პოლიტიკასხვადასხვა

ბელგიის ვიცე-პრემიერი, ღაზაში მიმდინარე ომის გამო, ისრაელისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

0

რამდენიმე დღის წინ, ბელგიის ვიცე-პრემიერმა პეტრა დე სუტერმა (პოლიტიკური პარტია „მწვანეების“ წევრი) ქვეყნის მთავრობას ისრაელისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„ისრაელისთვის სანქციების დაწესების დროა. ბომბების წვიმა არ არის ჰუმანური“, − დაწერა დე სუტერმა X-ზე

„ღაზაში ომის დანაშაულები ხდება, ისრაელი უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.

დე სუტერი ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების „დაუყოვნებლივი“ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და წინადადება წამოაყენა, რომ ბელგიამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამატებითი სახსრები გამოუყოს, რათა ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოს, − განაცხადა დე სუტერმა პრეს-რელიზში.

ბელგიის ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები უნდა დაუწესონ იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც „ჰამასს“ ფინანსურად უზრუნველყოფდნენ, ხოლო მოძალადე ახალმოსახლეებს, პოლიტიკოსებსა და სამხედრო პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულებზე, შესვლა უნდა აეკრძალოთ.

„ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვები პალესტინელებს უიმედო მდგომარეობაში აყენებს. თუ რეალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ძალადობა კიდევ განმეორდება. ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს“, − აღნიშნა ბელგიელმა პოლიტიკოსმა.

7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო დარტყმებს 10 ათასზე მეტი უდანაშაულო პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ათასობით ბავშვია

დე სუტერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის ქმედებები „დიდი ხანია გასცდა პროპორციულობის ფარგლებს“.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო დარტყმებს 10 ათასზე მეტი უდანაშაულო პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ათასობით ბავშვია.

ცოტა ხნის წინ ბელგიის გარემოს დაცვის მინისტრი ზაკია ხატაბი, რომელიც ფრანგულენოვანი პარტია Ecolo-ს წევრია, კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო მოექცა, რომ „ჰამასი“ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ არ მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ეს პალესტინურ-ისლამისტური დაჯგუფება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

https://www.politico.eu/article/belgium-deputy-pm-petra-de-sutter-sanction-israel-over-war-gaza/