პოლიტიკასხვადასხვა

ბაიდენი უკმაყოფილოა იმით, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების ომში ჩათრევას ცდილობს

0

უკრაინის ომმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
უკრაინული რაკეტა, რომელიც პოლონეთში დაეცა, გაცილებით სერიოზული საფრთხის მომასწავებელია.
დაგ ბენდაუ, გამომცემლობა The American Conservatives, 24 ნოემბერი, 2022 წ.

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკმაყოფილოა იმით, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების ომში ჩათრევას ცდილობს.
ვაშინგტონსა და მთელ ევროპაში თავზარი დაეცათ, როდესაც გაიგეს, რომ წინა კვირას პოლონეთში ჩამოვარდნილმა რაკეტამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყველა მოუთმენლად ელოდა თუ ვისი ნასროლი აღმოჩნდებოდა რაკეტა. საბედნიეროდ – ყოველ შეთხვევაში მსოფლიო მშვიდობისთვის – ჭურვი უკრაინიდან ისროლეს. თუმცა ამას ზელენსკის საომარი რიტოკრიკისთვის ხელი არ შეუშლია.

ბოლოს აშშ, სამხედრო კონფლიქტში უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ჩაითრია. მაშინ ჩვენი ქვეყანა სუსტ, მესამე სამყაროს ქვეყანას დაუპირისპირდა. ამის მიუხედავად, ომის შედეგები მაინც საშინლად აისახა ჩვენს ქვეყანაზე: დაიღუპა რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცი, ათიათასობით კი დაიჭრა, ომმა ასობით ათასი ერაყის მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც იმსხვერპლა, წყალში გადაიყარა ტრილიონობით აშშ დოლარი, ხოლო ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გაეხვა.

თუმცა, რის მიღწევასაც ზელენსკი ცდილობს, გაცილებით უარეს შედეგებს მოიტანს. უკრაინის პირველმა პირმა პოლონეთის მოვლენებს „ნამდვილად მნიშვნელოვანი ესკალაცია“ უწოდა, რომელიც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. თუნდაც ეს საკითხი უკრაინასთან არანაირ კავშირი არ ყოფილიყო და რაკეტა რუსეთს ესროლა, NATO-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა კიევმა თუ როდის დაიწყოს ალიანსმა საომარი მოქმედებები და განსაზღვროს სისხლისმღვრელი ომის დაწყების საბაბი. ეს რომ ზელენსკის გადასაწყვეტი ყოფილიყო, ამერიკელები მოსკოვის დაბომბვას, სულ მცირე, 25 თებერვლიდან დაიწყებდნენ.

რა საკვირველია, ზელენსკის პოზიცია გასაგებია და თავისი ახსნაც მოეძებნება. იგი უკრაინაზე ფიქრობს და არა შეერთებულ შტატებზე. ზელენსკი ბედნიერი იქნებოდა თუ რუსეთთან, საჭიროების შემთხვევაში, უკანასკნელ ამერიკელ ჯარისკაცამდე იომებდა. ამერიკელებისთვის მისი პოზიცია ბირთვულ სახელმწიფოსთან პროქსი ომის წარმოების საშიშროებაზე მიუთითებს, მაშინ, როცა ყველა ოფიციალურ გადაწყვეტილებას კონფლიქტის მონაწილე ის მხარე მიღებს, რომელიც ყველაზე მეტად იქნება დაინტერესებული საომარი მოქმედებების გაგრძელებითა თუ ესკალაციით.

ამ შემთხვევაში, ომში ჩართვამ შეიძლება ფართომასშტაბიანი კონვენციური კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს, რაც მხარეებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს ან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, იქნება ეს რუსეთი, ევროპა თუ შეერთებული შტატები, სტრატეგიული ბირთვული რაკეტები გაისროლონ. მოვლენების ამგვარი განვითარება ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, დამღუპველი შედეგებით დასრულდებოდა.
თუ რუსული რაკეტა შემთხვევით ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე ჩამოვარდებოდა, ამის გამო ბირთვული ომის დაწყების გარისკვა სახარბიელო ნამდვილად არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ასეთ ქმედებას გაფრთხილება უნდა მოჰყვეს, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომი არ უნდა დაიწყო.

თუმცა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან არ გაუსვრიათ, ხოლო უსაფუძვლოდ ომის დაწყება შეერთებული შტატებს სასიცოცხლო ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მდივანმა, ტონი ბლინკენმა, ამ უსიამოვნო შემთხვევაზე ყურადღება არ გაამახვილა და ისე იქცეოდა, თითქოს ზელენსკის თვალთმაქცობას ვერც კი ამჩნევდა, კიევს კი უფრო მეტ სამხედრო დახმარებას შეჰპირდა. მართლაც, აშშ-ის პირველმა დიპლომატმა ეს ფაქტი ისე წარმოაჩინა, თითქოს საზღვარზე რაღაც უმნიშვენლო ინციდენტი მოხდა და საქმე უბრალოდ რამდენიმე მოხეტიალე პირუტყვს ეხებოდა: „ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას… ერთმანეთს ინფორმაციას ვუზიარებთ, გამოძიება გრძელდება“.

