პოლიტიკასხვადასხვა

ბაიდენმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ გააერთიანა NATO, შექმნა გლობალური კოალიცია და დაუპირისპირდა რუსეთს

0

ბაიდენი: აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ერთსულოვნად უჭერს მხარს უკრაინას, რადგან იგი წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას  და აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, ‘სანამ ამის საჭიროება იქნება’.
კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ გააერთიანა ნატო, შექმნა გლობალური კოალიცია და დაუპირისპირდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, აგრესიას.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა კიევს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები გაეძლიერებინათ. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დაწესებული ანტირუსული სანქციები მოსკოვის ფინანსურ მოგუდვას ემსახურებოდნენ.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ გასულ წელს კანონმდებლებს უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსულ ინტერვენციას „უკრაინაზე სასტიკი თავდასხმა“ და  მსოფლიოსთვის გამოცდა უწოდა.
„დავუჭირეთ თუ არა მხარი ძირითად პრინციპებს? დავუჭირეთ თუ არა მხარი სუვერენიტეტს? დავუჭირეთ თუ არა მხარი ხალხის უფლებას იცხოვრონ ტირანიისგან თავისუფალ გარემოში? დავუჭირეთ თუ არა მხარი დემოკრატიის დაცვას?” იკითხა ბაიდენმა.
პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისადმი გაწეული დახმარება გააკრიტიკა და მიიჩნია, რომ ასეთი ქმედება რუსეთისთვის საფრთხის შემცველია. მისი განცხადებით, უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრეზიდენტ ბაიდენს ‘ტვიტერის’ ოფიციალურ გვერდზე „ძლიერი მხარდამჭერი სიტყვებისთვის“ მადლობა გადაუხადა და სამადლობელი ტექსტი მიუძღვნა.

წყარო: https://is.gd/usQqCe