ბელგიაში აცხადებენ, რომ ეს კანონი ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას ეწევა
ბელგია უნგრეთში მიღებული ბავშვთა დაცვის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამოდის და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ევროკომისიას უერთდება. ეს კანონი საერთაშორისო მედიამ უკვე მონათლა „ჰომოფობიურ კანონად“. ორშაბათს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგიის მთავრობის აზრით, ეს კანონი ადამიანებს სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტობით ანსხვავებს.
ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც უნგრეთში 2021 წლის ივნისში მიიღეს, პედოფილების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების მასშტაბის გაფართოებას ითვალისწინებს. მაგალითად, აიკრძალა რეკლამა, რომელიც საკუთარი თავის სექსუალობის პროპაგანდას ეწევა, ასევე პროპაგანდას უწევს ან დემონსტრირებს დაბადებით დადგენილი იდენტობიდან გადახვევას, სქესის შეცვლას ან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზრდილებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევა.
ბელგიის მთავრობის აზრით, ეს კანონი დისკრიმინაციულია და გამოხატვის თავისუფლების უფლებას არღვევს. ბელგიამ, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა, ევროკავშირის 17 წევრი სახელმწიფო ერთობლივი დეკლარაციის მიღებაში დაარწმუნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავენ, რადგან ეს კანონი LGBTQI+ ადამიანების დისკრიმინაციას ეწევა.
„ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, LGBTQI+ თემის უფლებებზე ზეწოლა მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის ცხადი გახდა გასულ კვირას, მათ შორის უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც მკვეთრად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჯა ლიაბიბმა, პრესრელიზში. ბელგიის პირველმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეუერთდება იმ სარჩელს, რომელიც გასულ დეკემბერს ევროკომისიამ უნგრეთის წინააღმდეგ წარადგინა.
2022 წლის აპრილში უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ოთხ საკითხზე, რომლებიც ბავშვთა დაცვის შესახებ კანონს უკავშირდებოდა, რეფერენდუმი ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ კანონს მხარი დაუჭირა, კანონიერი ხმების რაოდენობამ 50 პროცენტიან ბარიერს ვერ მიაღწია.
წყარო: https://is.gd/h4pIOS