მცდარი შეგულიანების გამო დღევანდელი ვითარება განსაკუთრებით საშიშია. მსგავსი პრობლემა შეერთებულ შტატებში 2003 წელსაც იყო.  პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეიძლება სჯეროდა იმ სიცრუის, რომელსაც ავრცელებდა, მაგრამ მის გარშემო ყველა უდანაშაულო არ იყო.

ერაყში ომის დაწყების მომხრეებს, რომლებმაც საომარ მოქმედებებს მწვანე შუქი პირადი გამორჩენის მიზნიყ აუნთეს, „ჭაობის ამოშრობა“ და ერაყის პრეზიდენტად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაქირავებული აგენტის, აჰმად ჩალაბის, დასმა სურდათ. მაგალითად, ირწმუნებოდნენ, რომ ბაღდადი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა და ტერორისტებს ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამამტკიცებელი სანდო მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა.

სამწუხაროდ, კიევს შტატების ომში ჩასათრევად რუსული თავდასხმის დამტკიცების ან გაყალბების კარგი საფუძველი აქვს. ზელენსკის შეიძლება სჯერა იმისი, რაც წინა კვირას განაცხადა. მაგრამ თუ ასეა, უბრალოდ ჩათვალა, რომ რისიც სჯერა, ის სიმართლეა. შესაბამისი მტკიცებულებების შეფასებისას შეიძლება ვინმემ მისი ქვეშევრდომების სიზუსტეში ეჭვი შეიტანოს. მათ ისიც კარგად უწყოდნენ თუ რომელი დასკვნა აწყობდა მათ ქვეყნას.
უკრაინის თვალთმაქცობა იმდენად თვალში საცემი იყო, რომ მოკავშირე ქვეყნების დიპლომატებმა პირად საუბრებში შეშფოთება გამოხატეს. ერთ-ერთმა მათგანმა „ფაინეშელ თაიმსს“ განუცხადა: „სასაცილოა, რაც ხდება. უკრაინელები მათ მიმართ ჩვენი ნდობის მანდატს ანადგურებენ. უკრაინას არავინ ადანაშაულებს და ისინი საჯაროდ იტყუებიან. ეს უფრო მავნებელია, ვიდრე რაკეტა“.

ეს არცაა გასაკვირი.
როგორც ჩანს, ბაიდენმა ზელენსკი საკმარისად ვერ დატუქსა. უკრაინას ვაშინგტონისთვის ასეთი არასასიამოვნო სიურპრიზი პირველად არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ხიდზე განხორციელებული თავდასხმას შეერთებული შტატებისთვის შეიძლება დიდი უსიამოვნება მოეტანა. გასახსენებელია ბელგოროდის მახლობლად რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების დაბომბვა, ასევე რუსი ჟურნალისტის(პროპაგანდისტის) და არა სამხედროს, დარია დუგინას, წინასწარ განზრახული მკვლელობა. უკრაინა რომ დამოუკიდებელი იყოს თავის მოქმედებებში, ამგვარ ნაბიჯებს არ გადადგამდა. თუმცა კიევის წარმატება მხოლოდ მოკავშირეების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების დამსახურებაა, რომელმაც უკრაინელ სამხედროებს მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა.

ვაშინგტონმა აღარ უნდა გამოიყენოს გაცვეთილი ფრაზა: „ყველაფერი კიევზეა დამოკიდებული“. ეს არც უნდა მოხდეს – განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკელები უკრაინას ფულსა და იარაღს უგზავნიან და არ უნდა მიატოვონ გასაჭირში თუ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ იგი საომარ მოქმედებებში არ ჩაერევა.

ვაშინგტონმა მოსკოვთან დიპლომატიური არხებიც უნდა აამოქმედოს, რაც გარკვეულწილად ხდება კიდეც. წინა კვირას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუს კოლეგას შეხვდა. მოსკოვთან პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც თანამშრომლობენ. პოლიტიკური კომპრომისების მისაღწევად არაოფიციალური მოლაპრაკებები უნდა გაგრძელდეს.

