მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ხელი მოაწერა “ქორწინების პატივისცემის შესახებ აქტს” თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებით გაანათეს
სამშაბათს ღამით, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ხელი მოაწერა ‘ქორწინების პატივისცემის შესახებ აქტს’, თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებით გაანათეს.
ამავე დღეს ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, წარმომადგენლთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსსა და სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერთან ერთად თეთრი სახლის გარეთ ხელმოწერის ცერემონია გამართა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ერთნაირსქესიანთა და რასობრივი ქორწინების სამართლებრივი დაცვა დაარეგულირა. ხელმოწერის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თეთრმა სახლმა ცისარტყელას ფერებით განათებული ფოტო გააზიარა.
LGBTQA+ თემი თანასწორობის სიმბოლოდ ხშირად იყენებს წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ, მწვანე, ლურჯ, მუქ ლურჯსა და იისფერ ფერებს. ცერემონიის მსვლელობისას თეთრ სახლზე ცისარტყელა ანათებდა.
ცერემონიისას პრეზიდენტმა ბაიდენმა სიძულვილის ყველა ფორმა დაგმო და ახალი კანონის მიღება საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.
„ეს კანონი და სიყვარული, რომელსაც ის იცავს, ეწინააღმდეგება სიძულვილის ყველა ფორმას. სწორედ ამიტომ არის ეს კანონი მნიშვნელოვანი თითოეული ამერიკელისთვის. რასიზმი, ანტისემიტიზმი, ჰომოფობია და ტრანსფობია ერთმანეთთან არის დაკავშირებული, თუმცა სიძულვილის ანტიდოტი სიყვარულია“, – განაცხადა ბაიდენმა სამშაბათს, ნაშუადღევს, თეთრი სახლის ‘სამხრეთ გაზონზე’ გამართული ცერემონიისას.
ხელმოწერის ცერემონია მას შემდეგ გაიმართა, როდესაც ორივე მხარის კანონმდებლებმა ქორწინების საკანონმდებლო დაცვაზე იმუშავეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება ‘როუ უეიდის წინააღმდეგ’ გააუქმა. პელოსიმ და შუმერმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აქტივისტებს „მოუთმენლობის, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმისთვის“ მადლობა გადაუხადა.
შუმერმა კი დაამატა: „მილიონობით ადამიანის წყალობით, რომლებიც ცვლილებების განსახორციელებლად წლების განმავლობაში იბრძოდნენ, ასევე ჩემი კოლეგების შრომისმოყვარეობის წყალობით ჩემი შვილიშვილი იმ სამყაროში იცხოვრებს, რომელიც პატივსცემას გამოიჩენს მათი დედების ქორწინების მიმართ“.
ახალი კანონი გეი წყვილების ქორწინების კანონიერების დაცვას ითვალისწინებს, თუკი აშშ-ის უზენაესი სასამართლო ოდესმე გადაწყვეტს გააუქმოს 2015 წელს მიღებული თავისი გადაწყვეტილება ‘ობერგეფელი ჰოჯესის წინააღდეგ’, რომელმაც მთელ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ეს კანონი ასევე იცავს რასობრივი ქორწინების კანონიერებასაც თუკი უზენაესი სასამართლო გადახედავს 1967 წლის გადაწყვეტილებას ‘ლავინგი ვირჯინიის’ წინააღმდეგ, რომელმაც გააუქმა შტატის ის კანონები, რომლებიც კრძალავენ ამ საქმეს.
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებას გეი საზოგადოების რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის ტრანსპორტის მინისტრი პიტ ბუტიჯიჩი და მუსიკოსები სემ სმიტი და სინდი ლაუპერი.
წყარო: https://is.gd/M4LgQE