არ იყო პირველი ტორი და მეორე ფედერალისტი და თვითვე უპასუხა: “ისინი ვიგები იყვნენ, ძველთაძველი აზრით, რადგან ძალზე დიდად აფასებდნენ პიროვნულ თავისუფლებას _ ისეთივე ღრმასა და დაუმორჩილებელს, როგორიც მათივე სიამაყე იყო; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძლიერი კასტური მიდრეკილებების გამო, ერთგულებდნენ საკუთარ უფლებებსა და წესრიგს.“3
ვიგიზმის განსაზღვრა არ არის ადვილი. ვიგები უპირისპირებოდნენ მონარქიული ძალაუფლების თვითნებობას, მხარს უჭერდნენ ადმინისტრაციის შინაგან რეფორმას, ზოგადად აეჭვებდათ ინგლისის საქმიანობა საზღვარგარეთ. ბერკი რომ თემთა პალატის წევრი გახდა, პარტიას უკვე შვიდი მონარქი გამოევლო; ისეთივე ხნიერი იყო, როგორც ახლანდელი კონსერვატიული პარტიაა. ვიგები გამოხატავდნენ, თუმცა არცთუ აშკარად, როგორც კომერციულ, ასევე მსხვილ მიწათმფლობელთა ინტერესებს. ბევრი რამ იპყრობდა ვიგების პროგრამაში ბერკისნაირი ახალგაზრდის წარმოსახვას: თავისუფლება კანონის ფარგლებში, თანამეგობრობის წესრიგის დაბალანსება, რელიგიური შემწყნარებლობის საკმარისად დიდი დონე, 1688 წლის ინტელექტუალური მემკვიდრეობა. ტორებიც მიესალმებოდნენ ასეთ შენაძენს და ბერკსაც მრავლად ჰყავდა ნაცნობები მათ შორის; მაგრამ ისინი თავისნათქვამა მეფის გავლენით შემოიფარგლებოდნენ; მათი კოლონიური და საშინაო მმართველობის სქემა ხანდახან ყეყეჩური სიმკაცრით წარიმართებოდა, გარდა ამისა, სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი ანგარიშის გასწორების მათეული მოკლე გზაც საძაგელი იყო ბერკისათვის, ვინც მოწმე იყო ირლანდიელ კათოლიკეთა უუფლებობისა. ვერც ერთ ფრაქციაში ვერ წააწყდებოდი თუნდაც მისხალს რადიკალიზმისა და არც შეგნებული კონსერვატიზმი იყო სადმე. ბერკმა როკინგჰემის ვიგები არჩია, მათ იგი სჭირდებოდათ.
მაშინდელ ვითარებაშიც კი, თუმცა ვიგების დროის უმთავრესი ნაწილი სახელმწიფო საქმეებს ჰქონდა დათმობილი, ისინი ოდნავადაც არ იწუხებდნენ თავს ეკონომიკური თეორიისა თუ ადმინისტრაციული პრაქტიკის მშრალი დეტალებით”, შენიშნავს ლორდი დეივიდ სესილი. “პოლიტიკა მათთვის უპირველეს ყოვლისა პიროვნებებს ნიშნავდა და მხოლოდ შემდეგ, ზოგად პრინციპებს. და ზოგადი პრინციპები მათ გადმოცემისას უფრო ახსენდებოდათ, ვიდრე ფიქრისას. არც კი დაესიზმრებოდათ შეკითხვა დაესვათ ვიგების ორთოდოქსიის ფუნდამენტური კანონებისათვის. სწამდათ მოწესრიგებული თავისუფლება, დაბალი გადასახადები და შემოღობილი მიწა; არ სწამდათ დესპოტიზმი და დემოკრატია. მათი ერთადერთი საზრუნავი იყო, რაც შეიძლება ცოცხლად და ეფექტურად ხელახლა წამოეჭრათ ხოლმე ეს უკამათო ჭეშმარიტება.”4