შეერთებულმა შტატებმა ევროპელებსაც უნდა მიმართოს, განსაკუთრებით კი ყველაზე მგზნებარე ქორებს – პოლიტიკური საკითხების გადასაჭერელად ძალისმიერი მეთოდების გამოყენების მომხრე ძალებს, რომლებიც ყველაზე მსუბუქად არიან შეიარაღებული. მაგალითად, ბალტიისპირეთის პატარა ქვეყნები, რომლებსაც მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავთ. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ბალტიისპირელებმა დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავონ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ვილნიუსი რუსეთის კალინინგრადთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვას ცდილობდა. ყველასთვის ნათელი იყო ვინ ჩაერთვებოდა საბრძოლო მოქმედებებში თუ კრემლი ცეცხლის გახსნას გადაწყვეტდა, ეს ვილნიუსი არ იქნებოდა.
ადვილია სხვისი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება და ფულის ხარჯვა, რაც იმით გამოიხატება, რომ შეერთებული შტატების „მოკავშირეთა“ უმეტესობა თავის როლს ხედავს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ უსაფრთხო პარტნიორობაში. ვაშინგტონი მათ დაცვას თავის მოვალეობად მიიჩნევს. ისინიც თანახმა არიან აშშ-ის ქოლგის ქვეშ იყვნენ, რადგან თავიანთ უფლებად მიიჩნევენ. ამ ურთიერთობის სიცოცხლისუნარიანობა მცირდება.
ვისაც რუსეთ-უკრაინის ომის გაფართოება ან ესკალაცია სურს მოსალოდნელ შედეგბსაც უნდა გაუმკლავდეს, ნაცვლად იმისა, რომ ვაშინგტონში არსებული კრიზისის მინავლებას ელოდოს. თუმცა, როგორც ჩანს, ევროპა მაინც ვაშინგტონის იმედად რჩება, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ ოკეანის გაღმა შეიარაღებული ძალები და საბრძოლო ტექნიკა გაგზავნა. კურსის შეცვლასა და თავდაცვის ხარჯების შემცირებას გაერთიანებული სამეფოც კი გეგმავს. სავარაუდოდ, ბრიტანელებს აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უზარმაზარი საფრთხე არ ადარდებთ. როგორც ჩანს, ევროპა შემდეგი პრინციპით მოქმედებს: „თუ ერთხელ დაგეხმარნენ, დაე, სულ დაგეხმარნონ“.

ევროპის სიმხდალე სერიოზული პრობლემაა, მშვიდობის პირობებშიც კი. დღესდღეობით აშშ-ის ეროვნული ვალი 31 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. რამდენიმე ათწლეულში დაგეგმილი ხარჯები ორმაგად გაიზრდება, თუ არ იქნება რეცესია, ომი, ფინანსური ან გეოპოლიტიკური კრიზისი, პირად ინტერესებზე მორგებული პოლიტიკური ხარჯები ან სხვა უსიამოვნებები. ეჭვგარეშეა, რომ ევროპელები ასეთ დროსაც ვაშინგტონის იმედად იქნებიან.

ფინანსური ხარჯების გარდა, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აშშ-ის პირდაპირი ჩართულობის რისკები გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაშინგტონი მნიშვნელოვნად აქტიურობს და, შესაბამისად, მისი ჩათრევაც ადვილი შესაძლებელია. როგორც ჩანს, ვაშინგტონში ბევრი ვერ აფასებს ამ საფრთხეს, რაც, თავის მხრივ, ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, ალექსანდრ ვერშბოუს, მოსაზრებაში აშკარად იკითხება: „ბოლოს და ბოლოს, უკრაინელები ომობენ, ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ გადავხედოთ მათ გადაწყვეტილებას“.

კიევის წარმატება ქვეყნის გარედან მიღებულმა დახმარებამ განაპირობა. ამერიკის საგარეო დახმარება ამერიკულ ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული, ვაშინგტონმა კი თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული თითქმის „ერთიანი“ პროქსი ომი სულ უფრო სახიფათო სახეს იღებს. მოკავშირები უკრაინას დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში უნდა დაეხმარონ და არა რუსეთის დამარცხებაში, ყირიმის დაბრუნებაში ან მოსკოვში რეჟიმის შეცვლაში. მოკავშირეთა დახმარება და კიევის მისწრაფებები ზრდის იმის ალბათობას, რომ პუტინმა კიდევ უფრო მეტ რესურსს მოუყაროს თავი, გააძლიეროს თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, კონცეტრაცია მოახდინოს იარაღის გადაცემაზე და განიხილოს ბირთვული ესკალაციის საკითხი, რაც ამერიკის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
შეერთებულმა შტატებმა კიევს, განსაკუთრებით კი ევროპას სამხედრო დახმარება უნდა შეუმციროს. დროა, ევროპელები სერიოზულად მიუდგნენ თავდაცვის საკითხს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ვაშინგტონი მათ სურვილებს აღარ დააკმაყოფილებს. ამერიკელი სამხედროები მთელ მსოფლიოში არიან დისლოცირებული. ევროპელებმა საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოება თავად უნდა უზრუნველყონ და აშშ, სულ მცირე, ერთი ზედმეტი სამხედრო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ.
პოლონეთში მომხდარ სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით ზელენსკის დამოკიდებულება იმის განცდას აძლიერებს, რომ ვაშინგტომა მოქმედების კურსი აუცილებლად უნდა შეცვალოს. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინელი სამხედროების შესაძლო შეცდომა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაეთრია. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება.