16 ივნისი, 2023 წ.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებას უმასპინძლა. აშშ-ის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მინდა შეტყობინება გავუგზავნო მთელ თემს − განსაკუთრებით ტრანსგენდერ ბავშვებს: თქვენ უყვარხართ. თქვენი ესმით. თქვენ ეკუთვნით“.
„სამხრეთ გაზონზე“ სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კანონპროექტები, რომლებიც სრულწლოვანებამდე სქესის შეცვლის პროცედურებისგან ბავშვების დაცვას ისახავს მიზნად, ბავშვის თავისუფლებაზე თავდასხმას ნიშნავს.
„…ოჯახები მთელი ქვეყნის მასშტაბით მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებენ, გადავიდნენ სხვა შტატში, რათა თავიანთი შვილი საშიში ანტილგბტქ-კანონებისგან დაიცვან“, − განაცხადა ბაიდენმა.
„ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სხვადასხვა შტატში განსახილველად წარდგენილ ასობით უგულო და ცინიკურ კანონპროექტსა თუ კანონს, რომლებიც ტრანსგენდერი ბავშვების ოჯახების წინააღმდეგაა მიმართული და ადანაშაულებს ექიმებსა და ექთნებს. ეს კანონპროექტები და კანონები ყველაზე მთავარ ღირებულებებსა და თავისუფლებებს ესხმიან თავს“.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში ლგბტქ-თემის თანასწორობას ხელი შეუწყოს“.
ღონისძიების კვალდაკვალ სხვადასხვა შტატის სკოლებში პრაიდის პროგრამებს მშობლები უარყოფითად ხვდებიან. მაგალითად, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ანტიფას“ წარმომადგენლები და სომხური წარმოშობის ამერიკელი მშობლები, რომლებიც მათი შვილების სკოლებში გამართულ ღონისძიებებს ეწინააღმდეგებიან.
მერილენდის შტატის მონტგომერის ოლქში ლგბტქ-მოძრაობის დამცველებსა და მუსლიმ მშობლებს შორის შეტაკება მოხდა. ეს უკანასკნელნი რელიგიის თავისუფლებისა და იმის შესაძლებლობის უფლებას მოითხოვდნენ, რომ მათმა შვილებმა უარი თქვან ლგბტქ-სთან დაკავშირებული საგნების სწავლაზე.
სხვადასხვა შტატში მიიღეს კანონები, რომლებიც ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებისგან იცავს. რამდენიმე დღის წინ ლუიზიანაში (21-ე შტატი გახდა) მიიღეს კანონი, რომელიც 18 წლამდე ჯვარედინი სასქესო ჰორმონების მიღებასა და გენდერული დისფორიის სამკურნალოდ ქირურგიულ ჩარევას კრძალავს.
P.S.: რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც კარგად ჩანს თეთრი სახლის წინ მდებარე გაზონზე რამდენიმე ტრანსგენდერი „ინფლუენსერის“ მიერ ჩადენილი უხამსი ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ადამიანებს ხოტბა შეასხა და მათ „ყველაზე მამაცი და ყველაზე შთამაგონებელი ადამიანები“ უწოდა, იძულებული გახდა მათი ქმედებები დაეგმო.
თეთრი სახლის პრესმდივან კარინ ჟან-პიერის, თქმით, იმ ტრანსგენდერი ინფლუენსერის საქციელი, რომელიც თეთრ სახლში წელს ზემოთ შიშველი პოზირებდა, „მიუღებელია“, „ულამაზოა, „შეუფერებელია“ და „თავხედურია“.
„ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ ღონისძიებას, რომელსაც ვუმასპინძლეთ…“, − დასძინა ქ-ნმა ჟან-პიერმა.