ვიგების სისტემის ნაკლოვანებას დიდი კომენტარები არ სჭირდება და დაუღალავ ახალწვეულს ლორდ როკინგჰემმა მაშინვე საქმე გაუჩინა; ვიგების დაფხავებულ სასოფლო სახლში, ბერკს სახიფათოდ გაჩენილი ბზარები უნდა ამოევსო, საგოზავით. რადგანაც ღრმად იყო დაინტერესებული პოლიტიკური ეკონომიით, შეეძლო გარკვეულიყო დაღავებულ წვრილმანებში, რაც პოლიტიკოსთა უმრავლესობას უიმედოდ ესიკვდილებოდა, ბერკს მარტოდმარტოს შეეძლო წამოეჭრა და გაეტანა თემთა პალატაში ვიგების ეკონომიკური გეგმა; და, ამავე დროს, ბერკი იყო სწორედ ის კაცი, ვისაც შეეძლო ნათლად და დახვეწილად გამოეხატა ის ზოგადი იდეები, ვიგებს რომ უყვარდათ. მას შრომა სწყუროდა, ეს ღირსება ცოტას თუ ჰქონდა, ვიგების ლიდერთა შორის; იგი იყო უდიდესი ორატორი, ორატორთა საუკუნეში; მისი მწერლური ნიჭით იხიბლებოდა ისეთი ენამწარე კრიტიკოსიც კი, როგორიც დ-რ. ჯონსონი იყო. ბერკს მხრებზე დააწვა თავისი პარტიის მთელი ინტელექტუალური ტვირთი და ადმინისტრაციული მოვალეობების უზომოდ დიდი ნაწილიც მას ერგო; მოგვიანებით ფოქსიც კი მის შემწედ იქცა. ბერკი იყო გენიოსი, ვისაც, როგორც ჯონსონი ამბობდა, ყველა და ყველანაირი საქმის კეთება შეეძლო _ შეეძლო გამხდარიყო ეპისკოპოსი, გუბერნატორი, პოეტი, ფილოსოფოსი, ვექილი, პროფესორი, ჯარისკაცი და ყველგან დიდი წარმატებისათვის მიეღწია. თვით არისტოკრატულ ეპოქაშიც კი საკვირველი იყო, რომ ასეთი კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი იყო ბრწყინვალე; და გენიალური ადამიანები ხშირად მარცხდებიან პოლიტიკურ სამყაროში. ძნელი სათქმელია, შეძლებდა თუ არა ბერკი ასეთივე ძალუფლება მოეპოვებინა 1832 წლის მერე რომ ჩაბმულიყო არჩევნებში. მას აკლდა დიზრაელის მოქნილობა და გლადსტონის ფარისევლური ეშმაკობა და იმიტომაც უკუაგდეს ბრისტოლელმა ამომრჩევლებმა, რომ სძულდა ხელოვნება დემოკრატიული მართვისა.
ოთხი დიადი საქმე ჰყოფს ბერკის კარიერას გარკვეულ პერიოდებად: სამეფო ძალაუფლების შეზღუდვა; დაპირისპირება ამერიკასთან და რევოლუცია; დებატები ინდოეთის გამო და სასამართლო პროცესი ჰასტინგსთან; საფრანგეთის რევოლუცია და შემდეგ ომი. ამ ბრძოლებიდან მხოლოდ პირველში მიაღწია ბერკმა პრაქტიკულ ტრიუმფს. მან და მისმა მეგობრებმა ვერ მიაღწიეს ზავს ამერიკასთან; ჰასტინგსი ციხეს გადაურცა; და თვით ინგლისის ომს, იაკობინურ საფრანგეთთან, წარმართავდნენ პიტი და დანდესი ბერკის მიერ შემოთავაზებულისაგან, მეტად განსხვავებული ხერხებით. თავისი პარლამენტური საქმიანობის მეორე პრინციპულ საქმეში, ეკონომიკურ რეფორმაში _ რაც დღესათვის ჩვენთვის საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ იმ დროისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა _ ბერკი უფრო წატმატებული გახლდათ და ხანგრძლივი და სასარგებლო საჩუქარი უძღვნა ბრიტანულ ადმინისტრაციას. ჩვენი მიზანია თვალი გავადევნოთ თუ როგორ ვითარდებოდა ბერკის კონსერვატიული იდეები, აღნიშნული მოვლენების წარმართვისას; და ეს იყო მტკიცე, თანამიმდევრული განვითარება, იმ დროიდან მოყოლებული, როცა პროტესტი განუცხადა სამეფო კარის კორუმპირებულ ფრაქციას “მეფის მკვლელებთან ზავის” გამო. “ვერსად შეხვდებით იმაზე უფრო მდაბალ კრიტიკას, ბერკს რომ ადანაშაულებს, ე.წ. ლიბერალური პოზიციიდან, ბოლო წლებში ლიბერალურ შეხედულებებს უღალატაო”, ამბობს აუგუსტინ ბირელი. “ბერკი მთელი სიცოცხლის მანძილზე იყო მგზნებარედ ერთგული საგანთა არსებული წესრიგისა, და დაუნდობელი მტერი აბსტრაქციებისა და მეტაფიზიკური პოლიტიკისა. იგივე იდეები, ბომბებივით რომ სკდებოდნენ, როცა იგი ნიღაბს ხდიდა საფრანგეთის რევოლუციას, შედარებით მშვიდი ბრწყინვალებით კაშკაშებენ მის ადრეულ ნაწერებში . . . ბერკი, სკასთან მობორიალე ფუტკარს რომ ადარებდა კაცობრიობას, მარად ეკითხებოდა საკუთარ თავს, “როგორ უნდა ვიხსნათ ეს ადამიანები ანარქიისაგან?”5
მტკიცე კონსერვატიზმი; მაგრამ რისი კონსერვაცია? ბერკი დაბეჯითებით მოითხოვდა ბრიტანეთის კონსტიტუციის შენარჩუნებას, ძალაუფლების ტრადიციული დაყოფით; ეს სისტემა ბერკის გონებაში განამტკიცა ჰუკერის, დოკისა და მონტესკიეს არგუმენტებმა, როგორც თავისუფლებასთან ყველაზე ახლოს მდგომი სისტემა და როგორც მთელი ევროპისათვის შესაფერისი წესრიგი. და იგი იღწვოდა უფრო მეტად ვრცელი, ცივილიზაციის კონსტიტუციის შენარჩუნებისათვის. ანაქარსის კლოუცს* შეიძლება კაცობრიობის ორატორი ეწოდოს; ბერკი სახეობათა კონსერვატორი იყო. ცივილიზებული ხალხების უნივერსალური კონსტიტუცია ჩართულია ბერკის ნაწერებსა და სიტყვებში; მისი უმთავრესი თემებია: მოწიწება სოციალური წყობილების ღვთაებრივი წარმოშობისადმი; ნდობა ტრდიციისა და წინასწარრწმენა* საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების წარმართვისა; რწმენა, რომ ადამიანები თანასწორნი არიან ღვთის წინაშე, მაგრამ მხოლოდ ამგვარად არიან თანასწორნი; თაყვანისცემა პიროვნული თავისუფლებისა და კერძო საკუთრებისადმი; დაპირისპირება დოქტრინარული ცვალებადობებისადმი. “ფიქრებში” ეს რწმენა, შესაბამისად, გულწრფელსა და მგზნებარე გამოხატულებას ჰპოვებს:
“რადგან ამგვარი ურთიერთობა შეიძლება არ არსებობდეს მრავალ თაობაში, ის გადაიქცევა ურთიერთობად არა მარტო ცოცხალთა შორის, არამედ ცოცხალთა, გარდაცვლილთა და ჯერ არდაბადებულთა შორის. თვითეული ხელშეკრულება, დადებული კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი თავია მარადიული საზოგადოების დიადი პირველქმნილი კონტრაქტისა, რაც მდაბალ ბუნებას მაღალ ბუნებასთან აკავშირებს, შეაერთებს ხილულსა და უხილავ სამყაროებს, იმ მყარი შეთანხმების მიხედვით, რომელიც უფლებამოსილია იმ ურღვევი ფიცის მიერ, რომელსაც უპყრია ყველა ფიზიკური და ზნეობრივი ბუნება, თვითეული თავისთვის განკუთვნილ ადგილზე”. . .
“წინასწარრწმენა მზამზარეული საშუალებაა საჭიროების შემთხვევისათვის: ის წინასწარ ამზადებს გონებას სიბრძნისა და ღირსების მდგრადი მიმართულებისათვის და კაცს აღარ ტოვებს გადაწყვეტილების მიღების წამს ყოყმანის, ეჭვის, მიუხვედრელობისა და გადუჭრელობის ამარა. წინასწარრწმენა კაცის სიქველეს ჩვეულებად აქცევს და არა დაღავებული ქმედებების რიგად”. . .
“გეყოლებათ დაცული, კმაყოფილი, მშრომელი და მორჩილი ხალხი, განსწავლული, რათა ეძიოს და შეიცნოს ბედნიერება, რისი მიგნებაც მხოლოდ სიქველით შეიძლება: და სწორედ ეს იქნება ჭეშმარიტი ზნეობრივი თანასწორობა კაცობრიობისა და არა ის ჯოჯოხეთური
*კლოუცი, ჟან ბაპტისტ დიუ ვალ დე-გრეასი, ბარონ დე –საფრანგეთის რევოლუციის პრუსიელი ლიდერი.
*ორიგინალშია პრეჯუდიცე, რასაც ქართულად “ცრურწმენად” თარგმნიან.
