10 მარტს შეერთებული შტატების ისტორიაში მეორე უდიდესმა ბანკმა, „სილიკონ ველმა“ (Silicon Valley Bank (SVB), არსებობა შეწყვიტა, იგი უბრალოდ გაკოტრდა. SVB-ის გაკოტრებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ გაკოტრებული ბანკების სიას Signature Bank-იც შეუერთდა, რომელიც აშშ-ის ისტორიაში სიდიდით მესამე ბანკი იყო. First Republic Bank გაკოტრების პირას იდგა, სანამ „ბენქ Bank of America-მ Citigroup-მა და სხვა მსხვილმა ბანკებმა ფინანსების გამოყოფით მისი დახმარება არ გადაწყვიტეს.
გაკოტრების ზღვარზე იდგა უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სვისიც“ (Credit Suisse), რომელმაც გასულ კვირას შვეიცარიულ საბანკო გიგანტ „იუბიესისგან“ (UBS) 54 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საკრედიტო ხაზი მიიღო. UBS-ი Credit Suisse-ის შეძენის პროცესშია. პოლიტიკოსები, მარეგულირებელი ორგანოები და ფინანსური „ექსპერტები“ ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ცალკეული ბანკების წინაშე არსებული ეს პრობლემები უნიკალური ფაქტორებით იყო გამოწვეული და ეს საბანკო სისტემის სისტემური სისუსტის ნიშანი არ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ SVB-ს დახმარება არ მიუღია, ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციამ (FDIC) გარანტია გასცა, რომ იგი ყველა მეანაბრეს, დაზღვეულს თუ დაუზღვეველს, სრულიად დაუბრუნებს თანხას. SVB-ის ყველა დეპოზიტის დაფარვით FDIC-მა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების მეანაბრეებში (ისევე როგორც თავად ინსტიტუტებში) გააჩინა მოლოდინი, რომ მთავრობა დეპოზიტების 100 პროცენტს დაფარავს. ეს როგორც მეანაბრეებს, ისე ბანკებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს, რასაც, როგორც წესი, არ მიიღებდნენ. ეს კი, თავის მხრივ, უფრო დიდი ბანკის გაკოტრების გარანტიას იძლევა, რასაც მოჰყვება ის, რომ მდიდარ მეანაბრეებს უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენენ.
ზოგიერთი ადამიანი ბანკების გაკოტრებას ეკონომიკის ვარდნას აბრალებს, რაც, სხვა ნიშნებთან ერთად, ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის ზრდამ გამოიწვია. მართალია, სარეზერვო სისტემას ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა განაკვეთების ზრდა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა არის „მარტივი ფული“ და დაბალი ან ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკა, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა 2008 წლის საბაზრო ჩავარდნის შემდეგ ახორციელებდა, რაც სარეზერვო სისტემის შექმნილმა „საბინაო ‘საპნის ბუშტის’“ გასკდომამ გამომოიწვია. ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულის მასის მანიპულირებით ამახინჯებს საპროცენტო განაკვეთებს, რაც ფულის ფასია. ეს ამახინჯებს ბაზრის აქტორებისთვის გაგზავნილ სიგნალებს, რაც კონკრეტულ ინდუსტრიებში კაპიტალის დაბანდების ნამდვილ ღირებულებას უკავშირდება. შედეგად ამ ინდუსტრიებში განხორციელებული არასწორი ინვესტიციები ქმნიან „საპნის ბუშტს“, რომელიც აუცილებლად გასკდება.
ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ბუშტის გასკდომას მოჰყვება, საჭიროა, რათა იგი არასწორი ინვესტიციებისგან გაწმინდო. კორექცია დიდხანს არ გაგრძელდება და ეკონომიკა გაძლიერდება თუ კონგრესი, ფინანსთა სამინისტრო და ფედერალური სარეზერვო სისტემა თავს შეიკავებენ ეკონომიკის „სტიმულირებისგან“ ფედერალური ხარჯებით და ხელოვნურად დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. თუმცა მთავრობის ჩარევამ შეიძლება კიდევ ერთი ბუშტი შექმნას, რაც კიდევ ერთი კრახის საფუძველი გახდება.
ბანკების გაკოტრების ახალი ტალღა იმის ნიშანია, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გამოწვეული კიდევ ერთი სერიოზული რეცესიისკენ მიექანება ან უკვე ზღვარზეა. ჰორიზონტზე გამოჩნდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც დოლარზე, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტაზე, უარის თქმას ცდილობენ, ამას მოჰყვება ამერიკის კატასტროფული ექსპერიმენტის დასასრული, რომელსაც ქაღალდის ფულით ატარებდა და მასთან ერთად დოვლათიანი-მეომარი სახელმწიფოს დასასრულიც. კოლაფსმა შეიძლება სამოქალაქო არეულობა და თავისუფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვა განაპირობოს. თუმცა ავტორიტარიზმის გავრცელებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინდივიდუალური თავისუფლების, თავისუფალი ბაზრისა და შეზღუდული მთავრობის მომხრე მოძრაობის ზრდას, რამაც შეიძლება ავტორიტარიზმის ბნელი ღამე თავისუფლების ახალი განთიადის პრელუდიად აქციოს.
რონ პოლი ამერიკელი პოლიტიკოსი, მწერალი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრია რესპუბლიკური პარტიიდან. იგი მიზესის ინტიტუტის ცნობილი მრჩეველი და რონ პოლის მშვიდობისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარეა.
წყარო: https://libertarianinstitute.org/articles/record-bank-failures-and-what-they-mean/