პოლიტიკასხვადასხვა

აზერბაიჯანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებებით „იმედგაცრუებულია“

0

ერევანი, მედიამაქსი – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო „იმედგაცრუებულია“ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, იური კიმის, გაჟღერებული განცხადებებით.

„ეს ბრალდებები არ ასახავს რეგიონში არსებული პოსტკონფლიქტური სიტუაციის ამჟამინდელ მდგომარეობასა და რეალობას. იმედგაცრუებული ვართ“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიჰან ჰაჯიზადემ.

სპიკერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებები „სომხეთის დაწყებული ანტიაზერბაიჯანული ცილისმწამებლური კამპანიის ელემენტებს შეიცავს“.

ჰაჯიზადემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება „სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა აისახოს, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც სომხეთი მიზანმიმართულად იყენებს, რათა  აზერბაიჯანის ტერიტორიებზე სეპარატიზმი წაახალისოს“.

„რეინტეგრაციის პროცესი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია“, – განაცხადა ჰაჯიზადემ და საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის შეერთებულ შტატებს, მოუწოდა, „არ აჰყვნენ სომხეთის ცილისწამებლურ კამპანიას და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებიც რეგიონის სტაბილურობას ხელს არ შეუწყობენ“.

იური კიმის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

https://mediamax.am/en/news/foreignpolicy/52508/