მონაჩმახი, რომელიც ყალბი იდების ჩაგონებით, ადამიანს ბედისწერად უქცევს იმოგზაუროს დამქანცველი ცხოვრების ბუნდოვან გზებზე და რაც მხოლოდ ამძიმებს და ამწარებს იმ რეალურ უთანასწორობას, რასაც ვერასოდეს გამოასწორებს; და ამ წესრიგს უმზადებს ცივილიზებული ცხოვრება იმათ, ვისაც დათრგუნულს სტოვებს და მათაც, ვისაც შეუძლია უფრო ბრწყინვალე მდგომარეობას მიაღწიოს, მაგრამ უფრო ბედნიერი ვერ იქნება”. . .
“ამ ურთიერთკავშირში ადამიანებს თანასწორი უფლებები აქვთ; მაგრამ არა თანაბარი საგნებისადმი.”. . .
“ამ ბრძნული წინასწარრწმენით განსწავლულნი, შიშით შევყურებთ შვილებს მშობელი ქვეყნისა, ვინც ახდილად ისწრაფიან ნაწილ-ნაწილ დაგლიჯონ მოხუცი მშობელი და ჯადოქარის ქეთლში ჩაუძახონ, იმედით, რომ შხამიანი სარეველებითა და ველური შელოცვებით ააღორძინებენ სამამულო კონსტიტუციას და განაახლებენ მამის სიცოცხლეს.”
მაგრამ ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია. დიადი ეკლესია, კეთილი ძველი ადათი, კეთილგონიერი რეფორმა _ ეს მხოლოდ ინგლისური ელემენტები კი არ არის, არამედ საერთო მოთხოვნილებაა; და ბერკისათვის ისეთივე ღირებულია მადრასში, როგორც ბრისტოლში; და მისმა ფრანგმა და გერმანელმა მოწაფეებმა, მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე, შესაფერისად მიიჩნიეს კონტინენტის ინსტიტუტებისათვის. ამრიგად, ბერკის ინტლექტუალური სისტემა, მხოლოდ ბრიტანული პოლიტიკური ინსტიტუტის დაცვა არ არის. მარტო ეს რომ იყოს, მისი ნახევარი, ჩვენთვის, მხოლოდ ანტიკვარული ღირსშესანიშნაობა იქნებოდა. და მაინც, შესაძლოა, ღირდეს, კიდევ ერთხელ, მოკლედ გადახედვა იმ კონსტიტუციისა, ბერკი რომ ხოტბას ასხამდა _ გადახედვა მეთვრამეტე საუკუნის საზოგადოებისა, სადაც კონსტიტუცია სუფევდა და რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებული იყო ამ კონსტიტუციაზე. დღეისათვის უხვადაა ნოსტალგიური პანეგირიკები მეთვრამეტე საუკუნისადმი; მაგრამ საფუძვლიანი მიზეზებიც არსებობს, თუ რატომ უნდა მოსწონდეს თანამედროვე ადამიანს XVIII საუკუნე.
ინგლისის კონსტიტუცია არსებობდა ინგლისელთა დასაცავად, მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც ბერკი ამბობდა: მათი თავისუფლების განსამტკიცებლად, მათი თანასწორობისათვის სამართლის წინაშე და შესაძლებლობისათვის ღირსეულად ეცხოვრათ. რის საფუძველზე? ინგლისური ტრადიციული კანონებისა, მეფეთა მიერ დაშვებული სტატუტებისა, 1688 წელს, მონარქსა და პარლამენტს შორის დამყარებული წესრიგისა. ეროვნულ მთავრობაში ხალხი მონაწილეობდა თავისი წარმომადგენლობის მეშვეობით _ არა დელეგატებისა, არამედ წარმომადგენლებისა, არჩეულებისა ერის უძველესი კორპორატიული ნაწილისაგან და არა ქვეშევრდომთა ამორფული მასისაგან. ვისგან შედგებოდა ხალხი? ბერკის აზრით, დაახლოებით ოთხასი ათასი თავისუფალი კაცის საზოგადოებისაგან, ვინც დამოუკიდებელი იყო, ან ქონება ჰქონდა, ან იყო წევრი იმ საპასუხისმგებლო ორგანოსი, რაც შეაძლებინებდა ჩასწვდომოდა პოლიტიკის ელემენტებს. (ბერკი დასაშვებად მიიჩნევდა, რომ ხმის მიცემის უფლების საკითხი გადაწყვეტილიყო კეთილგონიერებისა და მიზანშეწონილობის მიხედვით, რაც ეპოქის ხასიათის მიხედვით იცვლება.) სოფლის აზნაურებს, ფერმერებს, პროფესიულ კლასებს, ვაჭრებს, მეწარმეებს, უნივერსიტეტდამთავრებულებს, რაღაც წილით დახლიდარებსა და წარმატებულ ხელოსნებს, ორმოცშილინგიან მიწათმფლობელებს; აი ამ რიგის ადამიანებს ჰქონდათ პრივილეგია. ეს იყო გაწონასწორება და შემოწმება რამდენიმე კლასის კომპეტენციისა, თუ რამდენად შეძლებდნენ შესჭიდებოდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებას _ გვირგვინისა, პერებისა, მემამულეებისა, საშუალო კლასისა, სამეფოს ძველი ქალაქებისა და უნივერსიტეტებისა. ამ კატეგორიებიდან, რომელიმეში, ყოველი ინგლისელის ნამდვილი ინტერესებია გათვალისწინებული. კარგ მთავრობაში ხმის მიცემის მიზანია არა ის, რომ თვითეულს შეუძლია ეგოს გამოხატვა, არამედ ინტერესების გადმოცემა და მნიშვნელობა არა აქვს უშუალო და პირდაპირი ხმის მიცემით ხდება ეს თუ სხვაგვარად.
დღეისათვის ყველა იცნობს მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანეთის საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების სიას. ბერკზე უკეთ (იგი იყო ყოველწლიური ანგარიშის რედაქტორი) არავინ იცოდა ერის მდგომარეობა; რეფორმების საჭიროებაც ყველაზე უკეთ ესმოდა. მაგრამ რეფორმას, ამბობდა ბერკი, ფრთხილი მიდგომა უნდა. ბერკი იცნობდა ჩამპალი, პატარა, ჯიბის ქალაქების ვითარებას, არათანაბრად წარმოდგენილი ახალი ინდუსტრიული ცენტრების მდგომარებას, არჩევნებსა და თვით პარლამენტში არსებულ კორუფციას, ბობოლა ვიგი მაგნატების წონას. მას სურდა ხელი შეეწყო რეფორმისათვის, რომელიც შეაკეთებდა და გაამაგრებდა ბრიტანული საზოგადოების ქსოვილს; მაგრამ არ სურდა რეფორმა, რომელიც სრულიად ახალი ქსოვილისაგან შეკერილ სამოსს შემოიტანდა და დაარღვევდა პოლიტიკური განვითარების თანამიმდევრულობას. მას არ მოსწონდა რიჩმონდის მთავრის გეგმა, საყოველთაო ხმის მიცემის უფლებასა და ყოველწლიურ პარლამენტს რომ მოითხოვდა; ბერკი ყოველთვის ლიბერალი იყო, მაგრამ არა დემოკრატი. იმ ელემენტებიდან, ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას რომ აძლევს, ორი მაინც _ მიწა და დამოუკიდებლობა _ ისეე ფართოდ იყო გავრცელებული მაშინ, როგორც ჩვენს დროში; განათლება ბერკის დროიდან მოედო ქვეყანას, მაგრამ ბერკს ასეთი მდარე განათლების გავრცელება არ სურდა; და თუმცა პიროვნული შემოსავალი გათანაბრებისკენ მიდის, იმ ხალხის შეფარდება მთელ მოსახლეობასთან, ვისთვისაც ბერკი ხმის მიცემის უფლებას შესაძლებლად მიიჩნევდა, ალბათ დიდად არ გაზრდილა. ბერკს ალბათ შეაშფოთებდა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ხილვა.
ბერკის ეპოქას, ხშირად, არისტოკრატულს ეძახიან. მაგრამ თუ დავაზუსტებთ, ეს არ იყო არისტოკრატული ეპოქა: ძალაუფლების საფუძველი გაცილებით უფრო ფართო იყო, ვიდრე არისტოკრატია და სოფლის აზნაურობა, თვითონ ბერკი, უფრო მეტად, საშუალო კლასის მხარდაჭერით დაწინაურდა და შეეძლო ეთქვა, “მე არა ვარ არისტოკრატიის მეგობარი, თუ სიტყვა არისტოკრატიის საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს გავითვალისწინებთ. . . [მთავრობას] გაცილებით უფრო ფართოდ აღვიქვამდი, ვიდრე ჩაკარგულს იმ მკაცრსა და ქედმაღალ მბრძანებლობაში.”6 ტოკვილი განსწავლული თვალით, მოკლედ აღწერს ამ ლიბერალურ ინგლისს: “ერთი შეხედვით, გამოჩნდება, რომ ძველი კონსტიტუცია კვლავ მოქმედებს ინგლისში; მაგრამ თუ ახლოდან დავაკვირდებით, ეს ილუზია გაიფანტება; დაივიწყეთ ძველი სახელები, გვერდი აუარეთ ძველ ფორმებს და აღმოაჩენთ, რომ ფეოდალური სისტემა აქ, არსებითად, უკვე მეჩვიდმეტე საუკუნეშია გაუქმებული: კლასები თავისუფლად ურთიერთობენ, კეთილშობილთა ბრწყინვალება გამქრალია, არისტოკრატია ყველასათვის გახსნილია, სიმდიდრე მიჩნეულია უმაღლეს ძალაუფლებად, ყველანი თანასწორნი არიან კანონის წინაშე, ყველასათვის ერთია გადასახადები, პრესა თავისუფალია, დაშვებულია საჯარო დებატები _ ეს ფენომენები უცხო იყო შუა საუკუნეების საზოგადოებისათვის. ძველ ფეოდალურ სხეულს ისე ოსტატურად გადაუსხეს ახალგაზრდა სისხლი, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს და ახალი სიცოცხლე შთაჰბერეს, ისე, რომ უძველესი ფორმა არ გადაუგდიათ.”7 სულიერი უწყვეტობა, ცვლილებების ჩვეულებათა ჩარჩოში შენარჩუნების უდიდესი მნიშვნელობა, გაცნობიერება, რომ საზოგადოება უკვდავი არსია: აი, ეს ღრმა ჭეშმარიტებანი აღიბეჭდა ბერკის გონებაში, როცა თავისუფალი ინგლისის ინსტიტუტებს აკვირდებოდა. ზოგიერთი მწერალი, რომელმაც ალბათ უკეთ იცის, ამბობს, რომ ბერკი საზოგადოებას მიიჩნევდა “ორგანიზმად” და ამ ტერმინს პოზიტივიზმისა და ბიოლოგიური ევოლუციის სუნი ასდის. ბერკი ყოველთვის ფრთხილობდა, რომ ამ ნაჩქარევ ანალოგიას არ მიახლოებოდა. იგი საუბრობდა საზოგადოებაზე, როგორც სულიერ ერთობაზე, მარადიულ შეკავშირებაზე, წარმავალსა და მუდამ განახლებად ერთობაზე, რომელიც მეტად წააგავს სხვა მარადიულ კავშირსა და ერთობას, ეკლესიას. ბერკი ფიქრობდა, რომ საზოგადოების შესახებ ამ თვალსაზრისის შენარჩუნებაზე იყო დამოკიდებული ინგლისური ინსტიტუტების წარმატება _ იცავდა ამ თვალსაზრისს, რომელიც ინგლისურ აზროვნებაში ჰუკერის დროიდან არსებობდა, მაგრამ ასე ნათლად, მანამდე, საჯაროდ არავის გამოუთქვამს.
ბერკმა იცოდა, რომ თავისუფლება დახვეწილი და დელიკატური პროცესების შედგად ამოიზარდა და მისი უკვდავება დამოკიდებულია აზროვნებისა და ქმედების იმ ჩვეულებათა შენარჩუნებაზე, რამაც ველური არსება, აუჩქარებელი და დამქანცველი ცოცვის შემდეგ, ცივილური საზოგადოებრივი კაცის დონემდე აიყვანა. მთელი სიცოცხლის მანძილზე, ბერკის უმთავრესი საზრუნავი იყო სამართლიანობა და თავისუფლება, რომლებიც ერთად უნდა იდგნენ ან ერთად დაეცნენ _ თავისუფლება კანონის ფარგლებში, განსაზღვრული თავისუფლება, რისი საზღვრებიც ადათით არის გადაწყვეტილი. იგი იცავდა ინგლისელთა თავისუფლებას მათივე მეფისაგან და ამერიკელთა თავისუფლებას –მეფისა და პარლამენტისაგან და ჰინდუს თავისუფლებას ევროპელთაგან. იგი იცავდა ამ თავისუფლებებს არა იმიტომ, რომ სიახლე იყო, განმანათლებლობის ეპოქაში აღმოჩენილი, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლება უძველესი პრეროგატივა იყო, უხსოვარი დროის ზნე-ჩვეულებებით გარანტირებული. ბერკი ლიბერალი იყო იმიტომ, რომ კონსერვატორი გახლდათ. ხოლო ტომ პეინი გონების ამგვარ წყობას სრულებით ვერ აფასებდა.
მეთვრამეტე საუკუნის პოლიტიკურ ცხოვრებას ბერკი სრული კმაყოფილებით შეეწყო. რადგან მელიორისტი არ იყო, თავისი ეპოქის სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას, რაც არ უნდა ნაკლოვანებები ჰქონოდა, ამჯობინებდა, მეოცნებეთა მიერ ნაწინასწარმეტყველებ მომავლის საზოგადოების გაურკვეველ პერსპექტივებს. ინტელექტის მთელი ტიტანური ძალით იბრძოდა თავისი ეპოქის უმთავრესი კონტურების დასაცავად. და მაინც, ერთი მცირე საყვედურთაგან, რაც შეიძლება წარმატებით გამოიყენონ ბერკის წინასწარხედვის მიმართ (ცოტა ხანს ამ საკითხზეც შევყოვნდეთ), ისიც გახლავთ, რომ თითქოს არაფრად აგდებდა ეკონომიკურ მოთხოვნებს, რაც ისევე უეჭველად მოასწავებდა მეთვრამეტე საუკუნის გარემოს სიკვდილს, როგორც “სამოქალაქო ხელშეკრულებამ” უკუაგდო მეთვრამეტე საუკუნის აზროვნება. ბერკი გამოწვლილვით იცნობდა პოლიტიკური ეკონომიის მეცნიერებას: როგორც მაკიტოში ამბობს, თვით ადამ სმიტს უთქვამს ბერკისათვის, “მას შემდეგ რაც პოლიტიკური ეკონომიკს საკითხებზე ისაუბრეს, თქვენ ერთადერთი კაცი ხართ, ვისთანაც არასოდეს მქონია ურთიერთობა, მაგრამ ზუსტად ჩემსავით ისე ფიქრობთ ამ საკითხებზე.”8 მაგრამ იმაზე რაღა უნდა ვთქვათ ბერკი, ბრიტანული სასოფლო ცხოვრების რღვევაზე რომ არაფერს ამბობს? განახლება ხომ (როგორც ბერკმა და ჯეფერსონმაც იცოდნენ) ქალაქებიდან მოდის, სადაც ფესვებმოწყვეტილი კაცი ცდილობს ახალი სამყარო შეაკოწიწოს; კონსერვატიზმს ყოველთვის სოფლად ჰყავდა თავისი ყველაზე ერთგული მიმდევრები, სადაც კაცი არ ჩქარობს კავშირი გაწყვიტოს ძველ გზებთან, რაც აკავშირებს ღვთაებრივ უსასრულობასთან ზეცაში და მამა-პაპასთან, მასთან ახლოს, მიწაში. და როცა ბერკი ინგლისურ მუხებქვეშ თავშეყრილ, ყურებჩამოყრილსა და განურჩეველ საქონელს იცავდა, საყოველთაო შემოღობვები, რაც ვიგი მაგნატების უმრავლესობის ძალაუფლების წყარო იყო, ანადგურებდა იომენებს, ქოხების მფლობელებს და სოფლის ყველა უბრალო მცხოვრებს; რამდენადაც თავისუფალი გლეხების რაოდენობა მცირდებოდა, იმდენად მიწათმფლობელების გავლენა კლებულობდა. “თუ რა ზომამდე შეიძლება ბრძნული და გამოსადეგი იყოს საზოგადო და ყამირი მიწების შემოღობვა”, წერდა ბერკი, “შესაძლოა, გარკვეული აზრით, ეჭვებსაც წარმოშობდეს, მაგრამ ჯერ არავის უფიქრია, რომ მეტისმეტი ხდება.” მისი ცუდი წინათგრძნობა ამაზე შორს არ წასულა.
და მაინც, ეს გამონაკლისია. ბერკი არასოდეს უშვებდა თვალთახედვის არედან მნიშვნელოვანი გავლენის მქონე მასალას; იგი ძალზე, ყოვლისმომცველად პრაქტიკული იყო. “უნდა ვნახო საგნები; უნდა ვიხილო ადამიანები’. მან პოლიტიკური “მიზანშეწონილობა”, ჩვეული მაკიაველური დონიდან, კეთილგონიერი სიქველის შეგნებამდე აიყვანა. “მაღლა და მაღლა ამქონდა ტვირთი, გზის ყოველ გოჯზე, რაც გავიარე”, წერდა ბერკი, თავისი კარიერის შესახებ, ნაშრომში “წერილი კეთილშობილ ლორდს”. ტვირთის ზიდვა არ არის საქმიანობა, რითაც სახელი გაითქვეს ირლანდიელმა ორატორებმა; ბერკის მჭევრმეტყველებით გატაცება ყველასათვის ცნობილია და ჰასტინგსის პროცესზე ნამდვილად არ ჰგავდა, შეშინებული ტორი მსმენელების თვალში, სიღრმეების ფრთხილად მზომავ კაცს. და მაინც ბერკი გამოზომილად საუბრობდა პოლიტიკაზე, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, რადგანაც იგი ყოველ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კონკრეტული მიდგომით ამოწმებდა. მას არ უყვარდა “აბსტრაქცია” _ ამ ტერმინში იგი “პრინციპს” კი არ გულისხმობდა, არამედ უფრო ამაო განზოგადებას, ადამიანის ცვალებადობისა და ცალკეული ერისა და ეპოქის გარემოებათა გაუთვალისწინებლად. ამიტომ იყო, რომ რამდენადაც იგი აღიარებდა ინგლისელის უფლებებს და გარკვეულ უფლებებს ადამიანისა, სამყაროსთან მიმართებისას, იმდენად სძულდა “ადამიანის უფლებები”, რაც პეინსა და ფრანგ დოქტრინარებს მალე ხელშეუხებლად უნდა გამოეცხადებინათ.
ედმუნდ ბერკს სწამდა ცივილიზებული ხალხების ერთგვარი კონსტიტუციისა; სემუელ ჯონსონთან ერთად, იგი მხარს უჭერდა დოქტრინას, საყოველთაო ადამიანური ბუნების შესახებ. მაგრამ მიაჩნდა, რომ უფლებათა ზომა და გამოყენება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ადათითა და ადგილობრივი გარემოებებით: აქ ბერკი უფრო ერთგული მკითხველი იყო მონტესკიესი, ვიდრე ფრანგი რეფორმატორები. კაცს აქვს უფლება ყოველთვის დაიცვას თავი, მაგრამ მას არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, ყველგან და ყოველთვის, გაშიშვლებული ხმალი ატაროს.
ფრანგული ქვაბი რომ ათუხთუხდა, ბერკი ორმოცდათხუთმეტი წლისა იყო; მთავრობასთან ბრძოლით გათეთრებული, თანამდებობას მოკლებული _ მთელი საპარლამენტო კარიერის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ, მოკლე ხნით, Fფლობდა თანამდებობას, _ ბერკი, პეინს, მირაბოსა და კლოუცს, მართლაც ყველაზე შესაფერის წინამძღოლად უნდა წარმოსახვოდათ მათგან, ვინც ბრიტანეთის ძველ რეჟიმს გააცამტვერებდა. ათწლეულების მანძილზე ისეთი ავტორიტეტი მოეპოვებინა, რომლის ძალასაც, საფრანგეთში ვერავინ, თვით ვოლტერიც კი ვერ შეეწონებოდა: ბერკი ინგლისის მეფეს მზაკვარ ტირანს, ინდოეთის დამპყრობსა და უპრინციპო მძარცველს უწოდებდა; მაგრამ პეინს, მირაბოსა და კლოუცს დავიწყებოდათ, რომ ბერკი ჯორჯ II-სა და უორენ ჰასტინგსს იმიტომ ებრძოდა, რომ ისინი განმაახლებლები იყვნენ. მან განმანათლებლობის ეპოქაში განჭვრიტა განახლების სქემა, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების წაღმა-უკუღმა ამოსაბრუნებლად და ამ ახალ მუქარას ისეთი მგზნებარე სიძულვილით დაუპირისპირდა, რომ ტორებისა და ნაბობებისადმი მიმართულ მთელ თავის ლანძღვა-გინებას გადააჭარბა; რადგან, ვიგების დიდმა, შემართულმა ორატორმა მეტი იცოდა კაცობრიობის საჭიროებათა შესახებ, ვიდრე ფრანგი ეკონომისტებისა და მწერლების მთელმა პლეადამ. “ბერკი შემორჩა, როგორც მარადიული ნიმუში პოლიტიკური სიბრძნისა, რის გარეშეც სახელმწიფო მოღვაწენი, უცნობ ზღვაში, ურუკოდ გასულ მეზღვაურებს ჰგვანან”. ეს მ-რ ჩერჩილმა კი არ თქვა, არც მ-რ ტაფტმა, არამედ განსვენებულმა პროფესორმა ჰაროლდ ლასკიმ. ფილოსოფიური კონსერვატიზმი თავის არსებობას რევოლუციური თეორიების ბერკისეულ ანალიზს უმადლის.
1. ციტირებულია ქობანთან, „ედმუნდ ბერკი და ამბოხება მეთვრამეტე საუკუნის წინააღმდეგ.“ Gგვ.85
2. ბაკლი, „ცივილიზაციის ისტორია ინგლისში“ I გვ.424-29
3. ჯ.გ. ბოლდუენი, „პარტიის ლიდერები“ გვ.144-45
4. სესილი, „ახალგაზრდა მელბურნი“ გვ.20
5. ბირელი , Oბიტერ Dიცტა, მეორე სერიები, გვ. 188-89
6. ბერკი, „ფიქრები თანამედროვე უთანხმოებაზე“, შრომები I 323
7. ტოკვილი, „ძველი რეჟიმი“ გვ.33-34
8. ბისეტი, „ედმუნდ ბერკი“ გვ.429